ჩოგბურთი

0:43 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მერვედფინალშია!
ქართველმა ჩოგბურთელმა რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზე გადაინაცვლა

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის (საპრიზო ფონდი 9 314 875 დოლარი) მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მე-17 ნომრად განთესილი ბასილაშვილი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაება, სადაც გერმანელ მიშა ზვერევს 6:3, 6:2 სძლია, რამდენიმე წუთის წინ კი, ჰოლანდიელ რობინ ჰაასესაც ორ სეტში აჯობა – 7:6 (7:3), 6:3.
მატჩი საათნახევარს გაგრძელდა და ნიკამ 14 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს, შესაბამისად, 7 და 3 მოუგროვდა). ქართველს პირველ მოწოდებაზე 66%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც ბურთების 73% (37 51-დან) მოიგო, მე-2 მოწოდებაზე კი სათავისოდ გათამაშებების 62% (16 26-დან) დაასრულა.
ბასილაშვილმა 7-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო. ჯამში, ქართველმა ჩოგბურთელმა 80 გათამაშება მოიგო, ხოლო გერმანელმა – 67.
ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილს ლაივ-რეიტინგში 1930 ქულა მოუგროვდა და მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.
თუ ვინ იქნება ნიკოლოზის მეტოქე მერვედფინალში, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი კანადელ ფელიქს ოჟიე-ალიასიმს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113595