ფეხბურთი

12:18 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: იმპერიული "იუვე" საფეხბურთო "ლა სკალაში" (+VIDEO)

დავიწყოთ იქედან, რომ თუ ამ თამაშის გახსენებას გადავწყვეტთ, უკეთესს თარიღს ვერ შევარჩევთ, ვიდრე 6 აპრილია. ორი მიზეზით - დღეს, „იუვენტუსი“ და „მილანი“ ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და მეორეც, ეს თამაში, რომელიც ახლა უნდა გავიხსენოთ, ზუსტად 22 წლის წინ, 1997 წლის 6 აპრილს შედგა.

დაახლოებით იგივე მოცემულობაა, რაც მაშინ, წლების წინ. „იუვენტუსი“ სკუდეტოსკენ თავქუდ მოგლეჯილი მიისწრაფვის, ხოლო „მილანი“ მძიმე დროებას განიცდის. ასე იყო მაშინაც, 1997 წლის 6 აპრილს. ერთადერთი განსხვავებაა, დღეს მატჩს ტურინი უმასპინძლებს, მაშინ მილანმა - უმასპინძლა.

„მილანში“ მეორედ მიბრუნებულ არიგო საკის შავ-წითლებში საქმეები კარგად ვერ მისდიოდა, გუნდი ღრმა კრიზისში იყო და სერია A-ს სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში ყურყუტებდა. „იუვენტუსი“ კი დუბლს უმიზნებდა - სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგას.

„სან სიროზე“ „იუვენტუსმა“ ისტორიული მეტოქე არ დაინდო და საშვილიშვილო სირცხვილი აგემა - 6:1. ვლადიმირ იუგოვიჩმა და ზინედინ ზიდანმა პირველივე ტაიმში გაარკვიეს იმ დღეს უძლიერესის ვინაობა. „იუვემ“ მეორე ტაიმშიც განაგრძო მეტოქის რბევა, მიუხედავად იმისა, რომ სამ დღეში გაცილებით მნიშვნელოვანი თამაში ელოდა. ნაანტრაქტევს იუგოვიჩმა დუბლი გაიფორმა, რასაც ნიკოლა ამორუზოსა და კრისტიან ვიერის დუბლიც მოჰყვა. საპასუხოდ, მასპინძლებმა მხოლოდ ის გაახერხეს, რომ მარკო სიმონემ ანგარიში დაასველა.

მეორე დღეს, Gazzetta Dello Sport-ის პირველ გვერდს ასეთი სათაური ამშვენებდა: "იმპერიული "იუვე", შერცხვენილი "მილანი".

გავა წლები და მრავლის მნახველი, მრავლის მომგები მარჩელო ლიპი, რომლის ოქროს კარიერის ოქრის წლები სწორედ „ბებერ ქალბატონს“ უკავშირდება, იტვყის, რომ ეს თამაში მის ტურინულ კარიერაში ყველაზე კარგად აგონდება:

„ახლა რასაც ვიტყვი მილანისტებს არ მოეწონებათ (ჩაიღიმა მაესტრომ), „იუვენტუსში“ ჩემი საუკეთესო თამაში „მილანთან“ 6:1 გამარჯვება იყო. შესაშნავი საღამო გახლდათ, დაუვიწყარი. შემდეგ წავედით და ამსტერდამში ძლიერი „აიაქსიც“ დავამარცხეთ. ალბათ ეს სამი დღეს ჩემს ტურინულ კარიერაში საუკეთესო იყო“, - იტყვის წლების შემდეგ ლიპი.

„იუვენტუსმა“ მაშინ „მილანი“ გაანადგურა, მერე წავიდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „აიაქსს“ აჯობა (2:1, 9 აპრილს). როგორი დამთხვევაა არა? დღეს, „იუვე“ ისევ „მილანს“ ხვდება, ისევ 6 აპრილს და ამ მატჩის შედეგ ისევ ამსტერდამისკენ აიღებს გეზს. განსხვავება მხოლოდ ორ დეტალშია: ტურინელები ჰოლანდიელებს ამჯერად არა ნახევარფინალში, არამედ მეოთხედფინალში შეხვდებიან და თამაში არა 9 აპრილს, არამედ ერთი დღის შემდეგ, 10 აპრილს შედგება.

ვნახოთ, წლები რომ გავა, როგორ გაიხსენებს მასიმილიანო ალეგრი ამ პერიოდს...

Loading...
სტატისტიკა
0.244044