ფეხბურთი

19:30 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ეროვნულმა ნაკრებმა, საქველმოქმედო მიზნით, 300 000 ლარი გადარიცხა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინიციატივით, საქველმოქმედო მიზნით 300 000 ლარის ოდენობის თანხას საქართველოში არსებული სამი საქველმოქმედო ფონდი თანაბრად მიიღებს.

ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“, „ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ და „სოლიდარობის ფონდი“ - სწორედ ესაა ის სამი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ფეხბურთელები ეხმარებიან.

თანხა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციებში გადაირიცხა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის პირველობისთვის მიიღო. ფედერაციის ინიციატივით, თანხის ნაწილი, პრემიის სახით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გადაეცათ, ხოლო ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა.

პირველი ბავშვთა ჰოსპისი საქართველოში - „ციცინათელების ქვეყანა“ 2017 წლის 17 იანვარს გაიხსნა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში. ეს არის პირველი საერთაშორისო სტანდარტების სახლი პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები 0-18 წლამდე და მათი ოჯახები უფასოდ იღებენ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას. www.childrenshospice.org.ge

„ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ აღნიშნულ თანხას სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობისთვის მიიღებს, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები, მოზარდები და მათი ოჯახები რეაბილიტაციის პროცესს გაივლიან. სახლის პროექტმა საერთაშორისო არქიტექტურული პროექტების კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა. http://www.monkandrew.ge/

„სოლიდარობის ფონდი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ე.წ. „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების“ ამოქმედება და ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად.

ფონდის საქმიანობა ფოკუსირებულია 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერაზე. აღნიშნული მოიცავს როგორც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანადაფინანსებას საზღვარგარეთ იმ ინტერვენციებისათვის, რომელთა განხორციელება ჯერ არ არის შესაძლებელი საქართველოში (მაგ. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია), ასევე საქართველოში სახელმწიფო ან/და კერძო დაზღვევის პირობებში თანადაფინანსებას.

28 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდისა და ციცინათელების სახლის ბენეფიციარები მოინახულეს. სტუმრებმა ფონდების ხელმძღვანელობას გაწეული საქმიანობისთვის მადლობისა და მეგობრობის ნიშნად სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისური გადასცეს.

დღესვე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სოლიდარობის ფონდს შორის. ლევან კობიაშვილმა და ია მაქაცარიამ 100 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დონაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს მოხმარდებათ.

„დღეს ფეხბურთის ფედერაციის სტუმრობა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ის გადაწყვეტილება რაც მათ მიიღეს და საკუთარი შრომით მოპოვებული თანხა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა და ფედერაციის ხელმძღვანელებმა ფონდის დასახმარებლად გაიღეს, იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ფონდის პროექტისთვის, რომლის ფარგლებში ამ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სახლს ვაშენებთ. ასე ერთიანად ამხელა თანხის მობილიზება წარმოუდგენლად დიდი დახმარებაა ჩვენი გეგმებისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თიოთეულ მათგანს, პირადად ლევან კობიაშვილს, ფედერაციას, რომლის წარმომადგენლები გვესტუმრნენ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.“ - განაცხადა ბერი ანდრია ფონდის ხელმღძვანელმა თინათინმა.

ია მაქაცარია სოლიდარობის ფონდის დირექტორი - „ფეხბურთის ფედერაცია გახდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი ასეთ მასშტაბით ჩაერთნენ, რადგან ეს ძალიან საჭიროა ყველა იმ ბავშვისთვის ვისაც ჩვენი ფონდი ეხმარება.“

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ იმ თანხის ნაწილი, რომელიც ჩვენ ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის აღსანიშნავად უეფასგან მივიღეთ, საქველმოქმედო მიზნებით განგვეკარგა. ამ მიზნით, შევარჩიეთ 3 ფონდი, რომლებიც წლებია ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის და საზოგადოების საქმიანობის მთავარი განმსაზღვრელი ის საზოგადოებრივი სიკეთეა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვუტანოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვჭირდებით,“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

„ქართული ფეხბურთის სახელით, ეროვნულ ნაკრებთან ერთად განხორციელებული ამ აქტივობის მთავარი მიზანი ისაა, რომ დავეხმაროთ იმ ბავშვებს და მოზარდებს, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებულად სჭირდებათ. აქვე, გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავზე ამ ბავშვებზე ზრუნვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია აიღო და უკვე წლებია, ამ მისიას ემსახურება.“ - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

www.gff.ge

0.1168