სხვა

14:07 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა
ტოჩინოშინს მიზნამდე 2 მოგება აშორებს

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მე-6 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად, დარჩენილი 6 შერკინებიდან ორის მოგებაც ეყოფა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი ჰარუ ბაშოს კადობანში შეხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფითი ბალანსის (მაკე-კოში) შემთხვევაში, ოძეკის წოდების დაკარგვა ელის, თუმცა, ჩვენებურის წარმატებული გარჯა იმედიანად განგვაწყობს. მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინს ტრავმა არ მოუშუშებია, დოჰიოზე ყოჩაღად გამოიყურება და უმთავრეს მიზანთან უკვე ძალიან ახლოსაა.
ლევანმა მორიგი რთული ორთაბრძოლა დასავლეთის მე-3 მაეგაშირა შოდაისთან გადაიტანა, რომელსაც ოსაკაში ყველა შეხვედრა წაგებული ჰქონდა, თუმცა, ქართველთან ძალიან მოინდომა. იაპონელმა სუმოისტმა გორგაძის მოროძასიში შესვლა მოახერხა, მაგრამ ტოჩინოშინმა მარცხენამხრიანი დგომა ჰიდარი-უვატე შეინარჩუნა და მოწინააღმდეგე უვატენაგეთი დაჯაბნა.
ახლა, ქართველ ოძეკის 6 მოგება და 3 მარცხი აქვს, მომდევნო შერკინება კი ხვალ, დასავლეთის პირველ ოძეკ გოეიდოსთან ელის. ამ უკანასკნელმა მარტის სუპერტურნირი 5 მოგებით გახსნა, თუმცა, ბოლო ოთხ დღეს 2-ჯერ დამარცხა და ლიდერთა ჯგუფს დაშორდა. ჩვენებური მას 26-ჯერ შეხვედრია და ზურგს 10 მოგება უმაგრებს.
ამ დროისთვის, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მიჯრით მე-9 გამარჯვება კომუსუბი მიტაკეუმისთან გაიფორმა. “თეთრ ფენიქსს” თითო მოგებით ჩამორჩებიან და “იმპერატორის თასის” მოგების შანსს ინარჩუნებენ იოკოძუნა კაკურიუ, ოძეკი ტაკაიასუ და რიგითი მაეგაშირები – იჩინოჯო და აოიამა.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დადებით ბალანსზე გავიდა თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელიც ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით ირჯება. ქართველმა გოლიათმა 4 მარცხის წილ მე-5 მოგება (ჰატაკიკომით) აღმოსავლეთისვე მე-13 რეიტინგოსან ტაკანოშოსთან იზეიმა. შეჯიბრის მე-10 დღეს ჩვენებურის მეტოქე ასევე 5 გამარჯვების მქონე ამინიშიკი (დასავლეთის მე-11 ნომერი) იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ჯუღელი 4:6 მარცხდება.

Loading...
0.108982