კალათბურთი

0:05 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის პლეი ოფის საგზური მოიპოვა
ქართველის გუნდის მეტოქე მოსკოვის ცსკა იქნება

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის რეგულარული სეზონის დასკვნით 30-ე ტურში მოსკოვში ცსკა-სთან 78:82 წააგო, თუმცა, პლეი ოფში თამაშის უფლება მაინც მოიპოვა.

ესპანური კლუბი მეტწილად ლიდერის რანგში იყო, მაგრამ დასკვნით მეოთხედში 12:27 განადგურდა და მარცხს ვერ გადაურჩა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა მძიმე ტრავმის შემდეგ ევროლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და 17:55 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
თოკომ 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა მხრიდან 10 და მეტი ქულა ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო. ესენი ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი (17), ფრანგი ვინსენ პუარე (12), დანიის მოქალაქეობის მქონე შევონ შილდსი (12) და გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი (10) იყვნენ.
“ბასკონიამ” რეგულარული სეზონი 15-15 მოგება-წაგებით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ესპანური გუნდი მეოთხედფინალში ისევ ცსკა-ს გაეჯიბრება, რომელიც მე-2 პოზიციაზე გავიდა. დანარჩენი წყვილები ასე დაკომპლექტდა: "ფენერბაჰჩე"-"ჟალგირისი", "რეალი"-"პანათინაიკოსი", "ანადოლუ ეფესი"-"ბარსელონა". სერიები სამ მოგებამდე გაგრძელდება, თამაშები კი 16 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში გახლავთ დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112499