ფეხბურთი

22:00 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის საგა "ინტერიდან" "ბარსელონამდე": "არ დაგავიწყდეს, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ"
იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერით "ინტერმა" მოიგო, "ბარსელონამ" - წააგო

2009 წლის ზაფხული. ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგის მოგება განუზრახავს და ამისთვის „ბარსელონაში“ გადასვლა გადაწყვიტა. ყველაფერი შემდეგნაირად წარიმართა:

- „მივედი მორატისთან და ვუთხარი: აქ საოცარი წლები გავატარე და სიამოვნებით დავრჩებოდი, არ მაინტერესებს თუ „იუნაიტედი“, „არსენალი“ ან სხვები ჩემს შეძენა მოინდომებენ. მაგრამ, თუ „ბარსელონა“ გამოჩნდება...

- მერე?

- მინდა მინიმუმ მოლაპარაკებები დავიწყოთ. არ გეუბნებით, რომ კონკრეტულ თანხად გამყიდოთ, უბრალოდ დამპირდით, რომ მათ გაესაუბრებთ. დავამატე და მორატიმ სათვალეების ქვემოდან გამომხედა.

- კარგი, გპირდები, მიპასუხა.

ეს დიალოგი 2009 წლის ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მასიმო მორატის შორის შედგა, როდესაც შვედი „ბარსელონაში“ გადასვლას გეგმავდა.

მაქსველის შური

ივნისის დასაწყისია, იბრამ „ნერაძურიში“ მესამე სეზონი ჩაამთავრა, ზედიზედ მესამედ მოიგო სკუდეტო, მაგრამ მას მეტი სურდა. შეპყრობილი იყო: ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდოდა. ამისთვის კი „ბარსელონა“ საუკეთესო გზა უნდა ყოფილიყო. მოქმედი ჩემპიონი საუკეთესო ფეხბურთელებით - მესი, ჩავი, ინიესტა, რომელთა დირიჟორიც გენიალური პეპ გვარდიოლა გახლდათ.

სწორედ ამ პერიოდში იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა, მისი კიდევ ერთი კლიენტის, მაქსველის „ბარსელონაში“ ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა. საინტერესო ისაა, რომ ბრაზილიელი მცველიც იმხანად „ინტერის“ ფეხბურთელი და ზლატანის დიდი მეგობარი იყო.

„ის დაძინებას ვერ ახერხებდა. გამუდმებით ტელეფონზე ლაპარაკობდა: ყველაფერი რიგზეა? გადაწყდა? ამბობდა ის და ეს ნერვებს მიშლიდა. ყოველთვის „ბარსაზე“ საუბრობდა. ის თითქმის „ბარსელონაში“ იყო და ამ დროს მე ჩემს მომავალზე არაფერი ვიცოდი. მინოზე გავბრაზდი და დავურეკე: შენ მაქსველის ტრანსფერზე მუშაობ და ჩემთვის კი არა!“

რაიოლას გეგმა

სინამდვილეში კი რაიოლას თავისი გეგმა ჰქონდა არჩეული. ის ლაპორტასთან საუბრობდა, რომელიც იბრასადმი ინტერესს არასდროს მალავდა. შემდეგ მორატისთან და როგორც კი მისგან გზას დაინახავდა, თავის გეგმას ამუშავებდა.

სწორედ ამ დროს ჩიკი ბეგირსტაინი და ჟოან ლაპორტა უკრაინაში იმყოფებოდნენ და სანამ ესპანეთში დაბრუნდებოდნენ, რაიოლამ მათთან დარეკვა მოასწრო:

„შეგიძლიათ გზად მილანში გამოიაროთ, მორატი სახლში იქნება და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დადებითად გადაწყდება“, - უთხრა რაიოლამ ბეგირსტაინს და ისიც დაეთანხმა, - „კარგი, მილანში გამოვივლით“.

ამასობაში, „ინტერი“ ლოს ანჯელესში შეკრებაზე გაემგზავრა და იმედოვნებდა, რომ იბრაჰიმოვიჩის შენარჩუნებას შეძლებდა. კლუბს მისთვის უკვე 10-ნომრიანი მაისურიც ჰქონდა გამზადებული და მოურინიო ახალ სქემას აწყობდა. ზლატანი ფიზიკურად თანაგუნდელებთან ერთად იყო, მაგრამ გონებით - „ბარსელონაში“. 10-ნომრიანი მაისური მას მხოლოდ სათადარიგო სკამზე ემოსა, მექსიკური გუნდის წინააღმდეგ ლოს ანჯელესში. მოურინიო ინფორმირებული იყო მის გაყიდვის შესახებ და არ ათამაშა.

ჟოზეს წინასწარმეტყველება

23 ივლისი, თითქმის ორი თვე მორატისთან საუბრის შემდეგ. იბრამ „ინტერის“ შეკრება დატოვა, მალმეში გაფრინდა, სადაც ოჯახს უნდა შეხვედროდა და „ბარსელონაში“ მისი პრეზნტაცია 27 ივლისს იყო ჩანიშნული, როდესაც „ბარსას“ ლოგოს აკოცა და თქვა: „ამ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინაა. ჩემს ცხოვრებაში მესამე ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემი ორი შვილის დაბადების შემდეგ“.

ტრანსფერის დეტალები ასეთი იყო: იბრაჰიმოვიჩი „ბარსელონაში“, ხოლო „ინტერი“ ამის სანაცვლოდ 46 მილიონ ევროს და კატალონელთა საუკეთესო ბომბარდირს, სამუელ ეტო’ოს მიიღებდა. კამერუნელი „ბლაუგრანაში“ შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ გვარდიოლას არ მოსწონდა და ამიტომ, კლუბი მხოლოდ 20 მილიონ ევროდ შეელია. გამოვიდა, რომ იბრას შეძენა კატალონელებს 66 მილიონი ევრო დაუჯდათ. ეს ერთი მილიონით მეტი იყო, ვიდრე იმავე ზაფხულს მადრიდის „რეალმა“ „მილანს“ რიკარდო კაკას სანაცვლოდ გადაუხადა.

იბრაჰიმოვიჩსა და ჟოზე მოურინიოს შორის ბოლო დიალოგი „ინტერში“ ასეთი იყო:

- იბრა!

- დიახ.

- „ბარსელონაში“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მიდიხარ, მართალია?

- დიახ, შეიძლება ასეც ითქვას.

- კარგი, მაგრამ იცოდე, ჩემპიონთა ლიგას წელს ჩვენ მოვიგებთ, მილანში უნდა ჩამოვიტანოთ, არ დაგავიწყდეს“.

შემდეგ ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ზლატანი „ბარსელონაში“ გადავიდა, „ინტერმა“ სამუელ ეტო’ო და 46 მილიონი მიიღო, რისი საშუალებითაც ვესლი სნეიდერი შეიძინა და იბრასთვის გამზადებული 10-ნომრიანი მაისურიც მას გადასცა.

სეზონის ბოლოს კი მოურინიო მართალი გამოდგა. „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ნახევარფინალში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „ბარსელონა“ დაამარცხა...

სტატისტიკა
0.275845