ფეხბურთი

21:26 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური მო

„ლივერპულმა“ შინ „ჩელსის“ 2:0 მოუგო და 85 ქულით კვლავ სათავეში მოექცა პრემიერლიგის ცხრილს. თუმცა უშუალო მდევარ „სიტის“ ორი პუნქტით და თამაშით ნაკლები აქვს.

„ენფილდზე“ შეკრებილი 54 ათასი გადარეული ქომაგის თვალწინ, გუნდებმა პირველი ტაიმი ერთობ უფერულად ჩაამთავრეს. დაძაბულობა დიდი იყო, მაგრამ მეტოქეები შეცდომის დაშვებას ერიდებოდნენ და ხეირიანად კარისკენაც არ დაურტყამთ.

მეორე ნახევარი კი მერსისაიდელთა დიდებული ორწუთიანი მონაკვეთით დაიწყო. ჯერ სადიო მანემ გაიტანა თავით ჯორდან ჰენდერსონის ჩინებული გადაცემის შემდეგ. მალევე კი მო სალაჰმა მორიგი შედევრი გამოაცხო - საჯარიმოს გარედან ცხრიანში გაუტანა კეპა არისაბალაგას.

ამან „არისტოკრატები“ ცოტა გამოაფხიზლა. აზარმა ჯერ ძელს მოარტყა ბურთი, შემდეგ კი პირისპირ დარჩენილმა მეკარე ალისონს ვერ აჯობა. თანდათან „ლივერპულმა“ სცენარი უფრო წყნარ კალაპოტში გადაიყვანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მანამდე, „სიტი,“ „კრისტალ პალასს“ 81-ე წუთამდე რაჰიმ სტერლინგის დუბლით კომფორტულად უგებდა. სტერლინგს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში 27 გოლი დაუგროვდა. მერე კი მასპინძლებმა საჯარიმოს უფლება მოიპოვეს და ლუკა მილივოევიჩმა ზუსტად დაარტყა. აი, აქ კი დაიძაბა სიტუაცია. ლონდონელბმა ისევ შეუტიეს და პეპ გვარდიოლა ნერვიულობისგან კინაღამ გაგიჟდა. ერთი, რომ ჩემპიონობის მაძიებელთათვის ყოველი ქულა ახლა უძვირფასესია. მეორეც, „კრისტალ პალასმა“ პირველ წრეში 3:2 დაამარცხა „ქალაქელები“ და რევანშიც პრესტიჟის ამბავი იყო.

მაგრამ ეს დაძაბულობა მხოლოდ ცხრა წუთს გაგრძელდა. ბოლოს შეცვლაზე შესულმა გაბრიელ ჟეზუსმა მესამეც გაიტანა და ყველაფერი ამით დამთავრდა.

„პირველ თამაშში „კრისტალ პალასმა“ სამჯერ დაარტყა ჩვენს კარში და სამივე გაიტანა. ახლა კი ჩვენი ჯერი იყო. ჩემპიონთა ლიგაში მარცხის შემდეგ, მნიშვნელოვანი გახლდათ წარმატებული მატჩის ჩატარება.

ახლა 83 ქულა გვაქვს და ხუთი თამაში დაგვრჩა სეზონის დამთავრებამდე. ვიცით, რომ „ლივერპული“ დარჩენილ მატჩებს მოიგებს, ამიტომ წაფორხილების უფლება არ გვაქვს. ყველაფერი ჩვენს ხელთაა.“ - უთხრა შემდეგ გვარდიოლამ BBC-ის.

მოკლედ, საჩემპიონო რბოლა კულმინაციას აღწევს. ახლა ვნახოთ ტიტულის მაძიებელთა დარჩენილი მატჩები:

„ლივერპული“: „კარდიფი“ (21 აპრილი, სტუმრად), „ჰადერსფილდი“ (26 აპრილი, შინ), „ნიუკასლი“ (5 მაისი, სტუმრად), „ვულვზი“ (12 მაისი, შინ).

„სიტი“: „ტოტენჰემი“ (20 აპრილი, შინ), „მანჩესტერი“ (24 აპრილი, სტუმრად), „ბარნლი“ (28 აპრილი, სტუმრად), „ლესტერი“ (4 მაისი, შინ), „ბრაიტონი“ (12 მაისი, სტუმრად).

ინგლისი

პრემიერლიგა. 34-ე ტური. 14 აპრილი

კრისტალ პალასი - სიტი 1:3

ლონდონი. „სელჰერსტ პარკი.“ 25 721

0:1, 0:2 სტერლინგი (15, 63), 1:2 მილივოევიჩი (81), 1:3 ჟეზუსი (90)

კრისტალ პალასი: გუაიტა, ვან-ბისაკა, კელი, დანი, ვან ანჰოლტი, მილივოევიჩი, მაკარტური (საკო 85), შლუპი (კუიატე 22), თაუნსენდი (მაიერი 77), ზაჰა, ბენტეკე

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

სიტი: ედერსონი, უოკერი, კომპანი, ლაპორტი, მენდი, გიუნდოგანი, დავიდ სილვა (ბერნარდუ სილვა 65), დე ბრუინი, სანე (სტოუნზი 87), სტერლინგი, აგუერო (ჟეზუსი 75)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება არ ყოფილა

ლივერპული - ჩელსი 2:0

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 279

1:0 მანე (51), 2:0 სალაჰი (53)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, კეიტა (ვეინალდუმი 66), ჰენდერსონი (მილნერი 77), მანე, სალაჰი (შაჩირი 89), ფირმინო

მწვრთნელი; იურგენ კლოპი

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, რუდიგერი (კრისტენსენი 40), ლუისი, ემერსონი, კანტე, ჟორჟინიო, ლოფტუს-ჩიკი (ბარკლი 75), ჰადსონ-ოდოი (იგუაინი 56), ვილიანი, აზარი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ასპილიკუეტა (44)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134058