ფეხბურთი

21:20 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა სეზონი მოგებით დაიწყო
"საბურთალომ" ბათუმის "დინამო" დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი დაიწყო. ახალი გათამაშება მოქმედი ჩემპიონის, „საბურთალოსა“ და ელიტაში დაბრუნებულ „დინამო ბათუმის“ მატჩით გაიხსნა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთართმა გოლმა გადაწყვიტა. თუმცა სახიფათო მომენტები იქამდეც მრავლად შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ „დინამოს“ ჩემპიონისთვის ტოლი არაფერში დაუდია და თბილისიდან არათუ ქულის, არამედ სამი ქულის წაღებაც თავისუფლად შეეძლო.

პირველმა ნახევარმა სწორედ გია გეგუჩაძის გუნდის კარნახით ჩაიარა. აჭარლები ძალზე სახიფათოდ უტევდნენ მეტოქის კარს, საპასუხოდ კი „საბურთალო“ ვერ ახერხებდა მეტოქისთვის საკუთარი თამაშის თავზე მოხვევას. პირველ ტაიმში „დინამოს“ ოთხი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილი იყო შეუდარებელი, რომელმაც სამჯერ აშკარა გოლს გადაარჩინა თავისიანები, ერთხელ კი აჭარლებს სიზუსტე დააკლდათ.

მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა დიდად თამაშის სურათი და „დინამოს“ კვლავ შეეძლო გატანა. რამოსი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ ივარგა. ვერ გაიტან, გაგიტანენო და სწორედ ასე მოხდა. ზუსტად ორ წუთში, მე-80 წუთზე ახალი სეზონის პირველი გოლი გავიდა, რომელიც „საბურთალოს“ თავდამსხმელმა ოგნიენ როლოვიჩმა გაიტანა. მონტენეგროელს დებიუტი ჰქონდა ახალ გუნდში და მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრის გმირიც ის გახდა. ალთუნაშვილი-როლოვიჩი-დიასამიძის ჩინებული კომბინაციის შედეგად, ეს უკანასკნელი დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ალავიძემ აჯობა. მასპინძლებს აქ ბედმაც გაუღიმა და ბურთი პირდაპირ როლოვიჩს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან საქართველოში პირადი ანგარიშიც გახსნა და საფეხბურთო სეზონის ანგარიშიც.

ამრიგად, ჩემპიონმა მძიმე, მაგრამ გამარჯვებით დაიწყო, ხოლო „დინამომ“ თამაშის ხარისხის კუთხით მართლაც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა და ალბათ, მიმდინარე სეზონში ბევრ სიურპრიზსაც შემოგვთავაზებს.

„საბურთალო“ – „დინამო ბათუმი“ 1:0 (0:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

„საბურთალო“ (4-3-3): მიგინეიშვილი; ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, თევზაძე (მალი 64); დიასამიძე, ცნობილაძე, ალთუნაშვილი; შინდაგორიძე (გი 73), გოშთელიანი (როლოვიჩი 58), გვარაძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„დინამო ბათუმი“ (4-3-3): ალავიძე; მელიავა, ფაცაცია, გადრანი, ჩალაძე; მანჯგალაძე, ტეიდი (ილურიძე 61), მამუჩაშვილი; რამოსი (ჭანტურია 85), საბანაძე, თევდორაძე (ცაცკრიალაშვილი 74)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლი: 1:0 როლოვიჩი (58)

გაფრთხილება: ცნობილაძე (34) - ილურიძე (74), ფაცაცია (89)

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

0.210945