ფეხბურთი

2:58 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

წყვილი, სადაც ყველაფერი ღიაა

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მორიგი ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა დღეს გაირკვევა. ერთ-ერთი შეხვედრა კი პორტუში გაიმართება, „დრაგაუზე“, სადაც მერვედფინალურ წყვილებში ალბათ ყველაზე დიდი ინტრიგაა.

შესაძლოა, „პორტუ“ – „რომას“ წყვილი დანარჩენებთან შედარებით ჩრდილშია, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით - პირველი მატჩის მერე ამ წყვილში გარკვეული არაფერია და ყველაფერი ღიაა.

„რომა“ ბოლო დროს საშინელ ფორმაშია და ბოლოს რომაული დერბი პირწმინდად წააგო (0:3). ეუსებიო დი ფრანჩესკოსთვის კი, შესაძლოა ეს მატჩი ბოლო შანსი იყოს და წარუმატებლობის შემთხვევაში კარისკენაც მიუთითონ. „ჯალოროსი“ განსაკუთრებით ცუდად დაცვაში თამაშობს და პრაქტიკულად საკუთარ კარს მშრალად ვერ ინახავს.

თავის მხრივ, „პორტუ“ კარგ ფორმაშია, მაგრამ ოთხი დღის წინ ამ გუნდმაც პრინციპულ მეტოქესთან, „ბენფიკასთან“ წააგო და თანაც საკუთარ მოედანზე. რომაულ მატჩს რაც შეეხება, ნიკოლო ძანიოლო ნამდვილი გმირი გამოდგა. 19 წლის იტალიელმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვება გამოჭედა. „პორტუმ“ კი მატჩის ბოლოს ადრიან ლოპესის გოლით ჩინებული შანსი გაიჩინა (2:1).

დღევანდელ შეხვედრას „დრაკონები“ დანაკლისის გარეშე ხვდებიან, ხოლო „რომას“ ჯენგიზ იუნდერი და ხავიერ პასტორე ნამდვილად ვერ დაეხმარებიან. აი, კოსტას მანოლასისა და ნიკოლო ძანიოლოს საკითხი კი ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი.

ამ წყვილში ყველაფერი ღია რომ გახლავთ, სტატისტიკაც მოწმობს. ევროთასების პლეი-ოფში ანგარიში 2:1 179-ჯერ დაფიქსირებულა და შემდეგ ეტაპზე პირველი მატჩის მომგები მასპინძელი 90-ჯერ (50.3%) გავიდა, ხოლო შესაბამისად, პირველ შეხვედრაში დამარცხებული სტუმარი გუნდი მომდევნ რაუნდში 89-ჯერ (49.7%) გავიდა.

სერჟიუ კონსეიასუ („პორტუს“ მთავარი მწვრთნელი): „ეს თამაში უნდა მოვიგოთ, ამიტომ დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. „რომას“ სერია A-ში მესამე საუკეთესო შეტევა ჰყავს, შესაბამისად ბალანსის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი სიძლიერე არა ერთ კონკრეტულ ფეხბურთელში, არამედ გუნდურობაში და მუშაობაშია. დამატებითი პარამეტრების გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყოველთვის გადამწყვეტი არაა. ფაქტია, მეოთხედფინალში გასვლის დიდი შანსი გვაქვს“.

ეუსებიო დი ფრანჩესკო („რომას“ მთავარი მწვრთნელი): „უნდა დავიცვათ ის უპირატესობა, რომელიც გაქვს და ვეცადოთ კონტრშეტევაზე გადავიდეთ, როგორც კი შანსი მოგვეცემა. დაცვაში მთელი ძალით და ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ყველა ფეხბურთელი მზადაა, შემადგენლობა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, მინდა, თამაშამდე თვალებში ყველას ჩავხედო და ისინი ითამაშებენ, რომლებიც ბრძოლისთვის ყველაზე მეტად მზად იქნებიან“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მილიტაო, პეპე, ფელიპე, ალექს ტელეში; დანილო, ერერა, ოლივერი; კორონა, ბრაიმი, მარეგა

„რომა“ (4-3-3): ოლსენი; ფლორენცი, მანოლასი, მარკანო, კოლაროვი; კრისტანტე, დე როსი, პელეგრინი; ძანიოლო, ჯეკო, ელ შაარავი

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

„პორტუმ“ ჯგუფურ ეტაპზე ხუთი მატჩი მოიგო და ბოლო ოთხ მატჩში მინიმუმ სამი გოლი გაიტანა. „რომამ“ „რეალის“ შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ბოლო მატჩი წააგო. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მიმდინარე სეზონში მოიგო ერთი კონკრეტული თამაში.

ურთიერთშეხვედრები

„პორტუს“ „რომასთან“ არასდროს ჰქონდა წაგებული აქამდე ჩატარებულ 4 მატჩში, სანამ სამი კვირის წინ რომში არ დამარცხდა. იქამდე, თასების თასზე 1981-1982 წლების სეზონში პორტუგალიელებმა 2:0 მოიგეს შინ, სტუმრად კი უგოლო ფრე ითამაშეს.

ეს გუნდები 2016-2017 წლების სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შეხვდნენ ერთმანეთს. პორტუგალიაში პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ანდრე სილვას გოლს რომაელებმა ფელიპეს ავტოგოლით უპასუხეს.

საპასუხო შეხვედრაში ლუზიტანელებმა 3:0 იმარჯვეს ფელიპეს, მიგელ ლაიუნისა და ხესუს კორონას გოლებით. მაშინ, გოლების ავტორების გარდა მოედანზე იყვნენ იკერ კასილიასი, მაქსი პერეირა, ალექს ტელეში, ექტორ ერერა, დანილო, ოტავიო, სერჟიო ოლივეირა და ადრიან ლოპესი. „რომას“ რიგებში კი ჟუან ჟესუსმა, დიეგო პეროტიმ, კოსტას მანოლასმა, დანიელე დე როსიმ, ედინ ჯეკომ და ფედერიკო ფაციომ ითამაშეს.

„რომამ“ „პორტუ“ პირველად 12 თებერვალს დაამარცხა და ეს 19 წლის ნიკოლო ძანიოლოს დამსახურებაა.

სტატისტიკა

„პორტუ“

შარშან „პორტუ“ ამავე ეტაპზე „ლივერპულთან“ ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა.

„პორტუს“ აქამდე მერვედფინალში ათჯერ უთამაშია. სამჯერ მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო 7-ჯერ ასპარეზობას გამოეთიშა.

„პორტუს“ იტალიურ გუნდებთან პლეი-ოფში ცხრიდან 5 დაპირისპირება მოგებული აქვს. ორი წლის წინ "იუვენტუსთან“ დამარცხდა ორი მატჩის ჯამში 0:3.

„იუვენტუსთან“ მარცხით დასრულდა „პორტუს“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე იტალიურ გუნდებთან (3 მოგება, 4 ფრე)

„პორტუმ“ მიმდინარე სეზონში სამივე საშინაო მატჩი მოიგო „გალათასარაისთან“ (1:0), „ლოკომოტივთან“ (4:1) და „შალკესთან“ (3:1). ბოლო 14 საშინაო მატჩებიდან ევროთასებზე „დრაკონებმა“ 7 მოიგეს და ხუთჯერ დამარცხდნენ.

„პორტუ“ 20 შემთხვევიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 4-ჯერ გავიდა, როდესაც პირველი თამაში სტუმრად წააგო. მათ შორის, 2015-2016 წლების სეზონში დამარცხდა ევროპა ლიგაზე „დორტმუნდთან“ (0:2 სტუმრად, 0:1 შინ). თუმცა, ნახსენები ოთხი გამარჯვებიდან სამი მაშინ მოიპოვა, როცა პირველი შეხვედრა 1:2 წააგო.

„პორტუ“ არის გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა - 16.

„პორტუ“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება

2007-2008 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი: „შალკე“ (1:4)

2004 წლის ევროპა/სამხრეთ ამერიკის თასი: „ონსე კალდასი“ (8:7)

1994-1995 წლების სეზონი, თასების თასის მეოთხედფინალი: „სამპდორია“ (3:5)

„რომა“

„რომას“ აქამდე მერვედფინალში ექვსჯერ უთამაშია, სამჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო ამდენჯერვე გათამაშებას გამოეთიშა. 2006-2007 წლების სეზონში „ლიონი“, ერთი წლის მერე „რეალი“, ხოლო შარშან „შახტარი“ დაამარცხა. 2008-2009 წლების სეზონში „არსენალთან“ დამარცხდა, ორი წლის მერე „შახტართან“, ხოლო სამი წლის წინ „რეალთან“.

„რომას“ მერვედფინალურ მატჩებში ზედიზედ 5 წაგება ჰქონდა, სანამ შარშან დონეცკელებს შინ დაამარცხებდა.

„რომამ“ 1983-1984 წლების სეზონში ფინალში „ლივერპულთან“ წააგო, ხოლო გასულ სეზონში ნახევარფინალს უწია და ასპარეზობას ისევ ინგლისურ გრანდთან გამოეთიშა მას შემდეგ, რაც პლეი-ოფში „შახტარი“ და „ბარსელონა“ დაამარცხა.

ედინ ჯეკომ გასულ სეზონში პლეი-ოფის მიჯრით ხუთ მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

პორტუგალიური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფში სამჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე და სამჯერ გამოეთიშა ასპარეზობას.

მას შემდეგ, რაც „ჯალოროსიმ“ გასულ სეზონში სტუმრად „ყარაბაღი“ დაამარცხა (2:1), მხოლოდ ერთი საგარეო მატჩი მოიგო (წელს ცსკა-სთან 2:1). ერთხელ ფრე ითამაშა და 6-ჯერ დამარცხდა.

„რომას“ ბალანსი პორტუგალიაში: 2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება.

„პორტუსთან“ 2016 წელს წაგება „რომასთვის“ პორტუგალიურ გუნდებთან ბოლო 12 მატჩში მხოლოდ მეორე იყო (6 მოგება, 4 ფრე).

„რომა“ 30 შემთხვევიდან 26-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, როდესაც პირველი თამაში სახლში მოიგო. ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 2009-2010 წლების სეზონში „გენტთან“ (3:1, 7:1). ყველაზე მძიმე ზემოხსენებული 4 მარცხიდან 2006-2007 წლების სეზონში „მანჩესტერთან“ წაგება იყო (2:1, 1:7). სამაგიეროდ, ერთი წლის მერე „რომამ“ „რეალს“ ჯერ შინ და მერე სტუმრად მოუგო 2:1.

„რომა“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 3 წაგება

2008-2009 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი: „არსენალი“ (6:7)

1986-1987 წლების სეზონი, თასების თასის პირველი ეტაპი: „სარაგოსა“ (3:4)

1983-1984 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის ფინალი: „ლივერპული“ (3:4)

1982-1983 წლების სეზონი, უეფას თასის მეორე ეტაპი: „ნორჩეპინგი“ (4:2)

გზაჯვარედინი

„რომას“ მცველი მარკანო 2014-2018 წლებში „პორტუში“ თამაშობდა.

„დრაკონთა“ თავკაცი სერჟიო კონსეისაუ „ლაციოში“ 1998-2000 და 2003-2004 წლებში თამაშობდა. „რომას“ წინააღმდეგ მას ასევე უთამაშია „პარმასა“ და „ინტერის“ მაისურით და ბალანსი ასეთია: 2 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.

ფეხბურთელობისას კონსეისაუ და დი ფრანჩესკო რომის დერბიში ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ერთი მატჩი პორტუგალიელის „ლაციომ“ მოიგო, ორი „რომამ“, ხოლო ერთი ფრედ 3:3 დასრულდა და ამ მატჩში გოლი დი ფრანჩესკომაც გაიტანა.

„მანჩესტერ სიტის“ მაისურით ჯეკოს „პორტუს“ კარში 2012 წელს გოლი აქვს გატანილი.

პეპე გააძევეს „რეალისა“ და „რომას“ შეხვედრაში 2007-2008 წლების სეზონში.

ოტავიომ „პორტუს“ მაისურით „კოპენჰაგენს“ გაუტანა 2016-2017 წლების სეზონში, რომლის კარს რობინ ოლსენი იცავდა.

დე როსიმ კასიალიასს გაუტანა „რომასა“ და „რეალის“ შეხვედრაში 2004-2005 წლების სეზონში.

თავის მხრივ, კასილიასმა დე როსის პენალტი აუღო ევრო 2008-ის მეოთხედფინალში, როდესაც ესპანეთმა იტალია პენალტების სერიაში დაამარცხა. 2013 წელს კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში დე როსიმ პენალტი გაუტანა კასილიასს, მაგრამ ესპანეთმა მაინც მოიგო.

იტალიაში უთამაშიათ:

ალექს ტელეში („ინტერი“, 2015-2016)

დანილო („პარმა“, 2011-2012)

პორტუგალიაში უთამაშიათ:

ბრაიან კრისტანტე („ბენფიკა“, 2014-2016)

ერთად უთამაშით:

ანტონიო მირანტე და დანილო („პარმა“, 2011-2012)

ბრაიან კრისტანტე და მაქსი პერეირა („ბენფიკა“, 2014-2015)

ჟუან ჟესუსი, დავიდე სანტონი და ალექს ტელეში („ინტერი“, 2015-2016)

თანაგუნდელები ნაკრებებში:

ივან მარკანო და ადრიან ლოპესი (ესპანეთის 21-წლამდე ნაკრები)

ბოლო პერიოდი

„პორტუ“

„რომასთან“ წაგება „პორტუსთვის“ პირველი იყო იქმადე ჩატარებულ ბოლო 27 შეხვედრაში (22 მოგება, 4 ფრე). მანამდე ბოლო მარცხი „ბენფიკასთან“ 7 ოქტომბერს ჰქონდა განცდილი (0:1). თუმცა, გასულ შაბათს, „ბენფიკასთან“ კიდევ ერთხელ დამარცხდა (1:2).

ამ მატჩით პორტუგალიის ჩემპიონატში დასრულდა „პორტუს“ 16-მატჩიანი წაუგებელი და13-მატჩიანი მოგებების სერია.

26 თებერვალს „დრაკონებმა“ „ბრაგა“ 3:0 პორტუგალიის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში დაამარცხეს.

მუსა მარეგამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩში მოედანი უგოლოდ არ დატოვა და მარიო ჟარდელის რეკორდი გაიმეორა.

მარეგამ დეკემბერში ზედიზედ 6 თამაშში გაიტანა (8 გოლი ჯამში). თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედანს შაბათს, „ბენფიკასთან“ დაუბრუნდა (90 წუთი ითამაშა).

ფრანსისკო სოარეშმა პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო 6 თამაშში 5 გოლი გაიტანა.

„ბენფიკასთან“ მატჩამდე ექტორ ერერამ ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა პორტუგალიის ჩემპიონატის ეგიდით.

იასინ ბრაიმიმ 22 თებერვალს, „ტონდელასთან“ 3:0 მოგებულ მატჩში „პორტუს“ მაისურით მეორასე თამაში ჩაატარა.

„რომა“

„რომამ“ შაბათს რომაული დერბი „ლაციოსთან“ 0:3 წააგო, მაგრა იქამდე ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა.

რობინ ოლსენმა ტრავმა მოიშუშა 18 თებერვალს, „ბოლონიასთან“ (2:1) მოგებულ შეხვედრაში დაუბრუნდა მოედანს.

ალექსანდრ კოლაროვმა „ბოლონიასთან“ პენალტი გაიტანა და ეს მისთვის ჩემპიონატში გატანილი მეშვიდე გოლი გამოდგა მიმდინარე სეზონში. „ლაციოსთან“ შეხვედრაში კი წითელი ბარათი მიიღო და ეს იყო მისი პირველი გაძევება საკლუბო დონეზე 2010 წლის 4 დეკემბრის შემდეგ, როდესაც „სიტისა“ და „ბოლტონის“ მატჩში გააძევეს.

ფედერიკო ფაციომ „ბოლონიასთან“ მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და ეს მისი პერსონალური რეკორდია.

ედინ ჯეკომ „ფროზინონესთან“ 23 თებერვალს მოგებულ შეხვედრაში (3:2) დუბლი შეასრულა და „რომაში“ ჯამში 85 გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით მარკო დელვეკიოს გადაასწრო და აბელ ბალბოს მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება „რომას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში.

„რომამ“ ბოლო 9 მატჩიდან ყველა ტურნირის ჩათვლით ერთადერთხელ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა „კიევოსთან“ 3:0 მოგებულ თამაშში. ხსენებულ 9 მატჩში 20 გოლი გაუშვა.

დანიელე დე როსისთვის „ფროზინონესთან“ მატჩი იყო მეორასე, როდესაც „რომას“ კაპიტნის სამკლავური ეკეთა.

კოსტას მანოლასმა „ფროზინონესთან“ ტრავმა მიიღო, მაგრამ სერიოზული არ გამოდგა.

„ლაციოსთან“ შეხვედრაში დაზიანება ნიკოლო ძანიოლომაც მიიღო.

რიკ კარსდორპსა და პატრიკ შიკს ტრავმები ჰქონდათ. ჩეხი ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა „ლაციოსთან“ ითამაშა კიდეც.

ჯენგიზ იუნდერმა ბოლოს 19 იანვარს „ტორინოსთან“ ითამაშა და მას შემდეგ ტრავა აქვს.

სტატისტიკა
0.245645