სხვა

16:15 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მოგებით დაიწყო

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა საგაზაფხულო სუპერტურნირი გამარჯვებით გახსნა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური ჰარუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით შეხვდა, თუმცა, კადობანშია ჩაყენებული და ტიტულის მოსაგებად უცილობლად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება მართებს, ამდენად, თითოეულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა დაიეიშოს გაეჯიბრა და იოლი შერკინება ნამდვილად არ ჰქონია. იაპონელმა სეკიტორმა ჩვენებური დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, თუმცა, ლევანმა კონტრიერიში წამოიწყო და ცუკიოტოშით იმარჯვა. ხვალ, ტოჩინოშინის პირისპირ დასავლეთის მე-2 მაეგაშირა მიოგირიუ დადგება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 12:8-ს ამარცხებს.
შეჯიბრის სასტარტო დღეს (შიო-ნიტი) გამარჯვებები იზეიმეს იოკოძუნა ჰაკუჰომ, ოძეკებმა ტაკაიასუმა და გოეიდომ, სეკივაკეებმა ტაკაკეიშომა და ტამავაშიმ და კომუსუბი მიტაკეუმიმ. ამ უკანასკნელმა მოულოდნელად იოკოძუნა კაკურიუს აჯობა.
სამწუხაროდ, რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ცუდი სტარტი ჰქონდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველი გოლიათი მარტის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით შეხვდა და მე-7 რეიტინგის მქონე სოკოკურაისთან ოკურიდაშით წააგო. ხვალ, გაგამარუ ძალებს მე-7 ნომერი აძუმარიუსთან მოსინჯავს, რომელთან ურთიერთშეხვედრებში 5:7-ს აგებს.

0.110753