სხვა

13:40 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს ძალიან უჭირს
გაგამარუმ ნავსი გატეხა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის მე-3 დღეს მეორედ დამარცხდა და უარყოფით ბალანსზე გავიდა. ეს, განსაკუთრებით სახიფათოა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენებური კადობანში გახლავთ ჩაყენებული და მაკე-კოშის დაფიქსირების შემთხვევაში, ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს დაემშვიდობება.

ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე კომუსუბი ჰოკუტოფუჯი იყო, რომელმაც ქართველ ფალავანი დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა. ამჯერადაც, ნათლად გამოჩნდა, რომ გორგაძე ჰარუ ბაშოზე სრული დატვირთვით ვერ ირჯება და სწორედ იმ კომპონენტში ანუ ძალისმიერ შერკინებაში იჩაგრება, რაც ყოველთვის მისი ძლიერი მხარე იყო.

ქართველი სეკიტორი მდგომარეობის გამოსწორებას შეჯიბრის მე-4 დღეს ეცდება, როდესაც მის პირისპირ აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგი დადგება. ეს უკანასკნელი ასევე ვერ ყოჩაღობს და ოსაკაში ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია, ამასთან, ტოჩინოშინი მას ურთიერთშეხვედრებში 3:2-ს უგებს.

ამ დროისთვის, მაქსიმალური შედეგით ჰარუ ბაშოს 7 მონაწილე ლიდერობს, რომელთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი გოეიდოც არიან.

რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში პირველი გამარჯვება იზეიმა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. აღმოსავლეთის მე-8 განთესვის მქონე ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-6 ნომერი ცურუგიშო ჰატაკიკომით დაჯაბნა, ხვალ კი, ძალებს აღმოსავლეთის მე-5 რეიტინგოსან ვაკატაკაკაგესთან მოსინჯავს, რომელთანაც თანაბარი ბალანსი (1:1) აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123131