ფეხბურთი

3:40 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" შეუძლებელი მისია

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დღეს მორიგი ორი მეოთხედფინალისტი გაიკრვევა. დღის ცენტრალური მატჩი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შედგება, სადაც „პარი სენ ჟერმენი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუხვდება.

ოლე გუნარ სულშერის მოსვლის შემდეგ „მანჩესტერი“ კი გარდაისახა, მაგრამ „ოლდ ტრაფორდზე“ ფრანგებმა ძალიან ადვილად, 2:0 მოიგეს. შედეგად, წყვილში აშკარა ფავორიტები არიან და ცალი ფეხით მეოთხედფინალშიც იმყოფებიან.

ეს სხვათა შორის ერთადერთი წაგებაა, რომელიც „მანიუმ“ სულშერთან ერთად განიცადა. „იუნაიტედის“ შანსს არამარტო პირველ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში, არამედ საკანდრო პრობლემებიც ამცირებს. სამი კვირის წინანდელ შეხვედრაში პოლ პოგბა გააძევეს და ბუნებრივია დღეს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ესეც რომ არა, ინგლისელთა ლაზარეთი გადავსებულია - ანდერ ერერა, ფილ ჯონსი, ჯესი ლინგარდი, ენტონი მარსიალი, ხუან მატა, ნემანია მატიჩი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი და ალექსის სანჩესი ტრავმირებული არიან და დღეს ვერ ითამაშებენ. როგორც ხედავთ, „წითელი ეშმაკები“ „პარკ დე პრენსზე“ პრაქტიკულად განახევრებული შემადგენლობით ითამაშებს.

საპასუხოდ, პსჟ-ს ნეიმარი დააკლდება, ხოლო კავანისა და ნსოკის თამაში საეჭვოა. ისე კი, ნეიმარი და კავანი პარიზელებს ვერც მანჩესტერში ეხმარებოდნენ, მაგრამ ამას მათთვის მაშინ პრობლემა არ შუქმნია.

„იუნაიტედის“ შანსს სტატისტიკაც უწურავს - ევროთასების პლეი-ოფში ანგარიში 0:2 აქამდე 106-ჯერ დაფიქსირებულა და ყველა ჯერზე მოდმევნო ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც პირველი თამაში სტუმრად მოიგო. მოკლედ, „მანჩესტერს“ ამ კუთხით ისტორიის დაწერა შეუძლია.

ტომას ტუხელი („პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი): „პირველი შეხვედრის შედეგი უნდა დავიწყოთ. ჩვენი სათამშო პრინციპები უნდა იყოს იგივე, მაღალი დონის შესრულება. ყოველთვის ვცდილობთ, რომ უკეთესად ვითამაშოთ. „მანჩესტერს“ სტუმრად 4-4-2 სქემით თამაში უყვარს. ჩვენ გვინდა, რომ სწრაფ ტემპში ვითამაშოთ, რადგან მეტოქის ორი თავდამსხმელი ძალიან სწრაფები და ძლიერები არიან“.

ოლე გუნარ სულშერი („მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ გვჭირდება პირველი, რომ თამაშში დარჩენა მოვახერხოთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შარშან „იუვენტუსმა“ შინ „რეალთან“ 0:3 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრასაც 3:0 იგებდა. გარდა ამისა, გავიხსენოთ პსჟ - „ბარსელონას“ მატჩი. ბევრი მაგალითია, რომ ამ სიტუაციაში შედეგი შევცვალოთ. პირველ შეხვედრაში შეცდომები დავუშვით და ასეთ დონეზე ეს უპატიებელია“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ბუფონი; კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; დანი ალვეში, ვერატი, მარკინიოსი; დრაქსლერი, მბაპე, დი მარია

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-4-2): დე ხეა; იანგი, ლინდელოფი, სმოლინგი, შოუ; ფრედი, მაკტომინეი, პერეირა, დალო; ლუკაკუ, რაშფორდი

მსაჯი: დმაირ სკომინა (სლოვენია)

პარი სენ ჟერმენმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. აჯობა რა, „ლივერპულსა“ და „ნაპოლის“. „მანჩესტერი“ კი „იუვენტუსს“ ჩამორჩა და მეორე ადგილით გავიდა პლეი-ოფში. თუმცა, მაშინ ინგლისურ გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, ხოლო ახლა ოლე გუნარ სოლსკიაერი.

გასულ სეზონში მერვედფინალურ ეტაპზე ორივე გუნდი დამარცხდა. „მანჩესტერს“ მეოთხედფინალში 2013-2014 წლების შემდეგ არ უთამაშია, ხოლო პსჟ-სთვის ბოლო ორი გათამაშება ამ ეტაპზე დასრულდა, შესაბამისად, „ბარსელონასთან“ და „რეალთან“.

პრისნელ კიმპემბეს კარიერაში „მანჩესტერთან“ გატანილი გოლი სადებიუტო იყო. პსჟ კი, გახდა პირველი ფრანგული გუნდი, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ მოიგო. ამასთან, „იუნაიტედს“ ევროთასებზე საკუთარ მოედანზე ერთზე მეტი ბურთის სხვაობით აქამდე არასდროს წაეგო და პარიზელები ამ მხრივაც ისტორიაში შევიდნენ.

ურთიერთშეხვედრები

პსჟ და „მანჩესტერი“ პირველად ერთმანეთს სამი კვირის წინ შეხვდნენ და შესაბამისად, პარიზელები პირად შეხვედრებში დაწინაურდნენ.

სტატისტიკა

„პარი სენ ჟერმენი“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს. თუმცა, საუკეთესო შედეგი 1994-1995 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც ნახევარფინალში გავიდა.

2013-2016 წლებში ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა მეოთხედფინალში, მაგრამ ბოლო ორი სეზონია ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან ეთიშება. გასულ სეზონში „რეალთან“ 2:5 წააგო (1:3, 1:2), ხოლო 12 თვით ადრე "ბარსელონას" შინ 4:0 მოუგო და მერე სტუმრად 1:6 განადგურდა.

წინა ექვსი მერვედფინალური ეტაპის ბალანსი პსჟ-სთვის დადებითია: 4 მოგება, 2 წაგება.

პსჟ-ს პლეი-ოფის სტადიაზე ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ექვსჯერ უთამაშია და სამჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, სამჯერ კი - ვერ. 2015-2016 წლების სეზონში მეოთხედფინალში „სიტისთან“ წააგო (2:2, 0:1).

პარიზელებს ამავე ეტაპზე ორჯერ ჰყავთ ინგლისური გუნდი დამარცხებული. ორჯერვე „ჩელსი“. ჯერ 2014-2015 წლების სეზონში 1:1 შინ და სტუმრად 2:2, ხოლო ერთი წლის შემდეგ 2:1 შინ და 2:1 სტუმრად.

მიმდინარე სეზონში ტომას ტუხელის გუნდმა ინგლისში უკვე წააგო. პირველივე ტურში „ლივერპულთან“ 2:3 დათმო მატჩი. იმავე გუნდს კი შინ 2:1 მოუგო და ეს იყო პირველი გამარჯვება ინგლისური გუნდის წინააღდეგ ბოლო ექვსი მატჩიდან, სანამ „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმარჯვებდა (3 ფრე, 2 წაგება).

პარიზში პსჟ ინგლისურ გუნდებთან ერთადერთხელ დამარცხებულა 9 მატჩიდან (4 მოგება, 4 ფრე). ეს ერთი წაგება 2004-2005 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე იყო „ჩელსისთან“ (0:3). მას მერე კი, პარიზში პსჟ ინგლისელებმა ზედიზედ 6 თამაშია დაუმარცხებელია (3 მოგება, 3 ფრე).

2006-2007 წლების სეზონში პარიზში „ჰაპოელმა“ 4:2 მოიგო. აქედან მოყოლებული პსჟ-მ ევროთასებზე საკუთარ მოედანზე 50 თამაში ჩაატარა და მხოლოდ ორჯერ წააგო. 2014-2015 წლების სეზონში „ბარსელონასთან“ 1:3 და შარშან „რეალთან“ 1:2.

პსჟ-მ ჯგუფურ ეტაპზე შნ „ცრვენა ზვეზდა“ (6:1) და „ლივერპული“ (2:1) დაამარცხა, ხოლო „ნაპოლისთან“ ფრეს გამორჩა (2:2).

პარიზელებმა 15 შემთხვევიდან შემდეგ ეტაპზე ყოველთვის მოახერხეს, როდესაც პირველი თამაში სტუმრად მოიგეს. ბოლოს ასეთი რამ 2013-2014 წლების სეზონში „ლევერკუზენთან“ მოხდა (4:0, 2:1). ანგარიშით 2:0 კი სტუმრად აქამდე სამჯერ მუგია პირველ მატჩში და მერე შინ არ დამარცხებულა (2 მოგება, 1 ფრე).

„პარი სენ ჟერმენი“ პენალტების სერიაში: 0 მოგება, 1 წაგება

2001-2002 წლების სეზონი, უეფას თასის მესამე ეტაპი: „რეინჯერსი“ (3:4)

„მანჩესტერ იუნაიტედი“

„მანჩესტერი“ მერვედფინალში მეთერთმეტედ ითამაშებს. წინა ათი ასპარეზობიდან ბალანსი დადებითია - 6 მოგება, 4 წაგება. შარშან „მანიუ“ „სევილიასთან“ დამარცხდა.

2017-2018 წლების სეზონში „მანჩესტერი“ სტუმრად „სევილიას“ უგოლოდ დაუზავდა, მაგრამ მერე შინ 1:2 წააგო. ამ მატჩით დასრულდა „წითელი ეშმაკების“ წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე ევროტურნირებზე, რომელიც 21 მატჩს იტევდა და რომელიც, 2013 წელს, „რეალთან“ 1:2 წაგების შემდეგ დაიწყო.

„იუნაიტედი“ პლეი-ოფში ფრაგულ გუნდს შვიდჯერ შეხვედრია და 6-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ფრანგებმა გაიმარჯვეს, 1997-1998 წლების სეზონის მეოთხედფინალი იყო. 0:0 მონაკოში და 1:1 მანჩესტერში.

ბოლოს კი, ევროპა ლიგის მერვედფინალში „სენტ ეტიენი“ დაამარცხა შინ 3:0 და სტუმრად 1:0.

„იუნაიტედმა“ ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად „იანგ ბოიზი“ (3:0) და „იუვენტუსი“ (2:1) დაამარცხა, ხოლო „ვალენსიასთან“ (1:2) დამარცხდა. ესპანეთში განცდილი მარცხი ინგლისელთათვის ბოლო 12 საგარეო მატჩში მხოლოდ მეორე გამოდგა.

„მანჩესტერს“ მთლიანობაში ბოლო 27 შეხვედრიდან ევროსარბიელზე მხოლოდ 6 წაგება აქვს (16 მოგება, 5 ფრე). „ვალენსიასთან“ და პსჟ-სთან წაგება იყო 2012 წლის ნოემბერს-დეკემრბის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც „წითელი ეშმაკები“ მიჯრით ორ მატჩში დამარცხდნენ.

„იუნაიტედს“ საფრანგეთში ჩატარებული 13 მატჩიდან მხოლოდ ორ აქვს წაგებული (4 მოგება, 7 ფრე). მათ შორის, ერთ-ერთი 2005-2006 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე „ლილთან“ 0:1 წააგო.

„იუნაიტედი“ შემდეგ ეტაპზე არასდროს გასულა, როდესაც პირველი მატჩი შინ წააგო. ასეთი შემთხვევა მხოლოდ სამჯერ ყოფილა: 2001-2002 წლების სეზონში „ბაიერნთან“ (0:1 შინ, 1:2 სტუმრად), 2004-2005 წლების სეზონში „მილანთან“ (0:1, 0:1) და 2011-2012 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე „ბილბაოსთან“ (2:3, 1:2).

„მანჩესტერი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება

2007-2008, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „ჩელსი“ (6:5)

1992-1993, უეფას თასის პირველი ეტაპი: „ტორპედო მოსკოვი“ (3:4)

1984-1985, უეფას თასის მეოთხედფინალი: „ვიდეოტონი“ (4:5)

გზაჯვარედინი

ანხელ დი მარია 2014-2015 წლების სეზონში „იუნაიტედში“ თამაშობდა და პრემიერლიგის 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

პოგბამ, არეოლამ, კიმპემბემ და მბაპემ საფრანგეთის ნაკრების რიგებში გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს.

მბაპემ ორი გოლი გაუტანა როხოს არგენტინას, რომელმაც ფრანგი შემტევი საჯარიმოში წააქცია და პენალტი აიკიდა.

ტომას მუნიემ იმავე მუნდიალზე მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისთან ანგარიში გახსნა, რომლის რიგებში ფილ ჯონსი, მარკუს რაშფორდი და ჯესი ლინგარდი თამაშობდნენ.

ინგლისში უთამაშიათ:

ერიკ-მაქსიმ ჩუპო მოტინგი („სტოკი“, 2017-2018)

ლასანა დიარა („ჩელსი“, 2005-2007, „არსენალი“, 2007-2008, „პორტსმუთი“, 2008-2009)

საფრანგეთში უთამაშიათ:

ანტონი მარსიალი („ლიონი“, 2012-2013, „მონაკო“, 2013-2015)

სერხიო რომერო („მონაკო“, 2013-2014)

ერთად უთამაშიათ:

პოლ პოგბა და ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“, 2012-2016)

ალექსის სანჩესი და დანი ალვეში („ბარსელონა“, 2011-2014)

ალექსის სანჩესი და ნეიმარი (2013-2014)

ანტონი მარსიალი და ლაუინ კურზავა („მონაკო“, 2013-2015)

სერხიო რომერო და ლაუინ კურზავა („მონაკო“ 2013-2014)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

მატეო დარმიანი და ჯანლუიჯი ბუფონი, მარკო ვერატი (იტალია)

პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი და ალფონს არეოლა, პასკალ კიმპემბე, ლაუინ კურზავა, ლასანა დიარა, ადრიენ რაბიო, კილიან მბაპე (საფრანგეთი)

ფრედი და ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დანი ალვეში, ნეიმარი (ბრაზილია)

რომელუ ლუკაკუ და ტომას მუნიე (ბელგია)

დავიდ დე ხეა, ხუან მატა, ანდერ ერერა და ხუან ბერნატი (ესპანეთი)

სერხიო რომერო, მარკოს როხო და ანხელ დი მარია, ლეანდრო პარედესი (არგენტინა)

ბოლო პერიოდი

„პარი სენ ჟერმენი“

მარკო ვერატისთვის წინა შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გამოდგა.

პსჟ-მ ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო რვა მატჩი მოიგო მას მერე, რაც „ლიონთან“ 1:2 დამარცხდა. შაბათს კი „კაენი“ 2:1 დაამარცხა.

პარიზებელმა ხსენებულ რვა შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

ლიგა 1-ში პსჟ-ს 26 ტურის შემდეგ 71 ქულა აქვს საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში ეს ამ დროისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

კილიან მბაპემ „კაენთან“ დუბლი შეასრულა და ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონში 24 გოლი და 5 საგოლე დაუგროვდა. ბოლო 5 თამაშში (ყველა ტურნირის ჩათვლით) 7 გოლი გაიტანა (ხსენებულ 5 მატჩში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია).

მბაპემ 23 თებერვალს, „ნიმი“ ორჯერ დაამწუხრა და ლიგა 1-ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტურნირის ისტორიაში 50 გოლი გაუტანია. ამჟამად მის აქტივში 89 თამაში და 53 გოლია (ლიგა 1-ში).

პრისნელ კიმპემბემ „დიჟონთან“ (3:0) მატჩში მეასე შეხვედრა ჩაატარა პსჟ-ს მაისურით.

ნეიმარი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 5 გოლი გაიტანა, ტრავმირებულია 23 იანვრის შემდეგ და ამ შეხვედრასაც გამოტოვებს.

ედინსონ კავანი კი, რომელსაც პირველი მატჩი გაუცდა, დაბრუნდა.

ტომას მუნიეს 9-26 თებერვლის პერიოდი გაუცდა, მაგრამ მოედანს ისიც დაუბრუნდა და „დიჟონთან“ გოლიც გაიტანა.

19 იანვარს, პსჟ-მ „გენგამი“ 9:0 დაამარცხა. კილიან მბაპემ და ედინსონ კავანიმ ჰეთ-თრიქები შეასრულეს.

კავანი გახდა პსჟ-ს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „პარკ დე პრენსზე“ 100 და მეტი გოლი გაიტანა. ახლა მის აქტივში 105 გოლია. ბოლოს „ბორდოს“ გაუტანა.

ზედიზედ 21 გამარჯვებისა და 5 ჩემპიონობის შემდეგ (2014-2018 წლებში) პსჟ საფრანგეთის ლიგის თასის გათამაშებას 9 იანვარს „გენგამთან“ (1:2) მარცხით გამოეთიშა.

ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ხოლო ისტორიაში რიგით მეოთხე. „მანჩესტერთან“ პირველი თამაშის დროს ჯიჯი 41 წლისა და 15 დღის გახლდათ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“

პსჟ-სთან წაგება იყო პირველი „მანჩესტერისთვის“ ბოლო 16 თამაშში (13 მოგება, 2 ფრე). ეს დიდებული სერია „იუნაიტედს“ მას შემდეგ აქვს, რაც ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაუდგა სათავეში. შაბათს კი, „საუთჰემპტონი“ (3:2) დაამარცხა.

„იუნაიტედმა“ ბოლო რვა საგარეო თამაში მოიგო. 27 თებერვალს „კრისტალ პალასი“ 3:1 დაამარცხა. ბოლო ოთხ გასვლით მატჩში კი ორი ან მეტი გოლი გააქვს.

რომელუ ლუკაკუმ „კრისტალ პალასთან“ დუბლი შეასრულა და 2 იანვრის შემდეგ ეს მისთვის პირველი გოლები იყო. ბოლოს კი, „საუთჰემპტონსაც“ გაუტანა.

პოლ პოგბამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა. რვა კი ბოლო 11 შეხვედრაში გაიტანა. „საუთჰემპტონთან“ კი პენალტი ვერ გამოიყენა.

სოლსკიაერმა საწყისი რვა მატჩი მოიგო და „იუნაიტედის“ ისტორიაში არცერთ მწვრთნელს ასეთი დასაწყისი არ ჰქონია.

„წითელ ეშმაკებს“ ზედიზედ 17 თამაშში გაჰქონდათ გოლი, მაგრამ ეს ჩინებული სერია სწორედ პსჟ-სთან პირველ თამაშში შეწყდა.

ენტონი მარსიალმა პირველ მატჩში ტრავმა მიიღო და მას მერე არ უთამაშია.

ჯესი ლინგარდმაც ამ თამაშში მიიღო ტრავმა. მალევე დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ „ლივერპულთან“ 24 თებერვალს გამართულ მატჩში კვლავ დაშავდა.

ხუან მატაც და ანდერ ერერაც „ლივერპულის“ წინააღმდეგ დაშავდნენ. ნემანია მატიჩს კი, 18 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია.

ფილ ჯონსი, ანტონიო ვალენსია და მატეო დარმიანიც ლაზარეთში იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120355