ძიუდო

19:55 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გრან პრი საქართველოს ჰიმნით დაიხურა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე 10 მედალი მოიპოვა და მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში 52 ქვეყნის ნაკრებს შორის მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩა.

სამდღიანი შეჯიბრების დასკვნით დღეს – 31 მარტს საპრიზო სამეულები მამაკაცთა სამ და ქალთა ორ წონით კატეგორიაში შეივსო. საქართველოს სახელით კონკურენციაში 13 ძიუდოისტი ჩაება და მათგან 4 კვარცხლბეკზე ავიდა.

საუკეთესო შედეგი ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) აჩვენა – 25 წლის მძიმეწონოსანმა ფინალის გზაზე ამერიკელი აჯექს ტადეჰირა და ორი თანაგუნდელი: ადამ ოქრუაშვილი და გელა ზაალიშვილი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს აჯობა.

ფინალამდე მივიდა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი პაპუნაშვილიც, მაგრამ უმაღლეს ტიტულამდე ბრაზილიელი ივან სილვა მორალეშის ძლევა დააკლდა. გადამწყვეტ შეხვედრამდე პაპუნაშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და ოთხივე იპონით. მათ შორის ევროპის 2017 წლის ჩემპიონი – სერბი ალექსანდარ კუკოლი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს ტურში შემავალი სუპერტურნირების 8-გზის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი.

ღვინიაშვილმა და ონისე ბუღაძემ (+100 კგ) – ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დღესვე მოირგეს კიმონო, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ), ლაშა ტაველური, გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი (ოთხივე 100 კგ), გელა ზაალიშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

მამაკაცებში, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 44 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით. სამდღიანი შეჯიბრების პირველ ორ დღეს საპრიზო სამეულში 6 ქართველი შევიდა. ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ჩემპიონი გახდა, გიორგი თუთაშვილი (66 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), ვალერი იაშვილი (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) – ბრინჯაოებს.

Loading...
0.161889