ფეხბურთი

19:10 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" პირველი მარცხი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისმა“ პირველი მარცხი განიცადა. ფელის ვესენტეს გუნდი ბოლნისში, „სიონს“ ესტუმრა და ვერაფერი გააწყო.

არადა, „დინამოსთვის“ ყველაფერი კარგად დაიწყო. 28-ე წუთზე ლევან შენგელიას კუთხურს მასპინძელთა კარში გოლი მოჰყვა. საჰაერო ორთაბრძოლა დმიტრო ივანისენიამ მოიგო და თორნიკე ზარქუას შანსი არ დაუტოვა - 0:1.

თუმცა, 41-ე წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა, რომელიც თბილისელთა მიუტევებელ შეცდომას მოჰყვა, თამაშის სცენარი რადიკალურად შეცვალა. ესპანელი მცველი მონხილი საშინლად გაისარჯა - უწყინარ სიტუაციაში ჯერ ბურთი ვერ დაიმორჩილა და მერე იფიქრა, ბურთს აუტზე არ გადავუშვებო, ვარდნაში უკან პასი გააკეთა და იქ დავით კირკიტაძე იყო ჩასაფრებული, რომელმაც ვილი ისიანი მოძებნა. „სიონის“ შემტევს დარტყმა გუჯა რუხაიამ არ დაანება, თუმცა ალბათ აჯობებდა ბოლნისელ ფეხბურთს დაერტყა - პენალტი დაინიშნა და რუხაიამ წითელი ბარათი მიიღო.

ჯაბა უგულავამ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად აქცია, ხოლო „დინამოს“ მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირებოსაში მოუწია თამაში. 68-ე წუთზე კი, „სიონმა“ გამარჯვების გოლიც გაიტანა. მეორე გოლიც კირკიტაძე-ისიანის დუეტმა შექმნა. პირველის ჩინებული გადაცემა ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით, ეფექტური დარტყმით დაასრულა მახვილი კუთხიდან და სტეფან სიკაჩი ვერაფერს გახდა - 2:1.

„სიონმა“ წინა ტურშიც გამართული ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ „ტორპედოსთან“ მაინც წააგო. ამჯერად კი, გამარჯვება იზეიმა. „დინამო“ თავის მხრივ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

„სიონი“ – „დინამო“ (თბ) 2:1 (1:1)

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

„სიონი“ (4-2-3-1): ზარქუა; ტვილდიანი, თომაშვილი, აფაქიძე, სუხიაშვილი; თარხნიშვილი, ხმალაძე; კირკიტაძე, სიხარულია (რაჟამაშვილი 68), ისიანი (ქიქავა 79); უგულავა (მანაგაძე 89)

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

„დინამო“ (4-4-2): სიკაჩი; რუხაია, მონხილი, მეჯუბი, ნოჩე (კობოური 75); შულაია (იაშვილი 46), ივანისენია (პაპავა 59), ქარდავა, შენგელია; როხანო, კარბია

მწვრთნელი: ფელის ვისენტე

გოლები: 0:1 ივანისენია (28), 1:1 უგულავა (43, პენ), 2:1 ისიანი (69)

გაფრთხილება: ხმალაძე (45), ისიანი (72), თარხნიშვილი (72) - რუხაია (14, 41), ნოჩე (36), როხანი (72)

გაძევება: რუხაია (41)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119654