ფეხბურთი

19:10 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერის კოშმარი - ვირჯილ ვან დეიკი

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას უფერულად და უბრძოლველად, მისთვის უჩვეულო სტილში გამოეთიშა. „რეკორდმაისტერის“ კაპიტან მანუელ ნოიერს კარიერაში საუკეთესო საღამო ნამდვილად არ ჰქონია.

განსაკუთრებით, პირველი გოლია გამოსარჩევი, როდესაც ნოიერი კარიდან დაუფიქრებლად, უდროოდ და შეცდომით გამოვიდა. მერე, ვირჯილ ვან დეიკმაც გაუტანა. ვან დეიკი ნოიერისთვის ბოლო პერიოდში ნამდვილ კოშმარად იქცა. თავად განსაჯეთ, უკანასკნელ ხუთ თვეში „ლივერპულის“ მცველმა გერმანელი მეკარის კარი მესამედ აიღო.

პირველად 13 ოქტომბერს, ერთა ლიგაზე ჰოლანდიისა და გერმანიის მატჩში (3:0) ანგარიში გახსნა. მერე, ერთი თვის თავზე იმავე გუნდების საპასუხო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში (2:2) დააფიქსირა, ხოლო ახლა საკლუბო დონეზეც შეძლო მანუელის დამწუხრება.

საინტერესოა, რომ 27 წლის ჰოლანდიელს ჩემპიონთა ლიგაზე (თუ საკვალიფიკაციო ეტაპს არ ჩავთვლით) 1 გოლი აქვს გატანილი და სწორედ ნოიერის კარში. სანაკრებო დონეზე კი თავი სამჯერ გამოიჩინა და ორჯერ გერმანიის ნაკრების კიპერის კარი აიღო (ერთიც პორტუგალიას სპარინგში გაუტანა).

მოკლედ, ვირჯილ ვან დეიკი ნოიერს სადაც გადაეყარა, მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია. ცნობისთვის, „ენფილდური“ დაპირისპირება „წითლების“ ლიდერმა ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.

Loading...
სტატისტიკა
0.261487