ძიუდო

17:11 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო დღე დიუსელდორფში

გერმანულ დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნითი დღე წარუმატებელი გამოდგა ქართული დელეგაციისთვის. ტატამზე 5 ჩვენებური გავიდა, თუმცა, საღამოს სესიამდე მისვლა ვერცერთმა მოახერხა.

ცხადია, ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის (100 კგ.) გვეიმედებოდა, რომელმაც პირველ შერკინებაში ბულგარელი დანიელ დიჩევი დააიპონა, მერვედფინალის ბოლო წამებზე კი იაპონელ კენტარო იიდასთან ვაზარიზე დაეცა. ამავე წონაში ლაშა ტაველურმა პირველივე ორთაბრძოლა იპონით წააგო ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან.
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა, თუმცა, ტატამზე ისიც არ გასულა. ავთანდილ ჭრიკიშვილი ჯერ კიდევ ჰოლანდიურ შეკრებაზე გაცივდა, დღეს დილით კი სიცხემ 40 გრადუსამდე აუწია და საქართველოს ნაკრების ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის გადაწყვეტილებით, შეჯიბრიდან მოხსნა.
მძიმე წონაში (+100 კგ.) მალევე დაასრულეს ასპარეზობა ონისე ბუღაძემა და ლევან მატიაშვილმა. ბუღაძემ ყირგიზი იური კარკოვეცკის დამატებით დროში მე-3 შიდო აჰკიდა, თუმცა, შემდეგ იპონით წააგო იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან. ლევან მატიაშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან 3 შიდო მიიღო და ასპარეზობას პირველივე ორთაბრძოლის თავზე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემის სასტარტო დღეებში საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პარასკევს კვარცხლბეკზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) ავიდა, შაბათს კი, იდენტურ წარმატებას ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) მიაღწია.

0.11825