ყატარში დასრულდა "ყატარის ღია თასი" სასტენდო სროლაში, რომელშიც 4 ქართველი მესტენდურიც გამოვიდა მრგვალ სტენდზე შეჯიბრში. სამი მათგანი მწვრთნელ გივი შენგელიასთან ერთად საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ დააფინანსა, ერთი კი - გივი ქვათაძე თავისი ხარჯით წავიდა.
ქართული კვარტეტიდან ყველაზე უკეთ სწორედ ის გამოვიდა - 110 ქულა დააგროვა, რაც 61 მონაწილეს შორის 35-ე ადგილი აღმოჩნდა. ცალკეულ სერიებში მას ასეთი მაჩვენებლები ჰქონდა: 22, 20, 22, 24, 22 ქულა.
მამამისმა - დავით ქვათაძემ (21, 20, 18, 22, 24) და თენგიზ იმნაიშვილმა (20, 20, 23, 22, 20) გამოსვლა ერთნაირი შედეგით, 105 ქულით დაასრულეს. ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა პაკისტანელ კურამ ინამსაც, ეს სამეული კი 42-44-ე ადგილებს ინაწილებდა. დამატებითი მაჩვენებლებით ამ სამეულს შორის საუკეთესო შედეგი დავით ქვათაძეს აღმოაჩნდა და 42-ე პოზიციაზეც ის დარჩა, იმნაიშვილი კი 44-ზე გავიდა. ჩვენი ნაკრების მეოთხე მონაწილე - ვლადიმერ ნარჩემაშვილი 102 ქულით (24, 21, 18, 18, 21) 46-ე ადგილზე გავიდა.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური









