სხვა

13:27 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა “იმპერატორის თასის” მფლობელი დაამარცხა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოს მე-6 დღეს მე-4 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსი გაიმყარა.

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მორიგ ტურში აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის წოდების მქონე ქართველი სეკიტორი აღმოსავლეთის პირველ კომუსუბი მიტაკეუმის გადაეყარა და დამაჯერებლად – წამებში განხორციელებული უვატენაგეთი დაჯაბნა.
ტოჩინოშინმა გასული წლის ივლისის ბაშოს ტრიუმფატორს (მაშინ იაპონელმა “იმპერატორის თასი“ კარიერაში პირველად და ჯერჯერობით, უკანასკნელად შემართა) სასტარტო შეჯახებისას არაფერი დაუთმო, შემდეგ კი, საჭირო ჟამს გამოეცალა და იაპონელი სუმოისტი დოჰიოზე დაენარცხა.
შეგახსენებთ, რომ გორგაძე კადობანში გახლავთ ჩაყენებული და ოძეკის პრესტიჟული ტიტულის შესანარჩუნებლად უცილობლად კაჩი-კოშის დაფიქსირება სჭირდება, ამდენად, დღევანდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მარტის სუპერტურნირის მე-7 დღეს ლევანის პირისპირ დასავლეთის პირველი მაეგაშირა ენდო დადგება, რომელსაც ოსაკაში მხოლოდ 1 ბრძოლა აქვს მოგებული, ჩვენებური კი მას ურთიერთშეხვედრებში 5:3-ს უგებს.
ამასობაში, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში პირველად წაიფორხილა ოძეკი გოეიდომ და დაუმარცხებელნი მხოლოდ ორნი დარჩნენ: იოკოძუნა ჰაკუჰო და დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იჩინოჯო.
სამწუხაროდ, კარგად არ მიდის საქმეები გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით ირჯება.
დღეს, ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-5 რეიტინგოსან დაიშომარუსთან ცუკიოტოშითჱწააგო და ექვს შეხვედრაში 4 მარცხი მოუგროვდა.
გაგამარუ სიტუაციის გამოსწორებას 16 მარტს ეცდება, როდესაც მეტოქედ დასავლეთის მე-10 ნომერი ვაკამოტოჰარუ ეყოლება. თეიმურაზს ის ერთხელ უკვე დაჯაბნილი ჰყავს.

Loading...
0.13234