ჩოგბურთი

18:30 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის 19 ეისი და დამარცხებული ჩემპიონი
დღესვე ნიკოლოზი წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმდინარე წლის, ალბათ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვს 6:4, 6:1 სძლია, დღეს კი, ჩინებულ ფორმაში მყოფ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან კიდევ უფრო უკეთ ითამაშა და 6:7 (3:7), 6:4, 6:3 იმარჯვა.
მატჩი 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა და ჩვენებურმა მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, სამაგიეროდ, მისთვის სარეკორდო 19 (!) ეისი ჩააწოდა. ბასილაშვილს პირველ მოწოდებაზე 60%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 81% (42 52-დან) დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი 62%-ანი შედეგი (21 34-დან) აღმოაჩნდა.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა 9-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი, მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტმა ბრეიკის გარეშე ჩაიარა და ტაი-ბრეიკზე ესპანელმა იმარჯვა, შემდეგ კი, უპირატესობა ქართველის მხარეს გადავიდა.
ბასილაშვილი მე-2 სეტში 4:2 დაწინაურდა და მართალია, ბაუტისტა აგუტმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, ფინიშისკენ ისევ ნიკოლოზმა იყოჩაღა და სეტი 6:4 მოიგო. მე-3 სეტში ბასილაშვილმა დარტყმების ძალას კიდევ უფრო მოუმატა, რობერტოს მუდმივად დაცვაში დგომა უხდებოდა და საბოლოოდ, გატყდა კიდეც. ესპანელ ჩოგბურთელს ბრეიკის განხორციელების შანსი არ ჰქონია, ნიკამ კი 7-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და გადამწყვეტ სეტში 6:3 იმარჯვა.
ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა, თუმცა, ვინაიდან გარკვეული რაოდენობის ქულები დასაცავი ჰქონდა, მონაგარს რეალურად 45 ქულა შემატა და ახლა, 1865 ქულა გააჩნია. ამ მაჩვენებლით, ნიკა ლაივ-რეიტინგში უკვე მე-18 ადგილზეა და დიდი ალბათობით, მომავალ ორშაბათს გამოსაქვეყნებელ ოფიციალურ კლასიფიკაციაშიც მინიმუმ ამ პოზიციას შეინარჩუნებს.
საქმე ის გახლავთ, დუბაის ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი სწორედ ბაუტისტა აგუტი გახლდათ, რომელსაც დღევანდელი მარცხის გამოისობით, ერთბაშად 410 ქულა მოაკლდა და მსოფლიო რეიტინგში 22-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. რეალურად, ბასილაშვილის გადასწრების შანსი მხოლოდ ფრანგ გაელ მონფილსს აქვს და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი დუბაის ტურნირის გამარჯვებული გახდება.
და ვინ იქნება არაბულ ტურნირზე ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე? ეს, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ცენტრალურ კორტზე მე-6 ნომრად განთესილი ხორვატი ბორნა ჩორიჩი და ჩეხი ტომაშ ბერდიხი გავლენ. ეს შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით 20:30 საათზე დაიწყება, მას შემდეგ, რაც შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს შეხვედრა დასრულდება.
ვთქვათ ისიც, რომ დღეს საღამოს ბასილაშვილს კორტზე გასვლა კიდევ ერთხელ მოუწევს, რათა წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალური მატჩი ჩაატაროს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზის მეწყვილე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მეტიუ ებდენი გახლავთ. წინასწარი გათვლებით, 19:00 საათიდან ნიკა და მეტიუ ჰოლანდიელ ჟან-ჟულიენ როჯერსა და რუმინელ ჰორია ტეკაუს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118299