სხვა

22:30 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მინსკი-2019: სპორტული არენები სრულ მზადყოფნაშია

მეორე ევროპული თამაშების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარის, სპიროს კაპრალოსის განცხადებით, მინსკის სპორტული არენები სრულ მზადყოფნაშია და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შეჯიბრებები მაღალ დონეზე ჩაივლის.

„ამ დღეებში საშუალება მქონდა კიდევ ერთხელ მომენახულებინა მინსკის ძირითადი სპორტული ობიექტები, რომლებიც ახლავე მზად არის თამაშების მისაღებად. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ საუკეთესო სპორტულ ბაზებზე, არამედ - საუკეთესო პერსონალზე, რომელიც აქ იმუშავებს და წარმართავს თამაშების მსვლელობის მთელ პროცესს. ასევე უნდა აღინიშნოს ათლეტების სოფლის შესახებ. სტუდენტების საცხოვრებელი კომპლექსი სერიოზულად განახლდა და დღეს ყველა აუცილებელ მოთხოვნას აკმაყოფილებს. გვჯერა, რომ უძლიერესი ევროპელი სპორტსმენები თამაშებს საუკეთესო სპორტულ ფორმაში შეხვდებიან და მაღალ შედეგებს აჩვენებენ," -აღნიშნა კაპრალოსმა.

მე-2 ევროპული თამაშები ბელორუსის დედაქალაქ მინსკში 2019 წლის 21-30 ივნისს სპორტის 15 სახეობაში ჩატარდება. ესენია: კალათბურთი 3х3, კრივი, ბადმინტონი, ჭიდაობა (თავისუფალი - კაცები, ქალები; ბერძნულ-რომაული), ველოსპორტი (ტრეკი და გზატკეცილი), ტანვარჯიში (სპორტული, მხატვრული, აერობიკა, აკრობატიკა, ბატუტზე ხტომა), კანოე, ძიუდო, კარატე, მძლეოსნობა, სამბო, მშვილდოსნობა, სასროლო სპორტი (ტყვიის სროლა, სასტენდო სროლა), მაგიდის ჩოგბურთი და პლაჟის ფეხბურთი.

50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მედლების 199 კომპლექტისთვის იბრძოლებს 23 სპორტულ დისციპლინაში. მონაწილეთა შორის იქნება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია.

პირველ ევროპულ თამაშებს 2015 წლის 12-28 ივნისს ბაქომ უმასპინძლა. ბაქოში საქართველო წარმოდგენილი იყო 104 სპორტსმენით. ისინი გამოვიდნენ სპორტის 13 სახეობის 17 დისციპლინაში. მედლების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი დელეგაცია ბაქოში საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა - 16 მედალი მოიპოვა (მათ შორის - 2 ოქრო) და ამ ნიშნით 50 ქვეყანას შორის მე-14 შედეგი აჩვენა, ხარისხობრივი მაჩვენებელით კი ჩვენ საბოლოო ცხრილში 21-ე ადგილზე გავედით.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104412