სხვა

12:30 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეთერთმეტეა

2018-2019 წლის სეზონი ფიგურულ ციგურაობაში დასკვნით ფაზაში შედის. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, რომელიც 1999 წელს – იუნიორთა შორის მსოფლიო, ხოლო 2013 წელს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა, 6 მარტიდან სტარტი აიღო იუნიორთა შორის მსოფლიო პირველობამ.

ტურნირში 44 ქვეყნის 180 სპორტსმენია რეგისტრირებული. ვაჟების ერთეულთა თანრიგში 38 მონაწილე იასპარეზებს, გოგონების კატეგორიაში – 46 მოციგურავე, სპორტულ წყვილებში – 17, ხოლო სპორტულ ცეკვებში 31 წყვილი.
ზაგრების არენა “დომ სპორტოვაზე” ვაჟთა ერთეულთა თანრიგში საქართველოს ირაკლი მაისურაძე წარადგენს, გოგონების კატეგორიაში – ალინა ურუშაძე, ხოლო სპორტულ ცეკვებში კი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი.
მსოფლიო ჩემპიონატში პირველები იუნიორი ვაჟები ჩაებნენ, რომლებმაც მოკლე პროგრამები წარმოადგინეს. ირაკლი მაისურაძე მაღალი კონკურენციის პირობებში საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა, უშეცდომოდ შეასრულა ყველა ნახტომითი ელემენტი და მსაჯებისაგან 76.46 ქულა დაიმსახურა, რაც თავისუფალი პროგრამის წინ მე-11 მაჩვენებლია.
აღსანიშნავია, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, მაისურაძე მეექვსეადგილოსან რუს სპორტსმენს ორიოდ ქულით ჩამორჩება, ლიდერ ამერიკელს კი აქტივში 82.41 ქულა აქვს, რაც აღმოუფხვრელი სხვაობა სულაც არაა. 8 მარტს, ვაჟები თავისუფალ პროგრამებს შეასრულებენ და მედლების პირველი კომპლექტიც გათამაშდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112867