ფეხბურთი

18:40 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია და "მაგდებურგი" ისევ დაუმარცხებლები არიან

გიორგი ლორიასთან ერთად „მაგდებურგის“ დაუმარცხებელი სერია გრძელდება. მიხაელ ოენინგის გუნდი მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში ბილეფელდში, „არმინიას“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

ლორიამ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა, ორი სეივი შეასრულა, ხოლო გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობა არაა - ახლო მანძილიდან გაუტანეს და მის წინ სამი შემტევი მეტოქე იმყოფებოდა.

ქართველმა მეკარემ „მაგდებურგში“ მეოთხე თამაში ჩაატარა შეუცვლელად და მხოლოდ ორი გოლი აქვს გაშვებული. გუნდიც შედეგიანად თამაშობს - 10 ქულა მოიპოვა (3 მოგება, 1 ფრე). ცნობისთვის, „მაგდებურგს“ მანამდე ჩატარებულ 18 მატჩში 11 ქულა ჰქონდა მოპოვებული (1 მოგება, 8 ფრე, 9 წაგება) და თავად განსაჯეთ, თითქმის იგივე რაოდენობის ქულები ახლა ოდენ 4 შეხვედრაში მოიპოვა.

მიუხედავად წარმატებული სერიისა, „მაგდებურგი“ ისევ გასავარდნი ზონის ზღვარზეა - 21 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კი 24 თებერვალს, შინ „პადერბორნთან“ ჩაატარებს.

Loading...
სტატისტიკა
0.424922