კალათბურთი

0:19 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო საბერძნეთში დამარცხდა და შანსი დაკარგა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთში 69:81 წააგო და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ილიას ზუროსის გუნდში საუკეთესო მალაგის "უნიკახას" ცენტრი გიორგი შერმადინი გახლდათ, რომელიც ნამდვილი კაპიტანივით გაისარჯა: თითქმის შეუცვლელად, 37:58 წუთს ითამაშა და 26 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

ის, რომ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო პირველობაზე გასვლის უმცირესი შანსი ჰქონდათ, თამაშამდეც ცნობილი იყო. სიტუაცია მცირედით შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჰერაკლიონში მიმდინარე მატჩის პარალელურად ესტონელთა მიერ სერბეთის სენსაციური ძლევის შესახებ გახდა ცნობილი. ამას საქართველოს ნაკრებისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა მიეცა, თუმცა, შემადგენლობაში არსებული უდიდესი დანაკლისის ფონზე, წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელი იყო.
სამშობლოში ჩასულმა ზუროსმა თანამემამულეთა წინააღმდეგ შემდეგი სასტარტო ხუთეული მომართა: თად მაკფადენი, დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი და აკაკი დვალიშვილი. საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა მხოლოდ ექვსიოდ წუთი ითამაშა, დანარჩენებიდან კი, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ყველაზე უკეთ შერმადინმა ითამაშა.
გიორგიმ გამოცდილი ვიზავი იოანის ბურუსისი აშკარად დაჯაბნა, მას ფარქვეშიდან არცერთი ბურთი არ ჩააგდებინა, თავად კი, 12-დან 9 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო გამოიყენა.
18 ქულა შეაწია გუნდს ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა. სწორედ მისი 2 შორეული ტყორცნის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ბერძენთა 22-ქულიანი უპირატესობა ხუთამდე დაიყვანა, თუმცა, დასკვნითი გაბრძოლებისთვის ჩვენებს ძალა აღარ შერჩათ.
ეს გასაკვირიც არ ყოფილა, იმის გათვალისწინებით, რომ ზუროსმა ნაკრები ფაქტობრივად 8 კალათბურთელის ამარა ათამაშა. მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილან ბექა ბექაური, მიხეილ ჭოჭუა და ოთარ ფხაკაძე, ილია ლონდარიძემ კი მოედანზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა.
ექვს ქულას (5-დან 2 სამქულიანი) გამორჩა დუდა სანაძე, რომელმაც შეხვედრაში ანგარიში გახსნა და საქართველოს ნაკრები პირველად და უკანასკნელად დააწინაურა. პოლონეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერს სათამაშო დრო იმანაც შეუმცირა, რომ 4 პერსონალური ფოლი აკრიფა.
ჩვეულად ენერგიულად ჩაერთო მატჩში 17 წლის ქართველი უკანახაზელი რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც 2-ჯერ შეუტია და ორივე შემთხვევაში შედეგიანად: ჯერ მთელი მოედანი გადასერა და სლემდანქი შეასრულა, შემდეგ კი ჩინებული შესვლა შემოგვთავაზა.
სამწუხაროდ, კარგი თამაში ნამდვილად არ ჰქონია გიორგი ცინცაძეს. ყატარული “ალ შამალის” წევრმა თამაშიდან 10-დან მხოლოდ 1 ტყორცნა გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და აქტივში მხოლოდ 5 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა. აშკარაა, რომ გიორგის საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია. ვთქვათ ისიც, რომ ყატარში მისმა თანაგუნდელმა მიხეილ ბერიშვილმა 33 წუთში 10 ქულა მოაგროვა და ეს, ჩვენს გუნდში მე-3 მაჩვენებელი იყო.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები შესამჩნევად მხოლოდ ერთ კომპონენტში დაიჩაგრა და თამაშის ბედიც ამან გადაწყვიტა. ჰერაკლიონში გამართულმა შეხვედრამ ძველი დრო გაგვახსენა, როდესაც მეტოქეები პერიმეტრიდან უმოწყალოდ “გვბომბავდნენ” და ამას ვერაფერს ვუხერხებდით. ახლაც, ბერძნებს “ყველაფერი წაუვიდათ” და საბოლოოდ, 13 სამქულიანი გამოიყენეს. ამასთან, მინიმუმ თითო შორეული ტყორცნის ჩაგდება ერთბაშად შვიდმა ბერძენმა მოახერხა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და მას სატურნირო ცხრილში ისრაელი გაუთანაბრდა. ჩვენს მიერ 2-ჯერ ძლეულმა ებრაელებმა თელ ავივში გერმანიას 81:77 სძლიეს და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მცირე შანსი გაუჩნდათ.
ყველაფერი 24 თებერვალს ბელგრადში გადაწყდება, როდესაც სერბეთი ისრაელს დაუხვდება. ებრაელებს ჯგუფში მესამე პოზიციის დასაკავებლად მხოლოდ მოგება ესაჭიროებათ და ამასთან, თუკი იმავე დღეს საქართველომ თბილისში ესტონეთს სძლია, სერბებს მინიმუმ 22 ქულით უნდა აჯობონ.

სამწუხაროდ, აღარაფერი შველის საქართველოს ნაკრებს, თუმცა, ქართველი კალათბურთელები უმოტივაციოდ მაინც არ არიან. საქმე ის გახლავთ, რომ ბალტიისპირელთა ძლევით, L ჯგუფში გარანტირებულ მე-4 ადგილს დავიკავებთ, რაც 2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლის კენჭისყრისას უკეთეს განთესვას მოგვცემს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155281