ჩოგბურთი

0:49 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს მერვედფინალში ბაუტისტა აგუტი ელის

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარი) მერვედფინალში 30 წლის ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბასილაშვილმა მე-4 ნომრად განთესილი რუსი კარენ ხაჩანოვი 6:4, 6:1 დაამარცხა, ბაუტისტა აგუტმა კი “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელ რამკუმარ რამანატანს 6:4, 6:3 სძლია.
საინტერესოა, რომ ესპანელი DUBAI DUTY FREE TENNIS CHAMPIONSHIPS-ის შარშანდელი გათამაშების გამარჯვებულია და 500 სარეიტინგო ქულის დაცვა უწევს. 2018 წელს საჩემპიონო გზაზე მან გერმანელ ფერნანდო მაიერს, ფრანგ პიერ-უგო ჰერბერტს, ხორვატ ბორნა ჩორიჩს, ტუნისელ მალეკ ჯაზირისა და ფრანგ ლუკა პუის აჯობა.
მიმდინარე კლასიფიკაციაში ბაუტისტა აგუტს მე-18 ადგილი უკავია, ბასილაშვილი კი მისი უახლოესი მდევარია. ქართველ და ესპანელ ჩოგბურთელებს 2-ჯერ უთამაშიათ და უპირატესობა ესპანელის მხარესაა: 2015 წლის “უიმბლდონზე” რობერტომ 7:6 (7:4), 6:0, 6:1 იმარჯვა, 2017 წლის მონაკოს მასტერსზე კი – 1:6, 6:3, 7:5.
ბასილაშვილისა და ბაუტისტა აგუტის მატჩი 27 თებერვალს შედგება და გამარჯვებული 90 სარეიტინგო ქულასა და 75 170 დოლარს გამოიმუშავებს. თუკი გამარჯვებული ნიკოლოზი აღმოჩნდა, დიდი ალბათობით, ის სწორედ ესპანელის კუთვნილ მე-18 პოზიციას დაეპატრონება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103662