ფეხბურთი

1:32 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისური დუელი ევროპაში ახალ სტადიონზე

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. დღის გამორჩეული დაპირისპირება ლონდონში შედგება, სადაც ინგლისური დერბია ევროპულ ასპარეზზე: „ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“.

ეს გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე (ევროსარბიელზეც) პირველად ხვდებიან ერთმანეთს. ერთია პრემიერლიგური დაპირისპირება და მეორე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი. ასე, რომ საინტერესო 180-წუთიანი დუელი გველოდება, რომლის პირველ ნაწილს დღეს „ტოტენჰემის“ ახალი, ულტრათანამედროვე სტადიონი უმასპინძლებს.

დიახ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა „მამლები“ საშანაო არენაზე ითამაშებენ. „ტოტენჰემ ჰოტსპურ არენაზე“ ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა და მასპინძლებმა მოიგეს. ვნახოთ, როგორი იქნება ათვლის წერტილი ევროპული ყაიდის მატჩებში.

„მანჩესტერ სიტი“ დიდებულ სეზონს ატარებს, შეუძლია სეზონი ოთხი ტიტულით დაასრულოს. ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალშია გასული, პრემიერლიგაში ჩემპიონობისკენ მიიწევს და აგერ, ჩემპიონთა ლიგაზეც ალბათ, მთავარი ფავორიტია. მოკლედ, პეპ გვარდიოლას გუნდს ისტორიის დაწერის დიდებული შანსი აქვს და ამაზე ბოლო ხანებში ესპანელი სპეციალისტიც ამახვილებს ყურადღებას. საერთოდ, „სიტი“ კარგ ფორმაშია და ბოლო დროს პრაქტიკულად ყველა მატჩი მოიგო. რასაც ვერ ვიტყვით „ტოტენჰემზე“, რომელიც პრემიერლიგაში ოთხეულში დასარჩენად იბრძვის და ჯერჯერობით გამოსდის, მაგრამ მაინც არადამაჯერებელია.

დღევანდელ შეხვედრაში მაურისიო პოჩეტინო ერიკ დაიერსა და ერიკ ლამელას მოისაკლისებს, ხოლო სერჟ ორიესა და ფერნანდო ლორენტეს თამაში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა. ტობი ალდერვეირელდსა და ჰონ მინ სონს ფრთხილად თამაში მართებთ, რადგან გაფრთხილების შემთხვევაში საპასუხო მატჩი გაუცდებათ. იგივე საშიშორების წინაშე ლამელაც დგას, მაგრამ დღეს მისი თამაში გამორიცხულია.

თავის მხრივ, „სიტის“ დანაკლისი შედარებით მსუბუქია. გვარდიოლას კლაუდიო ბრავო და ოლექსანდრ ზინჩენკო დააკლდება, ხოლო სერხიო აგუეროს, ფაბიან დელფის, ბენჟამინ მენდისა და კაილ უოლკერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. მომდევნო მატჩის გამოტოვების საფრთხე კი სერხიო აგუეროსა და ნიკოლას ოტამენდის ემუქრებათ.

მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი): „მე და გვარდიოლა ჯერ კიდევ ესპანეთში არაერთხელ შევხედრილვართ ერთმანეთს და ყოველთვის რთული იყო „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში. ჩვენ აგრესიულად ვითამაშებთ და ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. მეოთხედფინალში ვთამაშობთ, ეს ამხანაგური მატჩი არაა. თუმცა, დიდ ფეხბურთელებსა და დიდ გუნდებს სწორედ ასეთი სახის თამაშები უყვართ. ჩვენ ყველანაირი სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ. მოედანზე 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ 11 ფეხბურთელი იქნება და იმედია გამარჯვებას მოვახერხებთ“.

პეპ გვარდიოლა („მანჩესსტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი): „ვიცით, რასაც ვაპირებთ და როგორ ვითამაშოთ. თუ გვინდა პროგრესი, ეს უნდა მოვახერხოთ. როდესაც „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გვიწევს თამაში, მეტოქე ყოველთვის აგრესიულია და ვეცდებით ჩვენც იგივე გავაკეთოთ. კაილ უოლკერი და ბენჟამინ მენდი კარგად არიან და შესაძლოა ითამაშონ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; სისოკო, ალი; ერიკსენი, სონი, ვინკსი; კეინი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; დანილო, სტოუნსი, კომპანი, ლაპორტი; დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; ბერნარდო სილვა, გაბრიელ ჟესუსი, სტერლინგი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

„ჰოტსპური“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად ითამაშებს. „სიტისთვის“ კი ბოლო ოთხ სეზონში მესამე მეოთხედფინალია. „ქალაქელები“ ამ ეტაპზე შარშანაც ინგლისურ გუნდს დაუპირისპირდნენ („ლივერპულს“).

მერვედფინალში ორივე გუნდმა გერმანული ბარიერი დაძლია. „ტოტენჰემმა“ „ორი მატჩის ჯამში „დორტმუნდი“ 4:0, ხოლო „სიტიმ“ „შალკემ“ 10:2 გაანადგურა.

ურთიერთშეხვედრები

„სიტი“ და „ტოტენჰემი“ აქამდე ჯამში 156-ჯერ შეხვედრიან და 61 თამაში „სიტიმ“ მოიგო, 60 – „ტოტენჰემმა“. 35-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა. „სიტის“ უკანასკნელ სამ შეხვედრაში ლონდონური გუნდი დამარცხებული ჰყავს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 29 ოქტომბერს, „უემბლიზე“, რიად მაჰრეზის გოლით მანჩესტერელებმა იმარჯვეს. საპასუხო თამაში კი 20 აპრილს „ეტიჰადზე“ შედგება. ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალიდან სამი დღის შემდეგ.

ევროთასებზე ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

სტატისტიკა

„ტოტენჰემი“

„ტოტენჰემს“ მეოთხედფინალში ორჯერ უთამაშია და ერთხელ იმარჯვა, ერთხელ დამარცხდა.

2011-2012, „რეალი“ (0:4, 0:1)

1961-1962, „დუკლა“ (0:1, 4:1)

ეს იქნება „ტოტენჰემის“ მეოთხე ორმატჩიანი დუელი ევროთასებზე ინგლისურ გუნდებთან. პირველად მსგავსი რამ 1972-1973 წლების სეზონში უეფას თასზე მოხდა. ჯამური სტატისტიკა ასეთია: 1 მოგება, 2 წაგება.

„ტოტენჰემმა“ ევროპული თასი მოიგო, როდესაც გზად ინგლისური გუნდი ჩამოიშორა. 1972 წელს, უეფას თასზე „ვულვზი“ გააგდო (2:1, 1:1).

იქამდე, სანამ „დორტმუნდს“ 3:0 დაამარცხებდა, სახლში პლეი-ოფის სტადიაზე თამაში არ ჰქონდა მოგებული ჩემპიონთა ლიგაზე (1 ფრე, 2 წაგება). და, ხსენებულ სამ თამაშში ერთადერთი გოლი ჰქონდა გატანილი.

მიმდინარე სეზონში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა შინ „ბარსელონასთან“ 2:4 წააგო, პსვ ეინდჰოვენს (2:1), „ინტერსა“ (1:0) და „დორტმუნდს“ (3:0) მოუგო.

„მანჩესტერ სიტი“

„სიტის“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქამდე ორჯერ უთამაშია. ერთხელ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ერთხელ გამოეთიშა.

2017-2018, „ლივერპული“ (0:3, 1:2)

2015-2016, პსჟ (2:2, 1:1 სტუმრად გატანილი გოლით იმარჯვა)

„სიტის“ გზა ევროთასებზე ინგლისურ გუნდებთან ოთხჯერ გადაკვეთილა და ყველა შემთხვევაში დამარცხდა. 12 თვის წინ „ლივერპულთან“ მეოთხედფინალში და გაბრიელ ჟესუსის გოლიც ერთადერთია ინგლისური გუნდების კარში.

მანამდე იყო თასების თასზე „ჩელსისთან“ მარცხი, რომელთანაც შინაც და სტუმრადაც 0:1 წააგო.

„სიტისთვის“ საუკეთესო სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე 2015-2016 წლებში იყო, როდესაც ნახევარფინალს უწია.

„ქალაქელები“ ზედიზედ 6 სეზონია ჯგუფიდან გადიან, მაგრამ მეოთხედფინალში მხოლოდ მესამედ თამაშობენ.

„სიტიმ“ მიმდინარე სეზონში „შახტარი“ 6:0 და „შალკე“ 7:0 დაამარცხა და ეს ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებებია ამ გუნდის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ევროთასებზე ბოლო 13 მატჩიდან 7 მოიგო და 5 წააგო. სტუმრად კი, 6-დან 4 გამარჯვება მოიპოვა (1 ფრე, 1 წაგება). ერთადერთი მარცხი ინგლისში „ლივერპულთან“ განიცადა.

„სიტიმ“ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ოთხივე საგარეო მატჩში მინიმუმ ორი ან მეტი გოლი გაიტანა (3 მოგება, 1 ფრე).

გზაჯვარედინი

პეპ გვარდიოლას მაურისიო პოჩეტინოს წინააღმდეგ 14 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული (8 მოგება, 4 ფრე). ჩამონათვალში შედის ესპანური დაპირისპირებები, „ბარსელონასა“ და „ესპანიოლს“ შორის.

კაილი უოლკერი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი იყო 2011-2017 წლებში და 183 თამაშში 4 გოლიც გაიტანა (პრემიერლიგაში).

კირან ტრიპიერი „სიტის“ აკადემიაში ირიცხებოდა 9 წელი და 2012 წელს „ბარნლიში“ გადავიდა.

უგო ლორისი და ბენჟამინ მენდი საფრანგეთის ნაკრებში 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

ერი დაიერი, დენი როუზი, კირან ტრიპიერი, დელე ალი, ჰარი კეინი და ჯონ სტოუნსი, კაილი უოლკერი, ფაბიან დელფი, რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)

ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი და ვინსენ კომპანი, კევინ დე ბრუინი (ბელგია)

ლუკას მოურა და ედერსონი, დანილო, ფერნანდინიო, გაბრიელ ჟესუსი (ბრაზილია)

პაულო გაძანიგა, ხუან ფოიტი, ერიკ ლამელა და ნიკოლას ოტამენდი, სერხიო აგუერო (არგენტინა)

უგო ლორისი და ბენჟამინ მენდი (საფრანგეთი)

ბოლო პერიოდი

„ტოტენჰემი“

შემდეგი მატჩი ჰონ-მინ სონისთვის ევროთასებზე 50-ე იქნება.

„ტოტენჰემმა“ 3 აპრილს „კრისტალ პალასი" 2:0 დაამარცხა და ეს იყო პირველი თამაში ახალი სტადიონზე. გოლები სონმა და კრისტიან ერიკსენმა გაიტანეს.

ეს იყო მხოლოდ მეორე გამარჯვება ბოლო შვიდ შეხვედრაში (1 ფრე, 4 წაგება).

„მამლებმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 47 თამაშიდან მხოლოდ 4-ჯერ ითამაშეს ფრე (29 მოგება, 14 წაგება).

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ ოთხჯერ შეინახა საკუთარი კარი მშრალად.

სერჟ ორიეს 23 მარტის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც ეროვნულ ნაკრებში ტრავმა მიიღო.

ერიკ ლამელას კი, „დორტმუნდთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია.

„მანჩესტერ სიტი“

აიმერიკ ლაპორტიმ მერვედფინალში ევროთასებზე 50-ე თამაში ჩაატარა.

„სიტის“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 26 გოლი აქვს გატანილი.

„სიტიმ“ ბოლო 23 მატჩიდან ყველა ტურნირის ჩათვლით 21 მოიგო, გაიტანა 72 გოლი და გაუშვა მხოლოდ 11.

ერთადერთი მატჩი, რომელშიც „სიტიმ“ გოლი ვერ გაიტანა, 24 თებერვალს, კარაბაოს თასის ფინალში „ჩელსისთან“ შედგა. თუმცა გვარდიოლას გუნდმა პენალტების სერიაში (4:3) მაინც მოიგო და ტიტული მოიპოვა.

შაბათს „სიტი“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში „ბრაიტონი“ გაბრიელ ჟესუსის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

ინგლისის ჩემპიონს პრემიერლიგაში ბოლო რვა მატჩი მოგებული აქვს.

„სიტიმ“ სტუმრად ბოლო 10 თამაშიდან ყველა ტურნირზე 9 მოიგო. ბოლო 6-დან კი ექვსივეში გამარჯვება იზეიმა.

პპე გვარდიოლას გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული 52 მატჩიდან 10-ჯერ მოახერხა 5 ან მეტი გოლის გატანა.

მიმდინარე სეზონში „სიტი“ საკუთარ მოედანზე შესანიშნავად თამაშობს: 23 მოგება, 2 წაგება. ბოლო 11 თამაში მოიგო, გაიტანა 48 გოლი და გაუშვა მხოლოდ სამი.

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში 9 იანვარს „ბარტონი“ 9:0 გაანადგურა და ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება 1987 წლის შემდეგ, როდესაც „ჰადერსფილდი“ 10:1 დაამარცხა.

„ქალაქელებმა“ ზამთარში სპლიტის „ჰაიდუკიდან“ 18 წლის ანტ პალავესრა გაიფორმეს.

სერხიო აგუერომ ბოლო სამ თამაშში ოთხი გოლი გაიტანა, ხოლო 14 მატჩში 15 გოლი. „ფულჰემთან“ 30 მარტს ტრავმა მიიღო. ასევე დაზიანება აქვს ოლექსნადრ ზინჩენკოს და „ბრაიტონთან“ არცერთს უთამაშია.

ბენჟამინ მენდიმ გასული წლის 14 ნოემბერს ოპერაცია გაიკეთა. „ბრაიტონთან“ კი 79 წუთი ითამაშა.

კლაუდიო ბრავო 20 აგვისტოს შემდეგ ლაზარეთშია.

Loading...
სტატისტიკა
0.228685