ფეხბურთი

2:37 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ქამ-ბექისთვის ემზადება, "ატლეტიკო" ანგარიშის დასაცავად

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გრძელდება. დღეს მორიგი ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს, ერთ-ერთი კი ტურინში, სადაც „იუვენტუსი“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

ტურინელები თავიდან ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ მადრიდულმა მატჩმა ყველაფერი სხვაგვარად წარმოაჩინა. „ატლეტიკომ“ ხოსე ხიმენესისა და დიეგო გოდინის გოლებით იმარჯვა და იტალიაში ჩინებული უპირატესობით ჩავიდა. მიუხედავად ამისა, დიეგო სიმეონე შეგირდებს ყურადღებით თამაშისკენ და ბრძოლისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, მასიმილიანო ალეგრიც არ მიიჩნევს, რომ მის გუნდს შანსი აღარ აქვს - პირიქით.

დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. „იუვენტუსს“ ტრავმების გამო დუგლას კოშტა, ანდრეა ბარძალი, მატია დე შილიო, სამი ხედირა, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ალექს სანდრო დააკლდება. დიეგო სიმეონეს კი დისკვალიფიკაციის გამო დიეგო კოშტასა და ტომას პარტეის, ხოლო ტრავმების გამო ფილიპე ლუისისა და ლუკას ერნანდესის იმედი ვერ ექნება.

ცნობისთვის, ევროთასების პლეი-ოფში ანალოგიური ანგარიში, 2:0 აქამდე 186-ჯერ დაფიქსირებულა და 157-ჯერ (84.4%) შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც პირველი თამაში სახლში მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრის მასპინძელმა ქამ-ბექი 29-ჯერ (15.6%) მოახერხა.

მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენი შანსის გვწამს. ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, რომ მოედანი სინანულის გარეშე დავტოვოთ. ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და შეცდომები არ დავუშვათ. დიდი თამაში იქნება და ამისთვის მზად ვართ. რიტმში და აგრესიულად უნდა ვითამაშოთ. რონალდუ? მას ასეთი ტიპის თამაშებში ბევრი გოლი გააქვს და რა თქმა უნდა, მისგან ბევრს ველოდებით“.

დიეგო სიმეონე („ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი): „ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირება იქნება. „იუვე“ ძლიერი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელებით, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. საპასუხო თამაში პირველისგან რადიკალურად განსხვავდება. პატარა დეტალებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელმაც შესაძლოა შედეგზე გავლენა იქონიოს. სწორედ ამიტომაა ფეხბურთი ფანტასტიკური“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; კასერესი, ბონუჩი, კიელინი; ბერნარდესკი, ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი, კანსელუ; მანჯუკიჩი, რონალდუ

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, ხიმენესი, გოდინი, ხუანფრანი; კოკე, როდრი, საულ ნიგეზი, ლემარი; გრიზმანი, მორატა

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

„ატლეტიკომ“ 2014 და 2016 წლებში „რეალთან“ წააგო ფინალები, ხოლო „იუვენტუსმა“ 2015 წელს „ბარსელონასთან“, ხოლო 2017 წელს „რეალთან“.

„როხიბლანკომ“ A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო „იუვენტუსმა“ H ჯგუფში იპირველა.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები აქამდე სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 2014-2015 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მადრიდში მასპინძლებმა არდა თურანის გოლით მოიგეს. იმ დღეს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მარიო მანჯუკიჩმა ითამაშა, რომელიც დღეს ტურინელთა ღირსებას იცავს. მოედანზე იყვნენ დიეგო გოდინი, საულ ნიგესი, ანტუან გრიზმანი, ხუანფრანი, ხოლო იან ობლაკი და ხოსე მარია ხიმენესი სათადარიგო სკამზე დარჩნენ. „იუვეს“ მხრიდან ჯორჯო კიელინიმ და ლეონარდო ბონუჩიმ ითამაშეს.

ტურინში მეორე მატჩი 0:0 დასრულდა, საბოლოოდ ჯგუფში პირველ ადგილზე „ატლეტიკო“ გავიდა, ხოლო „იუვენტუსი“ - მეორეზე. სამი კვირის წინ კი, ისევ მადრიდელებმა მოიგეს (2:0). სხვათა შორის, „ატლეტიკო“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ ორჯერ შეხვდა და გოლიც ვერ გაუტანა. ამ შემთხვევაში სტატისტიკა კიდევ უფრო უარყოფითია იტალიელთათვის - სამი უგოლო თამაში.

სტატისტიკა

„იუვენტუსი“

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეათედ თამაშობს. წინა 9 შემთხვევიდა 6-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო სამჯერ ტურნირს გამოეთიშა. ბოლო ორ სეზონში ეს ბარიერი დაძლია, შარშან კი „ტოტენჰემი“ დაამარცხა (2:2, 2:1).

„იუვენტუსის“ ბალანსი პლეი-ოფში ესპანურ გუნდებთან ასეთია: 9 მოგება, 7 წაგება. შარშან „რეალთან“ მეოთხედფინალში დამარცხდა (0:3, 3:1).

„იუვენტუსმა“ ჯგუფურ ეტაპზე შინ „იანგ ბოიზი“ (3:0) და „ვალენსია“ (1:0) დაამარცხა, ხოლო „მანჩესტერთან“ (1:2) წააგო.

გასულ სეზონში „რეალთან“ წაგებამდე, „იუვეს“ შინ ევროთასებზე მიჯრით 27 თამაშში დაუმარცხებელი იყო (16 მოგება, 11 ფრე). ბოლო წაგებამ მანამდე, 2013 წელს „ბაიერნთან“ ჰქონდა განცდილი. ხოლო, ბოლო 36 საშინაო მატჩიდან ევროთასებზე მხოლოდ სამი აქვს წაგებული (21 მოგება, 12 ფრე).

„ბაიერნთან“ და „რეალთან“ წაგებები ერთადერთია უეფას ტურნირების პლეი-ოფში ოლო 26 საშინაო მატჩიდან (15 მოგება, 9 ფრე).

„ვალენსიასთან“ ორი მოგების შემდეგ „იუვეს“ ესპანურ გუნდებთან მიჯრით სამი გამარჯვება დაუგროვდა, სანამ მადრიდში წააგებდა. „ბაინაკონერიმ“ საკუთარ მოედანზე ესპანური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 11 მატჩიდან ერთადერთხელ წააგო (6 მოგება, 4 ფრე).

„იუვენტუსმა“ 1985 და 1996 წელს ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ფინალში ცხრაჯერ აქვს ნათამაშები და აქედან 7 წააგო, რაც ტურნირის ანტირეკორდია.

„იუვენტუსმა“ უეფას ტურნირების პლეი-ოფში 32 შემთხვევიდა 14-ჯერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პიველი თამაში სტუმრად წააგო. ბოლოს 2013-2014 წლების სეზონში „ბენფიკასთან“ ნახევარფინალში სტუმრად 1:2 წააგო, მაგრამ შინ 0:0 ითამაშა და ტურნირს გამოეთიშა. ბოლო შემთხვევა კი, როდესაც პირველი თამაში სტუმრად 0:2 წააგო, 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაფიქსირდა „ბაიერნთან“ და ტურინელები მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდნენ, რადგან შინაც 0:2 წააგეს.

„იუვენტუსი“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 3 წაგება

2002-2003 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „მილანი“ (2:3)

1995-1996 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „აიაქსი“ (4:2)

1986-1987 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის მეორე ეტაპი: „რეალი“ (1:3)

1985 წელი, საკონტინტენთაშორისო თასი: „არხენტინოს ხუნიორსი“ (4:2)

1980-1981 წლების სეზონი, უეფას თასის მეორე ეტაპი: „ვიძევი“ (1:4)

1977-1978 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი: „აიაქსი“ (3:0)

„ატლეტიკო“

დიეგო სიმეონეს გუნდი ბოლო 6 სეზონის განმავლობაში მერვედფინალში მეხუთედ გავიდა. 2017-2018 წლების სეზონში „ატლეტიკო“ ჯგუფში ჩარჩა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, რომლის გამარჯვებულიც გახდა.

ესპანურმა გუნდმა ეს ბარიერი ოთხჯერ გადალახა, მხოლოდ პირველ ჯერზე 2008-2009 წლების სეზონში ვერ დაძლია „პორტუს“ ბარიერი.

„ატლეტიკო“ პლეი-ოფში იტალიურ გუნდებს რვაჯერ დაუპირისპირდა. ოთხჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო ოთხჯერ ტურნირს გამოეთიშა. ბოლოს „მილანი“ დაამარცხა 2013-2014 წლების სეზონში ორი მატჩის ჯამში 5:1 (1:0, 4:1).

„როხიბლანკოს“ ბოლო 10 მატჩი (სახლში და სტუმრად) იტალიურ გუნდებთან არ წაუგია (8 მოგება, 2 ფრე). უკანასკნელი მარცხი 2011-2012 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც „უდინეზესთან“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 0:2 წააგო.

მიმდინარე სეზონში „ატლეტიკომ“ სტუმრად „დორტმუნდთან“ 0:4 წააგო, „მონაკო“ 2:1 დაამარცხა, ხოლო „ბრიუგეს“ დაუზავდა (0:0).

„ატლეტიკოს“ სტუმრად ევროთასებზე ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული, მაგრამ გამარჯვება ოდენ სამჯერ მოახერხა.

„როხიბლანკო“ იტალიაში ზედიზედ 4 თამაშია არ დამარცხებულა. ბოლო ორი თამაში კი უგოლო ფრით დასრულდა, 2014 წელს „იუვენტუსთან“ და შარშან „რომასთან“. 2016 წელს კი, მილანში ჩემპიონთა ლიგის ფინალი „რეალთან“ პენალტების სერიაში წააგო.

„ატლეტიკომ“ 37 შემთხვევიდან 30-ჯერ შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა, როდესაც ევროთასების პლეი-ოფის პირველი მატჩი შინ მოიგო. მათ შორის, ბოლო 19 ზედიზედ. ბოლოს მსგავსი რამ გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე „სპორტინგთან“ მოხდა, რომელსაც შინ 2:0 აჯობა, ხოლო სტუმრად 0:1 წააგო. როდესაც 2:0 მოიგო საკუთარ მოედანზე, 5 შემთხვევიდან შემდეგ ეტაპზე ხუთჯერვე გავიდა.

„როხიბლანკომ“ მიმდინარე სეზონში ტიტული უკვე მოიგო - ევროპის სუპერთასზე „რეალი“ 4:2 დაამარცხა.

„ატლეტიკომ“ ბოლო 9 სეზონში ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგისა და სამჯერ ევროპა ლიგის ფინალში გასვლა.

„ატლეტიკო“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 4 წაგება

2015-2016 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „რეალი“ (3:5)

2015-2016 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი: პსვ ეინდჰოვენი (8:7)

2014-2015 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი: „ლევერკუზენი“ (3:2)

2004 წელი, ინტერტოტოს თასის ფინალი: „ვილიარეალი“ (1:3)

1989-1990 წლების სეზონი, უეფას თასის პირველი ეტაპი: „ფიორენტინა“ (1:3)

1974-1975 წლების სეზონი, უეფას თასის მეორე ეტაპი: „დერბი ქაუნთი“ (6:7)

გზაჯვარედინი

დიეგო სიმეონე იტალიაში „პიზას“, „ინტერისა“ და „ლაციოს“ რიგებში თამაშობდა. 2002 წლის მაისში რომაელთა მაისურით „იუვენტუსის“ კონკურენტ „ინტერს“ გაუტანა და ტურინელებს ეს გოლი ჩემპიონობაში დაეხმარა.

მარიო მანჯუკიჩი „ატლეტიკოდან“ „იუვენტუსში“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა. ესპანეთის ჩემპიონატში ხორვატმა 28 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

„ატლეტიკომ“ იანვარში ალვარო მორატა შეიძინა, რომელიც 2014-2016 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა. ესპანელს შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 93 შეხვედრაში 27 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის, 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ორვე ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩში.

კრიშტიანუ რონალდუ „რეალში“ 2009-2018 წლებში თამაშობდა და ესპანეთის ჩემპიონატის 292 მატჩში 311 გოლი აქვს გატანილი. ოთხჯერ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2014 წელს ფინალში „ატლეტიკოსთან“ გოლი გაიტანა (პენალტი), ხოლო 2017 წელს ნახევარფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა მადრიდელთა წინააღმდეგ. მთლიანობაში კრიშტიანუს „ატლეტიკოსთან“ 31-ჯერ უთამაშია და 22 გოლი გაუტანა (14 მოგება, 9 ფრე, 8 წაგება).

სამი ხედირა 2010-2015 წლებში „რეალში“ თამაშობდა და 2014 წელს „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიმარჯვა.

ადანს 2014 წელს „კალიარის“ რიგებში ორი თამაში აქვს ჩატარებული. ერთ-ერთი „იუვენტუსთან“ და მისმა გუნდმა 1:4 წააგო.

„ბენფიკას“ რიგებში იან ობლაკმა 2013-2014 წლების სეზონში ევროპა ლიგის ფინალი „იუვენტუს სთედიუმზე“ წააგო. იქამდე კი ნახევარფინალში სწორედ „იუვენტუსი“ დაამარცხა (2:1 ორი მატჩის ჯამში).

ანტუან გრიზმანმა, ლუკას ერნანდესმა, ტომას ლემარმა და ბლეზ მატუიდიმ 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს. გრიზმანმა ფინალში მანჯუკიჩის ხორვატიას პენალტი გაუტანა, თუმცა იმ მატჩში გოლი მარიომაც გაიტანა.

იტალიის ნაკრების მაისურით ლეონარდო ბონუჩიმ, ანდრეა ბარძალიმ, მატია დე შილიომ და ჯორჯო კიელინიმ 2016 წელს მერვედფინალში ხუანფრანის ესპანეთი დაამარცხა. ფედერიკო ბერნარდესკი და კოკე კი სათადარიგო სკამზე დარჩნენ.

ესპანეთში უთამაშიათ:

სამი ხედირა („რეალი“ 2010-2015)

ჟოაუ კანსელუ („ვალენსია“ 2014-2018)

მარტინ კასერესი („უელვა“ 2007-2008, „ბარსელონა“ 2008-2009, „სევილია“ 2010-2012).

კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“ 2009-2018)

მარო მანჯუკიჩი („ატლეტიკო“ 2014-2015)

იტალიაში უთამაშიათ:

სტეფან სავიჩი („ფიორენტინა“ 2012-2015)

ანტონიო ადანი („კალიარი“ 2014)

ნიკოლა კალინიჩი („ფიორენტინა“ 2015-2017, „მილანი“ 2017-2018)

ალვარო მორატა („იუვენტუსი“ 2014-2016)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

დიეგო გოდინი, ხოსე მარია ხიმენესი და როდრიგო ბენტნაკური, მარტინ კასერესი (ურუგვაი)

ფილიპე ლუისი და ალექს სანდრო, დუგლას კოშტა (ბრაზილია)

სანტიაგო არიასი და ხუან კუადრადო (კოლუმბია)

ანხელ კორეა და პაულო დიბალა (არგენტინა)

ნიკოლა კალინიჩი და მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია)

ერთად უთამაშიათ:

დიეგო კოშტა, ფილიპე ლუისი და ხუან კუადრადო („ჩელსი“ 2015)

ნიკოლა კალინიჩი და ფედერიკო ბერნარდესკი („ფიორენტინა“ 2015-2017)

სტეფან სავიჩი და ფედერიკო ბერნარდესკი („ფიორენტინა“ 2014-2015)

ნიკოლა კალინიჩი და ლეონარდო ბონუჩი („მილანი“ 2017-2018)

ალვარო მორატა და კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“ 2010-2014, 2016-2017)

ალვარო მორატა და სამი ხედირა (2010-2014)

შენიშვნა: მორატას ასევე უთამაშია „იუვენტუსში“, მანჯუკიჩს - „ატლეტიკოში“.

ბოლო პერიოდი

„იუვენტუსი“

„ბიანკონერი“ სერია A-ში ისევ დაუმარცხებელია 27 ტურის შემდეგ - 24 მოგება, 3 ფრე. პარასკევს „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა. 75 ქულა აქვს და სეზონის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი. კარგი შანსი აქვს თავისივე დამყარებული რეკორდი, 102 ქულით სეზონის დასრულება, დაამხოს.

„იუვეს“ შიდა ჩემპიონატში 2018 წლის 22 აპრილის შემდეგ არ წაუგია (0:1 „ნაპოლისთან“).

„უდინეზესთან“ მატჩი „ალიანც სთედიუმზე“ მეორასე აღმოჩნდა (159 მოგება, 32 ფრე, 9 წაგება).

მოის კინმა „უდინეზესთან“ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა 19 წლისა და 8 დღის ასაკში. შედეგად, „იუვენტუსის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა 1982 წლის შემდეგ, რომელმაც სერია A-ში დუბლი შეასრულა. მასზე უფრო პატარა ასაკში (18 წელი და 329 დღე) იგივე ჯუზეპე გალდერიზიმ გააკეთა.

„იუვენტუსი“ შიდა ჩემპიონატში სტუმრად მიჯრით 26 მატჩია დაუმარცხებელია და ეს გუნდის რეკორდია. მთლიანი რეკორდი კი ფაბიო კაპელოს „მილანს“ ეკუთვნის 1991-1993 წლებში.

ჯორჯო კიელინისთვის შემდეგ თამაში „იუვენტუსის“ მაისურით მე-500 იქნება.

მირალემ პიანიჩმა „ნაპოლისთან“ ჯარიმა გაიტანა და ეს „იუვესთვის“ მსგავსი სიტუაციიდან პირველი გოლი იყო მიმდინარე სეზონში. იმავე შეხვედრაში პიანიჩი გააძევეს და „ნაპოლისთან“ ქულათა სხვაობაც გაიზარდა.

ემრე ჯანმა „უდინეზეს“ გაუტანა და ეს მისი მე-4 გოლი გამოდგა ამ სეზონში.

დუგლას კოშტას 2 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია.

სამი ხედირამ გულის ოპერაცია გაიკეთა და ვარჯიში თვის ბოლოს უნდა განაახლოს.

ანდრეა ბარძალი, რომელმაც მეოთხე ტურის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად „უდინეზესთან“ ითამაშა, ისევ დაშავდა და პირველივე ტაიმში შეცვალეს.

მატია დე შილიო ვარჯიშზე დაშავდა და ისიც ლაზარეთშია.

ხუან კუადრადომ 28 დეკემბერს ოპერაცია გაიკეთა და ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს.

16 იანვარს, „იუვემ“ იტალიის სუპერთასი მოიგო მას შემდეგ, რაც „მილანი“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაამარცხა.

„ატლეტიკო“

„ატლეტიკომ“ ბოლო ხუთი თამაში ისე მოიგო, რომ გოლიც არ გაუშვია.

შაბათს „როხიბლანკომ“ „ლეგანესი“ საულ ნიგეზის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

„ატლეტიკო“ ბოლო 11 საგარეო თამაშში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (5 მოგება, 5 ფრე).

ალვარო მორატა, რომელიც თავის დროზე „ატლეტიკოს“ აკადემიაში ირიცხებოდა, გუნდს იანვარში „ჩელსიდან“ 1.5-წლიანი იჯარით დაუბრუნდა. ბოლო ორ თამაშში კი, სამი გოლი გაიტანა.

ანტუან გრიზმანმა უკანასკნელ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მაგრამ ბოლო ოთხ თამაშში თავი არ გამოუჩენია.

ლუკას აერნანდესი 9 თებერვალს დაშავდა და მას შემდეგ ლაზარეთშია.

ფილიპე ლუისმა ტრავმა „სოსიედადთან“ 3 მარტს მიიღო და ამიტომ ვერ ითამაშებს.

ნიკოლა კალინიჩმა შაბათს 73 წუთი ითამაშა და ეს მისი პირველი თამაში იყო 9 თებერვალს მიღებული ტრავმის შემდეგ.

14 თებერვალს, სიმეონემ კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119734