ძიუდო

18:43 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრან პრი: ჩხვიმიანი ჩემპიონია, თუთაშვილი ვერცხლს დაეუფლა
კვარცხლბეკზე ასვლა პაპინაშვილმა და ნინიაშვილმაც მოახერხეს

თბილისის გრან პრის სასტარტო დღე ხვავრიელი გამოდგა საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრების წევრთათვის. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ.) მოახერხა, გიორგი თუთაშვილმა (66 კგ.) ვერცხლი აიღო, ბრინჯაოს მედლებს კი ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) დაეუფლნენ.

გრან პრის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულმა ჩხვიმიანმა პირველობა არავის დაუთმო და თბილისის გრან პრი კარიერაში მესამედ მოიგო. ლუხუმმა ფინალამდე 3 მეტოქე ჩამოიცილა. ქართველმა ძიუდოისტმა ყაზახ ჟაკსიბეკ ჟენისბეკსა და ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დამატებით დროებში აჯობა, ნახევარფინალში კი მონღოლი ბოლდბაატარ განბატი დააიპონა. გადამწყვეტ შერკინებაში ლუხუმის მეტოქე ფრანგი ვალიდ ხიარი იყო, რომელსაც ჩვენებურმა ვაზარით სძლია.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა ჯაბა პაპინაშვილმა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა მე-3 ადგილისთვის შერკინებაში უკრაინელ არტიომ ლესიუკი დააიპონა. მანამდე, ჯაბასთან კიდევ ერთი უკრაინელი დილშოტ ხალმატოვი ჰანსოკუ-მაკეთი მოხსნეს, მეოთხედფინალში ჩვენებურს ხსენებულმა განბატმა აჯობა “გოლდენ სქორში”, რეპეშაჟში კი, ჩვენებურმა კიტადაი იპონზე დასცა.
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა გიორგი თუთაშვილმა, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ძიუდოისტი გახლდათ, თუმცა, მისთვის პირველივე საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა.
20 წლის თუთაშვილი გასული წლის მიწურულს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილზე გავიდა, დღეს კი, ჩინებული ჭიდაობა შემოგვთავაზა და 4 მოწინააღმდეგის დაჯაბვნის წყალობით, ფინალის საგზური მოიპოვა.
გიორგიმ პორტუგალიელი სერჟიუ ოლეინიკი, აზერბაიჯანელი ილკინ ბაბაზადა და მონღოლი ალტანსუხ დოვდონი ვაზარით დაჯაბნა, ნახევარფინალში კი ინდოელ სინგჰ იასლეენ საინისთან დრამატული ორთაბრძოლა გადაიტანა.
თუთაშვილი აზიელს ვაზარით ამარცხებდა და გამათანაბრებელი ილეთი ზედ ბოლო წამზე გაუშვა, თუმცა, არ გატყდა, დამატებით დროში იაქტიურა და ინდოელი იპონზე დაანარცხა.
ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ისრაელის ნაკრების გამოცდილი წევრი – მსოფლიო რეიტინგის მეექვსეადგილოსანი ტალ ფლიკერი იყო, რომელსაც ზურგს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლები უმაგრებდა. გიორგიმ ამ შემთხვევაშიც ბოლომდე იბრძოლა, თუმცა, ვაზარის გაქვითვა ვერ შესძლო.
ნინიაშვილმა საწყის წრეებში ირლანდიელი ნათონ ბარნსი და რუსი ანზაურ არდანოვი დააიპონა, მეოთხედფინალში კი ხსენებულ საინისთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. რეპეშაჟში ბაგრატმა მონღოლ დოვდონს ვაზარით სძლია, მე-3 ადგილისთვის კი აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰომოვი დიდებულ იპონზე დასცა.
აქვე ვთქვათ, რომ სენსაცია დაფიქსირდა ქალთა 48 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც უმთავრეს ფავორიტად შერაცხულმა უკრაინელმა დარია ბილოდიდმა ფინალში ფრანგ მელანი კლემენტთან ვაზარით წააგო.
შეგახსენებთ, რომ გრან პრის გათამაშება, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი უკვე მეექვსედ მასპინძლობს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქ. 15ა. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ტარდება.
შეჯიბრი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის ჩასათვლელ ქულებს იძლევა. თბილისის გრან პრიზე, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია, 52 ქვეყნის 400-ზე მეტი ძიუდოისტია დარეგისტრირებული.
ხვალ, ვაჟები მედლებს 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაითამაშებენ, გოგონები კი – 63 და 70 კგ-ში. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამზე ფრიდონ გიგანს, ვალერი იაშვილს, გიორგი ჩხეიძეს, ლაშა გიუნაშვილს (ყველა – 73 კგ.), გიორგი კაციაშვილს, ბექა დონღვანს, ტატო გრიგალაშვილს, კობა მჭედლიშვილს (ყველა – 81 კგ.), მზია ბებოშვილსა (63 კგ.) და მარიამ ჭანტურიას (70 კგ.) ვიხილავთ.

Loading...
0.149308