ჩოგბურთი

18:03 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირის მეოთხედფინალშია!

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ქართველი ჩოგბურთელი 1/8 ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდა და სამ სეტში დაამარცხა - 2:1.

ცნობისთვის, რეიტინგში ბასილაშვილი ამ წუთისთვის მე-19 პოზიციაზეა, ხოლო ესპანელი მე-18 ადგილზე და შესაბამისად, ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენებურს მასზე გადასწრების ჩინებული შანსი აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა და უნდა ითქვას, რომ ქართველი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა. პირველი სეტი ყველაზე დაძაბული გამოდგა. ვერცერთმა ჩოგბურთელმა ბრეიკი ვერ შეასრულა და შედეგად, ყველაფერი ტაი ბრეიკზე გადაწყდა. 57 წუთიანი სეტი კი ესპანელმა 7:6 (ტაი ბრეიკზე 7:2) მოიგო და დაწინაურდა.

თუმცა, ამის შემდეგ ბასილაშვილი სრულად დომინირებდა. მეორე სეტში, 35 წუთში 6:4 გაიმარჯვა, ხოლო გადამაწყვეტი, მესამე სეტი 42 წუთს გაგრძელდა და ჩვეენებურის სასარგებლოდ 6:3 დასრულდა.

ნიკოლოზი მეტოქეს აშკარად რომ აღემატებოდა, სტატისტიკური მონაცემების ცხადყოფს. ქართველმა 19 ეისი შეასრულა ერთის საპირისპიროდ, ორმაგი შეცდომა ერთხელ დაუშვა, ესპანელი კი საპასუხოდ სამჯერ შეცდა. ნიკოლოზმა მეტოქის მოწოდების მოგება 4-ჯერ შეძლო, ხოლო თავისი ერთადერთხელ დათმო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა დუბაის ტურნირის საწყის ეტაპზე რუსი კარენ ხაჩანოვი დამაჯერებლად, 6:4, 6:1 დაამარცხა. ნიკოლოზი მეოთხედფინალში ბორნა ჩორიჩსა და ტომაშ ბერდიხს გამარჯვებულს შეხვედება.

ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით 90 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა. გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ ATP-ს განახლებულ რეიტინგში ქართველმა სწორედ ბაუტისტა-აგუტს გადაასწროს, რაც მისი კარიერის სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.

ბაუტისტა-აგუტი - ბასილაშვილი 1:2 (7:6, 4:6, 3:6)

Loading...
0.118999