ჩოგბურთი

21:47 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსს (საპრიზო ფონდი 9 314 875 დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა. ჩვენებური 18 წლის კანადელ ტალანტ ფელიქს ოჟიე-ალიასიმს ვერ გაუმკლადა – 6:7 (4:7), 4:6.

სამწუხაროა, თუმცა, ნიკას მარცხი ისევ უნებლიე შეცდომების სიმრავლემ გამოიწვია. პირველ სეტში ის 6:5-ზე აწოდებდა, თუმცა, გეიმში 4 ბურთი თავისი შეცდომების გამო წააგო, ტაი-ბრეიკზე კი მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა.
აღნიშნულმა ბასილაშვილზე დამთრგუნველად იმოქმედა, მე-2 სეტის სტარტზევე 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა და თავიდანვე ბრეიკით ჩამორჩა. ქართველმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა (3:3), მაგრამ მოწოდებაზე კვლავ 2 ორმაგი მიითვალა, კანადელი ისევ წინ გაიჭრა და ეს, უკვე გადამწყვეტი მომენტი გამოდგა.
მატჩი საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და ნიკამ 4 ეისი მოაწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს, შესაბამისად, 13 და 4 მოუგროვდა). ქართველს პირველ მოწოდებაზე მხოლოდ 39%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც ბურთების 68% (17 25-დან) მოიგო, მე-2 მოწოდებაზე კი სათავისოდ გათამაშებების 59% (23 39-დან) დაასრულა.
ბასილაშვილმა 8-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 3-ჯერ დათმო. ჯამში, ქართველმა ჩოგბურთელმა 65 გათამაშება მოიგო, ხოლო კანადელმა – 72.
შეგახსენებთ, რომ მე-17 ნომრად განთესილი ბასილაშვილი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაება, სადაც გერმანელ მიშა ზვერევს 6:3, 6:2 სძლია, შემდეგ კი, ჰოლანდიელ რობინ ჰაასესაც ორ სეტში აჯობა – 7:6 (7:3), 6:3.
დღევანდელი წარუმატებლობის მიუხედავად, ბასილაშვილი ლაივ-რეიტინგში 1930 ქულით მე-17 ადგილზე დამკვიდრდა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

0.11713