ფეხბურთი

11:46 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პროფესიონალიზმი, ვნება, მაგალითი - 15 წამში შექმნილი ისტორიული გოლი (+VIDEO)

ალბათ ყველა გოლი გამორჩეულია, ყველა გოლი დასამახსოვრებელია და ყველა გოლს თავისი ხიბლი აქვს. მაგრამ ორი აზრი არაა - არსებობს გოლები, რომლებიც ისტორიას წერენ და დავიწყებას არასდროს მიეცემა.

შეგვიძლია ასეთ კატეგორიაში შევიყვანოთ 2006 წლის 4 ივლისს, ალესანდრო დელ პიეროს გოლი. ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი, ალექსი იენს ლემანთან პირისპირ, უმეთვალყურეოდ რჩება და გაიტანა. შესრულება, ტექნიკა, ალექსს არ ეშლებოდა და ბუნებრივია დიდად გასაოცარი ამბავი არ მომხდარა.

თუმცა, თუ შეტევას ჩავუღრმავდებით, სხვა სურათს მივიღებთ. ეს ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, დამატებითი დროის ბოლო წუთზე ხდებოდა. დორტმუნდში, გერმანიასთან იტალია ფაბიო გროსოს შედევრალური გოლით ერთი წუთის წინ დაწინაურებულიყო და მასპინძლებს დრო აღარ რჩებოდათ.

120-ე წუთი იწურებოდა ფაბიო კანავარომ გერმანელთა შეტევა საკუთარი საჯარიმოდან თავით რომ მოიგერია. ამ დროს ალექს დელ პიეროც საკუთარ საჯარიმოში იმყოფებოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, მცველებს როგორ დახმარებოდა ანგარიშის შენარჩუნებაში. თუმცა, კანავარომ დიდებულად იმოქმედა, გარდა იმისა, რომ ბურთი საჯარიმოდან გამოიტანა, ბრძოლა გააგრძელა და ფრანჩესკო ტოტის ჩააბარა ბურთი, რომელმაც სწრაფი კონტრშეტევა დაიწყო და წინ ეულად მყოფ ალბერტო ჯილარდინოს უპასა. იტალიელთა ფორვარდმა ძალიან ჭკვიანურად ითამაშა, თანაგუნდელს დაელოდა და ბოლოს იდეალური პასი გააკეთა...

ვინ იყო თანაგუნდელი? ალესანდრო დელ პიერო! ფეხბურთელი, რომელიც შეტევის დასაწყისში მეკარესთან, ჯანლუიჯი ბუფონთან თანაგუნდელთა შორის მარკო მატერაცის შემდეგ ყველაზე ახლოს იდგა. ალექსმა უდიდესი პროფესიონალიზმი და ფეხბურთისადმი ვნება გამოავლინა, თითქმის მთელი მოედანი (საკუთარიდან მეტოქის საჯარიმომდე) უბურთოდ გაირბინა (არ ჰქონდა იმის გარანტია, რომ ბურთს საერთოდ მიიღებდა, მაგრამ მაინც) და ყველაფერს წერტილი ერთადერთი შეხებით დაუსვა. არადა, რამდენი გაჩერდებოდა ასეთ დროს, 120-ე წუთია, შენი გუნდი უკვე წინაა ანგარიშში და გამარჯვებას აღარაფერი აშორებს, ალბათ ძალიან ბევრი...

თუმცა, ლეგენდარული იტალიელი ასე არ მოიქცა და ისტორიული გოლიც გაიტანა. და, ეს ყოველივე სულ რაღაც 15 წამში ჩაეტია. 15 წამი დასჭირდა გოლის შექმნას, რომელიც წესით არავინ უნდა დაივიწყოს. ამ ძალიან მოკლედ დროში ბევრი რამ ჩანს - უდიდესი პროფესიონალიზმი, საკუთარი ქვეყნისა და საქმის სიყვარული, რაც ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია, კონტრშეტევის ნამდვილი ხელონება. მოკლედ, ეს, ისაა, რაზეც მომავალმა თაობებმა უნდა ისწავლონ...

Loading...
0.11273