ჭადრაკი

17:05 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება

ქართველმა მოჭადრაკე ლევან ფანცულაიამ (2611) მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის 7 ტურის თავზე 5.5 ქულა მოაგროვა და ლიდერებს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება.

საინტერესოა, რომ გასულ ტურში ფანცულაიამ შავი ფიგურებით ტურნირზე მე-3 რეიტინგის მქონე რუს დანიილ დუბოვს (2703) სძლია და მეხუთე-მეთორმერე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეთორმეტეა.
ამ დროისთვის, 6-6 ქულით მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი, 2673), კასპერ პიორუნი (პოლონეთი, 2631), ნილს გრანდელიუსი (შვედეთი, 2694) და ანდრეი ესიპენკო (რუსეთი, 2603) ლიდერობენ.

ევროპირველობაზე მოთამაშე სხვა ქართველი მოჭადრაკეების სატურნირო მდგომარეობა ასეთია: 19. ივან ჩეპარინოვი (2683) – 5.0; 47. დავიდ არუთინიანი (2555) – 4.5; 100. ნიკოლოზ კაჭარავა (2424) – 4.0; 143. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465) – 4.0; 161. გიგა ყუფარაძე (2501) – 3.5; 205. ნოე თუთისანი (2467) – 3.5; 231. ლუკა ობოლაძე (2340) – 3.0; 233. ბაადურ ჯობავა (2622) – 3.0; 235. ლუკა პაიჭაძე (2576) – 3.0;

დღეს, სკოპიეში მე-8 ტურის პარტიები შედგება და ფანცულაია თეთრი ფიგურებითჱესპანელ დავიდ ანტონ გუიხაროს (2643) ეთამაშება, ცენტრალური კი გრანდელიუსი-პიორუნისა და როდშტეინი-ესიპენკოს პარტიები იქნება.
ევროპის რიგით მე-20 ინდივიდუალურ საჭადრაკო ჩემპიონატში ერთმანეთს 42 ქვეყნის 361 მოჭადრაკე უპირისპირდება. ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, ამასთან პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდებიან. ბოლო ტური 30 მარტს გახლავთ დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107383