სხვა

16:12 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მორის ყვითელაშვილი წარადგენს

18-24 მარტს იაპონიის ქალაქი საიტამა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 44 ქვეყნის 167 სპორტსმენი მიიღებს. მათ შორის: 35 ვაჟთა ერთეულთა თანრიგში, 40 გოგონების კატეგორიაში, 19 სპორტული და 27 მოცეკვავე წყვილი.

ტურნირზე საქართველოს სახელით მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს, რომელიც 21 მარტს მოკლე პროგრამას წარადგენს, წარმატების შემთხვევაში კი, 23-ში თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება ექნება.
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ოლიმპიური ციკლის პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრია, სადაც 2022 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ფავორიტთა ნუსხა გამოიკვეთება.
საიტამაში დაგეგმილ შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, ბოლო წლების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები.
ცნობისთვის, იაპონური ქალაქი პლანეტის საუკეთესო მოციგურავეებს 2014 წლის შემდეგ მეორედ უმასპინძლებს.
საინტერესოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟთა ასპარეზობას იმსაჯებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.
ვთქვათ ისიც, რომ მომავალი ტურნირის დღეებში საერთაშორისო ციგურაობის გაერთიანების წევრი ფედერაციების კონფერენცია ჩატარდება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანიც მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114531