სხვა

18:40 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოსულიშვილმა ფინალში ისროლა

ხორვატულ ოსიეკში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე აკაკი მოსულიშვილი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ფინალში გავიდა. თანაც, პირადი რეკორდით - საკვალიფიკაციო ეტაპზე 574 ქულა დააგროვა, რაც მეექვსე შედეგი აღმოჩნდა. ცალკეულ სერიებში მან 96, 96, 96, 95, 95 და 96 ქულა დააგროვა.

აქამდე მოსულიშვილის საუკეთესო მაჩვენებელი 572 ქულა იყო, რაც თებერვალში, საფრანგეთის „დიდ პრიზზე“ დაამყარა. სამაგიეროდ, ცალკეულ სერიებში გუშინ, შერეულ წყვილებში ასპარეზობისას უფრო უკეთ ისროლა, თუმცა დღეს არათუ პროგრამა-მინიმუმი შეასრულა, ცოტა მეტიც შეძლო - გავიდა ფინალში და გააუმჯობესა პირადი შედეგი.
ფინალში ასევე შევიდნენ გერმანელი რობინ ვალტერი (581 ქულა), უკრაინელი იჰორ სოლოვეი (577), რუსი ანტონ არისტარკოვი (576), ბულგარელი კირილ კიროვი და ბელარუსი აბდულ-აზიზ კურდძი (575-575), რუსი ანდრეი ჩილიკოვი (573) და სომეხი ზავენ იგიტიანი (572).

რაც შეეხება ფინალს, იქ მოსულიშვილმა 137.3 ქულით გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაამთავრა. ევროპის ჩემპიონი არისტარკოვი გახდა 236.5 ქულით. მეორეზე კურდძი გავიდა 235.8-ით, ბრინჯაო კი გერმანელ რობინ ვალტერს დარჩა - 216.1 ქულა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდები გამოდიან პირად პირველობაში. ოდნავ მოგვიანებით ასპარეზობაში გოგოებიც ჩაებმებიან, სადაც საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი - ნინო ხუციბერიძე, ლიზი კილაძე და მარიამ ქობულაშვილი იასპარეზებს.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11333