ფეხბურთი

2:55 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდს" სასწაული სჭირდება

ორკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა გვიბრუნდება. დღეს მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების ორი თამაში გაიმართება და შესაბამისად, საწყისი ორი მეოთხედფინალისტის ვინაობას შევიტყობთ.

ერთ-ერთ შეხვედრას „სიგნალ იდუნა“ პარკი უმასპინძლებს, რომლის ბინადარი ბევრისთვის ამ წყვილში ფავორიტი იყო. უპირველესად ჯგუფში ნაჩვენები თამაშის გამო, მაგრამ ლონდონში დაფიქსირებულმა შედეგმა ყველაფერი სხვაგვარად წარმოაჩინა. ახლა მეოთხედფინალთან ძალიან ახლოს „ტოტენჰემია“ და „დორტმუნდს“ სასწაულის მოხდენა მოუწევს.

ისე, გერმანელებმა ჯგუფში „ატლეტიკო“ 4:0 გაანადგურეს და ვიც იცის, მაგრამ აქ სხვა გარემოებაცაა. ეს პლეი-ოფის სტადიაა და თანაც, ლუსიენ ფავრის გუნდი ბოლო დროს საშინელ ფორმაშია. „ყვითლები“ იქამდეც კი მივიდნენ, რომ ბუნდესლიგაში კომფორტული უპირატესობა ქარს გაატანეს და „ბაიერნს“ უნაწილებენ პირველ ადგილს.

გერმანელებს დღეს ლუკაშ პიშჩეკი ვერ დაეხმარებათ, ხოლო ინგლისელებს დაიერის, ალის, ტრიპიერისა და ვინკსის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა. სხვათა შორის, ორივე გუნდს პირველ მატჩთან შედარებით უდაო ლიდერები, მარკო როისი და ჰარი კეინი დაუბრუნდნენ.

ევროთასების პლეი-ოფში ანგარიში 3:0 აქამდე 130-ჯერ დაფიქსირებულა და 123-ჯერ (94.6%) შემდეგ ეტაპზე პირველი მატჩის გამარჯვებული მასპინძელი გავიდა. ამრიგად, „დორტმუნდის“ მდგომარეობა თითქმის უიმედო რომ გახლავთ, სტატისტიკაც კარგად მოწმობს. მაგრამ ვნახოთ, გერმანელთა ჩამოწერაც არ შეიძლება.

ლუსიენ ფავრი („დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ სეზონში „ატლეტიკო“ 4:0 დავამარცხეთ, რადგან ყველა თამაში განსხვავებულია. პირველი ეტაპი დასრულდა და ახლა სხვა სიტუაციაა. ვიცით, რომ გოლები უნდა გავიტანოთ, ძალიან ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, უმაღლესი დონის თამაში გვჭირდება, ყველაფერი შესაძლებელია. ვიცით, რომ ურთულესი იქნება, მაგრამ არასოდეს ვიცით, რა მოხდება“.

მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი): „დიდი შანსი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო რაუნდში ვითამაშოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. რთული თამაში იქნება. პირველი მატჩი უნდა დავივიწყოთ, მნიშვნელოვანია კარგი დასაწყისი. აგესიულები უნდა ვიყოთ, თავიდანვე ვიბრძოლოთ და მაღალ ტემპში ვითამაშოთ, ეს გასაღებია“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; ვოლფი, აკანჯი, ზაგადუ, დიალო; დელანი, ვიტელი; სანჩო, როისი, გერეირო; გიოტცე

„ტოტენჰემი“ (3-4-3): ლორისი; ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი; ორიე, სისოკო, ვანიამა, როუზი; ერისკენი, კეინი, სონი

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

„დორტმუნდმა“ ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა, ხოლო „ტოტენჰემი“ პლეი-ოფში „ბარსელონასთან“ მოპოვებული ქულის წყალობით გავიდა.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შევხედრიან და ხუთჯერვე ბოლო სამი წლის განმავლობაში. 2015-2016 წლების სეზონში ევროპა ლიგის 1/16 ფინალში გერმანელებმა შინ 3:0 მოიგეს და მარკო როისმა დუბლი შეასრულა. ლონდონში კი მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს.

შარშან კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩი ინგლისელებმა მოიგეს. ლონდონში 3:1, ხოლო გერმანიაში - 2:1. ბოლო დაპირისპირება ბუნებრივია სამი კვირის წინ თარიღდება და „ტოტენჰემმა“ 3:0 დაამარცხა მეტოქე.

სტატისტიკა

დორტმუნდი

„დორტმუნდმა“ 2016-2017 წლების სეზონის მერვედფინალში „ბენფიკასთან“ პირველი მატჩი 0:1 წააგო, მაგრამ მერე შინ 4:0 გაიმარჯვა. საერთოდ კი, მერვედფინალში დადებითი ბალანსი გააჩნია: 3 გამარჯვება, 1 წაგება.

გერმანულმა გუნდმა უეფას ტურნირების პლეი-ოფში ბოლო 6 მატჩიდან ოდენ ერთხელ მოიგო (2 ფრე, 3 წაგება). ეს ერთადერთი გამარჯვება შარშან, „ატალანტასთან“ იყო (3:2).

„დორტმუნდს“ პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებთანაც დადებითი ბალანსი აქვს - 3 მოგება, 2 წაგება. მათ შორისაა, მარცხი „ლივერპულთან“ 2015-2016 წლების სეზონში, როდესაც შინ 1:1 ითამაშა, ხოლო სტუმრად 3:4 წააგო.

„დორტმუნდს“ ინგლისში ბოლო ოთხი მატჩიდან ყველა წაგებული აქვს. მთლიანობაში კი ასეთი ბალანსით იწონებს თავს - 4 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება.

ჯგუფურ ეტაპზე ლუსიენ ფავრის გუნდმა შინ „მონაკო“ (3:0) და „ატლეტიკო“ (4:0) დაამარცხა, ხოლო „ბრიუგეს“ დაუზავდა (0:0).

„ბორუსიას“ ევროთასებზე ბოლო 9 საშინაო მატჩიდან მხოლოდ სამი აქვს მოგებული (2 ფრე, 4 წაგება).

ამ სეზონამდე „დორტმუნდს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული (3 ფრე, 7 წაგება).

ბოლო რვა სეზონში „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდედ თამაშობს. 1997 წელს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2013 წელს ფინალში წააგო.

„დორტმუნდმა“ 16 შემთხვევიდან, როდესაც პირველი მატჩი სტუმრად წააგო რვაჯერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ბოლოს, 2016-2017 წლების სეზონში „ბენფიკასთან“ (0:1, 4:0).

„დორტმუნდი“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 2 წაგება

1992-1993, უეფას თასის ნახევარფინალი: „ოსერი“ (6:5)

1999-2000, უეფას თასის მესამე ეტაპი: „რეინჯერსი“ (3:1)

2003-2004, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: „ბრიუგე“ (2:4)

2008-2009, უეფას თასის პირველი ეტაპი: „უდინეზე“ (3:4)

„ტოტენჰემი“

„ტოტენჰემი“ მერვედფინალში მესამედ ითამაშებს. 2010-2011 წლების სეზონში „მამლებმა“ „მილანი“ სტუმრად 1:0 დაამარცხეს, შინ 0:0 ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. შარშან კი, „იუვენტუსთან“ იტალიაში 2:2-ის შემდეგ შინ 1:2 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

„ტოტენჰემს“ არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალში საშინაო მატჩი (1 ფრე, 1 წაგება).

„ტოტენჰემის“ მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალია, რომელსაც 2010-2011 წლების სეზონში უწია.

„ტოტენჰემი“ გერმანულ გუნდებთან დაუმარცხებელი იყო შვიდ მატჩში (6 მოგება, 1 ფრე) მანამ, სანამ 2016 წელს „დორტმუნდთან“ წააგებდა.

პლეი-ოფში გერმანული გუნდების წინააღმდეგ შვიდჯერ უთამაშია. 4-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო სამჯერ დამარცხდა. მათ შორის, ბოლო ორი ზედიზედ წააგო.

მიმდინარე სეზონში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა სტუმრად მხოლოდ ორი ქულა აიღო. პსვ ეინდჰოვენთან (2:2), „ბარსელონასთან“ (1:1) და „ინტერთან“ (1:2).

„მამლებმა“ ბოლო 18 საგარეო მატჩიდან ევროთასებზე მხოლოდ 4-ჯერ იმარჯვეს (7 ფრე, 7 წაგება).

„ტოტენჰემმა“ 18 შემთხვევიდან 16-ჯერ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო, როდესაც სხლში პირველი შეხვედრა მოიგო. ბოლოს 2012-2013 წლების სეზონში ევროპა ლიგის მერვედფინალში „ინტერთან“ (3:0, 1:4).

ბოლო შემთხვევა, როდესაც ლონდონელებმა შინ მოიგეს და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ 1999-2000 წლების სეზონში დაფიქსირდა. უეფას თასის მეორე ეტაპზე „კაიზერსლაუტერნთან“ „მამლებმა“ სახლში 1:0 იმარჯვეს, მაგრამ სტუმრად 0:2 დამარცხდნენ.

„ტოტენჰემი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება

2012-2013, ევროპა ლიგის მეოთხედფინალი: „ბაზელი“ (1:4)

2007-2008, უეფას თასის მერვედფინალი: პსვ ეინდჰოვენი (5:6)

1983-1984, თასების თასის ფინალი: „ანდერლეხტი“ (4:3)

გზაჯვარედინი

ჰონ-მინ სონს „დორტმუნდის“ კარში „ჰამბურგისა“ და „ლევერკუზენის“ მაისურით 5 გოლი აქვს გატანილი.

როისსა და გიოტცეს გატანილი აქვთ „აიაქსის“ კარში, რომლის ღირსებას ალდერვეირელდი და ვერტონგენი იცავდნენ 2012-2013 წლების სეზონში.

კეინმა და დაიერმა გოლები გაიტანეს ინგლისისა და გერმანიის ამხანაგურ მატჩში (3:2) 2016 წლის მარტში, რომლის რიგებში მარკო როისი თამაშობდა.

1998 წელს „დორტმუნდიდან“ „ტოტენჰემში“ გადავიდა სტეფენ ფროინდი, ხოლო 2008 წელს იანგ-პიო ლი „სპურსიდან“ „დორტმუნდში“ აღმოჩნდა.

ბოლო პერიოდი

„დორტმუნდი“

შემდეგი თამაში უეფას ტურნირებში ომერ ტორპაკისთვის 50-ე იქნება.

„დორტმუნდმა“ ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. 24 თებერვალს, „ლევერკუზენთან“ (3:2). პარასკევს კი, ბუნდესლიგაში მეორე თამაში წააგო („აუგსბურგთან“ 1:2).

„დორტმუნდი“ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ყველა ტურნირის ჩათვლით დაუმარცხებელია ძირითად დროში. ერთადერთი „ვერდერმა“ გერმანიის თასზე პენალტების სერიაში მოახერხა ლუსიენ ფავრის გუნდის ძლევა.

„ყვითლებმა“ ბუნდესლიგის 12-ვე საშინაო მატჩში მინიმუმ ორი გოლის გატანა შეძლეს. ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 17 შეხვედრაში კი გოლი ერთადერთხელ, „ბრიუგესთან“ ვერ გაიტანეს.

„ლევერკუზენთან“ ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგაში მეცხრე გოლი გაიტანა 18 წლისა და 336 დღის ასაკში. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში თავი ამდენჯერ გამოიჩინა.

მარიო გიოტცემ „ლევერკუზენთან“ გაიტანა და ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 4 გოლი დაუგროვდა. ბოლო ორი სეზონის ერთად აღებული შედეგი უკვე გაიმეორა.

მანუელ აკანჯი 18 დეკემბრის მერე ტრავმირებული იყო, თუმცა „ლევერკუზენთან“ მატჩში მოედანს დაუბრუნდა.

მარკო როისს ზედიზედ 4 მატჩში ჰქონდა გატანილი, სანაც „ვერდერთან“ ტრავმას მიიღებდა. ის „აუგსბურგთან“ შეხვედრაში დაბრუნდა.

კრისტიან პულიშიჩმა ტრავმა „ტოტენჰემთან“ პირველ მატჩში მიიღო, მაგრამ ვარჯიში უკვე დაიწყო.

ლუკაშ პიშჩეკი 9 თებერვლის მერე ლაზარეთშია.

პაკო ალკასერმა 2019 წელს პირველი გოლი „აუგსბურგთან“ გაიტანა. ეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მისთვის მე-11 გოლი გამოდგა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში „დორტმუნდის“ 18-მა ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანა. მათ შორის, მე-18 აქსელ ზაგადუა, რომელმაც „ლევერკუზენი“ დაამწუხრა.

სანჩო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე გოლი გაიტანა. 18 წლისა და 213 დღის ასაკში ინგლისელმა „ატლეტიკოს“ კარი დალაშქრა.

„ტოტენჰემი“

„ტოტენჰემა“ ბოლო ორი თამაში ვერ მოიგო. ჯერ „ჩელსისთან“ წააგო (0:2), შაბათს კი „არსენალს“ დაუზავდა (1:1).

ეს იყო „ტოტენჰემის“ პირველი ფრე ინგლის პრემიერლიგაში, ხოლო სეზონში ჩატარებულ 43-ე შეხვედრაში მხოლოდ მეოთხე (27 მოგება, 12 წაგება).

„სპურსს“ ბოლო ოთხი საგარეო მატჩიდან ყველა წაგებული აქვს.

მაურისიო პოჩეტონის გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

ჰონ-მინ სონმა ბოლო 15 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მაგრამ ბოლო სამ თამაშში ეს ვერ გააკეთა.

ჰარი კეინმა ჯგუფურ ეტაპზე 4 გოლი გაიტანა, ხოლო 13 იანვრიდან 23 თებერვლამდე ტრავმირებული იყო. „ბარნლისთან“ გოლით დაბრუნდა, ხოლო „არსენალს“ პენალტი გაუტანა.

დელე ალი 20 იანვრის მერე ლაზარეთშია.

ბენ დევისმა ტრავმა მოიშუშა და „ჩელსისთან“ 90 წუთი ითამაშა.

იან ვერტონგენმა „ჩელსისთან“ ტრავმა მიიღო, მაგრამ „არსენალთან“ მაინც ითამაშა. ჰარი ვინკსი კი ტრავმირებულია.

ერიკ დაიერს 2 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117451