ფეხბურთი

0:54 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ქულა ჩემპიონობამდე და ბევრი კითხვის ნიშანი ევროზონაში

„ნაპოლი“ დანებდა. კარლო ანჩელოტის გუნდმა „იუვენტუსთან“ საჩემპიონო რბოლას თავი დაანება და ახლა მთლიანად ევროპა ლიგაზე გადაერთვება. სერია A-ს 31-ე ტრის შემდეგ სხვაობა 20 ქულამდე გაიზარდა და „იუვენტუსს“ ჩემპიონობას არაფერი აშორებს. უფრო სწორად ერთადერთი ქულა (7 ტურში) „იუვეს“ ზედიზედ მერვედ გააჩემპიონებს.

ნეაპოლელებმა „ჯენოას“ უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ გენუელებმა ტაიმზე მეტი დრო კაცნაკლულებმა ითამაშეს, მაინც ვერ დაამარცხა. დრის მერტენსის გოლს დარკო ლაზოვიჩმა ტაიმის ბოლოს უპასუხა და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. ისე, „ნაპოლის“ ეს თამაში რომ წაეგო, „იუვენტუსი“ ავტომატურად ხდებოდა ჩემპიონი, მაგრამ მომავალ შაბათამდე მოუწევს მოცდა.

ახლა იტალიაში ისაა საკითხავი როგორ გადანაწილდება ევროსაგზურები და ვინ გადაურჩება გავარდნას. ჩემპიონთა ლიგის ზონაში ძალზე ჩამოცხა. „მილანი“ ბოლო სამ თამაშში ქულას გამორჩა, მაგრამ მეოთხე ადგილს მაინც ინარჩუნებს. უბრალოდ, „ატალანტა“ გაუთანაბრდა ქულებით, რომელიც სტუმრად „ინტერს“ უგოლოდ დაუზავდა. ადგილობრივ პუბლიკას თამაშისთვის ნაკლებად სცხელოდათ. დაბრუნებულ მაურო იკარდის აგინებდნენ, რომელმაც ცნობილი მოვლენების შემდეგ „სან სიროზე“ პირველად ითამაშა და „ნერაძურის“ ფანებს ეს სულაც არ გახარებიათ. ინტერისტებს მეორე საზრუნავიც ჰქონდათ - მარიო ბალოტელი. „სუპერმარიო“ თამაშს დაესწრო და ფანებმაც მასაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. თვითონ თამაში კი უფერულად წარიმართა და 0:0 სრულიად ლოგიკურიც იყო. „ინტერს“ თავი ქუდში აქვს, მესამე ადგილზე დამაჯერებლადაა.

რომის „ლაციოს“ ჰქონდა ოთხეულთა ძალიან ახლოს მისულიყო, მაგრამ შინ „სასუოლოსთან“ ქულები გაანიავა. ეგ კი არა, მსაჯის მეექვსე დამატებულ წუთზე გადაირჩინა თავი წაგებისგან, თორემ საერთოდ უქულოდ დარჩებოდა.

„კალიარიმ“ უშუალო კონკურენტი „სპალი“ დაამარცხა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ხმამაღალი განცხადება გააკეთა. იგივე ითქმის „უდინეზეზე“, რომელმაც „ემპოლი“ 3:2 დაამარცხა. ტოსკანელთა რიგებს ორთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე, რომელმაც 18 წუთი ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით შეეწია.

„ფროზინონემ“ კი ფლორენციაში „ფიორენტინას“ სძლია და ჯერ კიდევ ინარჩუნებს გადარჩენის შანსს. მართალია, ეს შანსი სხვებთან შედარებით დაბალია, მაგრამ მაინც არსებობს.

31-ე ტური ხვალ, „ბოლონიასა“ და ვერონას „კიევოს“ მატჩით დასრულდება.

„ფიორენტინა“ – „ფროზინონე“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ჩიოფანი (84)

„კალიარი“ – „სპალი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ფარაგო (3), 1:1 ანტენუჩი (18, პენ), 2:1 პავოლეტი (60)

„უდინეზე“ – „ემპოლი“ 3:2 (3:2)

გოლები: 0:1 კაპუტო (11),1:1 დე პაული (15), 1:2 კრუნიჩი (24), 2:2 დე პაული (41, პენ), 3:2 მანდრაგორა (45)

„ინტერი“ – „ატალანტა“ 0:0 (0:0)

„ლაციო“ – „სასუოლო“ 2:2 (0:0)

გოლები: 1:0 იმმობილე (53, პენ), 1:1 როჯერიო (57), 1:2 ბერარდი (89), 2:2 ლულიჩი (90)

„ნაპოლი“ – „ჯენოა“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 მერტენსი (34), 1:1 ლაზოვიჩი (45)

თეგებისერია A
0.118446