ფეხბურთი

22:20 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონური რევანში

სამიოდ კვირის წინ საქართველოს სუპერთასისთვის დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელმა „ტორპედომ“ „საბურთალო“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. იმ თამაშს თუ გავიხსენებთ და მხოლოდ ანგარიშს არ დავხედავთ, ქუთათურთა უპირატესობა დიდი იყო და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა - კითხვის ნიშნების გარეშე.

ამჯერად, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩი „მიხეილ მესხზე“ სწორედ ამ გუნდებს შორის შედგა. "საბურთალოს" რევანშის შანსი მიეცა და ბრწყინვალედ გამოიყენა. საქართველოს სუპერთსის მატჩისგან განსხვავებით, რადიკალურად განსხვავებული სცენარი ვიხილეთ. მოქმედმა ჩემპიონმა „ტორპედო“ ძალიან დაჯაბნა და საწყის 25 წუთში გადაწყვიტა მატჩის ბედი.

ჯერ იყო და როინ კვასხვაძე უხეშად შეცდა, ბურთი ცუდად ამოიტანა საკუთარი კარიდან. შედეგად, მისი უხეირო გადაცემა შინდაგორიძემ ჩაჭრა და ცარიელი კარის წინ მდგომა გიორგი დიასამიძეს უპასა, რომელმაც ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების მეკარე შეცდა, მაგრამ ეს შეცდომა თბილისელთა იდეალურ პრესინგს მოჰყვა და ეს უნდა ითქვას. მალევე, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სხვაობა გაზარდა. ამჯერადაც შინდაგორიძე იყო მთავარ როლში, რომელმაც თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია - 2:0.

მიუხედავად სოლიდური უპირატესობისა, ჩემპიონი ამას არ დასჯერდა. 26-ე წუთზე მესამეც გაიტანა. სწრაფი კონტრშეტევა მარცხენა ფლანგზე შინდაგორიძემ განავითარა, საჯარიმოში ჩააწოდა და იქ, მცველის უხეიროდ მოგიერი ებული ბურთი დიასამიძემ მარტივად გადაგზავნა კარში და დუბლი გაიფორმა - 3:0.

65 წუთი რჩებოდა მატჩის დამთავრებამდე, მაგრამ „ტორპედომ“ ვითარების შეცვლა კი არა, პრესტიჟის გოლიც ვერ გაიტანა. კახა ჩხეტიანის გუნდმა ხანგრძლივი წაუგებელი სერია წინა ტურში დაასრულა და ახლა მიჯრით მეორედ დამარცხდა. „საბურთალოს“ კი საჩემპიონო სტარტი აქვს - 4 თამაში, 12 ქულა და პირველი ადგილი.

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 3:0 (3:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

„საბურთალო“ (4-2-3-1): მიგინეიშვილი; ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი; ალთუნაშვილი, გორგიაშვილი; შინდაგორიძე (ვაგნერი 67), დიასამიძე (ტერა 76), კოხრეიძე (ანტე გი 73); როლოვიჩი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„ტორპედო“ (4-2-3-1): კვასხვაძე; გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, სტიეპოვიჩი (დოლიძე 59); გიგაური, ცინცაძე; ქავთარაძე (ლუკა 73), ჩაჩუა (კაპანაძე 46), ქიმაძე; ზივზივაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 1:0 დიასამიძე (10), 2:0 შინდაგორიძე (16, პენ), 3:0 დიასამიძე (26)

გაფრთხილება: დიასამიძე (38), როლოვიჩი (42), კაკუბავა (54) - გეგეჭკორი (56), ცინცაძე (67), კობახიძე (86)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154227