ფეხბურთი

15:25 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: "მილანი" თამაშიდან თამაშამდე უმატებს"

თბილისის მერი, ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მილანში იმყოფებოდა, სადაც იტალიის სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრას დაესწრო „მილანსა“ და „ემპოლის“ შორის.

ვეტერან ქართველ ფეხბურთელთან, რომელსაც „როსონერიში“ 2001-2010 წლებში უთამაშია (მერე იყო „ჯენოაც“ 2010-2012), Gazzetta Dello Sport-მა ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი მთლიანად ლომბარდიულ გრანდში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო.

კალაძის განცხადებით, „მილანის“ პროგრესი თვალშისაცემია და ეს ჯენარო გატუზოს დამსახურებაა, რომელმაც გუნდში დიდი სამუშაო შეასრულა.

- პარასკევ საღამოს ტრიბუნაზე იყავით. ისიამოვნეთ?

- შესანიშნავი იყო. გუნდმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. ამ სეზონში პირველად ვნახე ცოცხლად „მილანის“ თამაში, ხოლო ტელევიზიით ყველა თამაშს ვუყურებ. ყოველთვის შესამჩნევია პროგრესი: თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება.

- ყველაზე მეტად რა არის გამოსარჩევი?

- განსაზღვრულობა და სიმტკიცე. გუნდი თავს კარგად იცავს და შეტევაში ცივსისხლიანად თამაშობს.

- რამდენადაა ეს გატუზოს დამსახურება?

- მისი შექმნილია ეს თამაში, მან ჩამოაყალიბა ეს ჯგუფი, რომელიც გასახდელში მუშაობს. გადამწყვეტი ასპექტია, რადგან ფეხბურთელებს ეხმარება მოედანზე. თავდასხმა ნახევარდაცვასთან და ნახევარდაცვა დაცვასთან კარგ კავშირშია.

- ელოდით თუ არა გატუზოს წარმატებას ახალ კარიერაში?

- არ მეგონა, რადგან არ ვსაუბრობთ ისე ხშირად, როგორც თანაგუნდელობის დროს. მან თავისი გზა აირჩია და კარგად მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გუნდში. მის გამო ბედნიერი ვარ, რინოს შეუძლია „მილანის“ ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა, თუნდაც მესამე ადგილით. გარდა ამისა, იტალიის თასზეც წარმატებით თამაშობს.

- სხვა თანაგუნდელების, ლეონარდოსა და მალდინის შესახებ რას ფიქრობთ?

- ლეომ და პაოლომ მენეჯერის პოზიციიდან გუნდს სტაბილურობა შემატეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდა. ისინი პირველ რიგში რინოს ეხმარებიან. ვიცი, რომ ელიოტს სურს დიდი ინვესტიცია, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დამატება და „მილანის“ სწრაფად დაბრუნება ტოპ გუნდებში.

- პიონტეკი უკვე ერთ-ერთი ასეთია?

- ის ძალიან კარგია და კიდევ მოუმატებს. „ჯენოაში“ ვუყურებდი და ახლა „მილანში“, გაიზარდა და პროგრესი ისევ შეუძლია. უცხოეთიდან სერია A-ში ადაპტირება რთულია, განსაკუთრებით თავდამსხმელისთვის. პიონტეკს სწორი დამოკიდებულება აქვს, რადგან სულ ჩასაფრებულია. იტანს გოლს, ეხმარება გუნდს, დაცვასაც. ახალგაზრდაა და შეუძლია ძალიან მაღალ დონეს მიაღწიოს. მე მითამაშია დიდი თავდამსხმელების წინააღმდეგ, რომლებიც ისტორიაში დარჩნენ. რონალდო ვერ გახდება, მაგრამ შეუძლია დიდი თავდამსხმელი გახდეს.

- მალე დაბრუნდებით „სან სიროზე“ გატუზოს საქომაგოდ?

- რინოს ტელეფონით ვუკავშირდები და მესიჯებს ვუგზავნი. როგორც კი შესაძლებლობა მექნება დავრუნდები, მაგრამ საქართველოში, როგორც თბილისის მერი ძალიან დაკავებული ვარ. დღეს თითქმის მილიონნახევარი ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობა მაკისრია. ბევრი პრობლემაა და ვცდილობთ, რომ გადავჭრათ ახალი პროექტებით. გვინდა, ხალხი უფრო ბედნიერი იყოს.

- რომელი პროექტებია და ყველაზე დიდი ძალისხმევა რას სჭირდება?

- ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. გზების რეკონსტრუქცია და რაც მთავარია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე გვინდა ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანა ქალაქში. ყველა ინიციატივა, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით და ამასთან ერთად გვინდა ევროპის ყურადღება მივიპყროთ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით.

Loading...
სტატისტიკა
0.22939