ფეხბურთი

14:50 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიიდან: საუკუნის სასწაული "რიასორზე" (+VIDEO)

ალბათ, დღევანდელი გადმოსახედიდან რთული წარმოსადგენია ის ისტორია, რომელსაც ახლა გავიხსენებთ. 15-20 წლის წინათ ლა კორუნიის „დეპორტივოს“ ოქროს ხანა ედგა, მაგრამ ის, რაც ხავიერ ირურეტას გუნდმა 2003-2004 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააკეთა, სასწაულთა კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ.

განგებით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „დეპორტივოს“ მეტოქე „მილანი“ იყო. „მილანი“, რომელიც იმხანად აღნიშნული ტურნირის მოქმედი ტრიუმფატორი გახლდათ და მაშინაც მთავარ ფავორტად განიხილებოდა. მეტიც, საყოველთა მოსაზრებით, „როსონერი“ გაცილებით ძლიერი იმ სეზონში იყო, ვიდრე ერთი წლით ადრე, როდესაც ევროპის ჩემპიონი გახდა.

პირველი მატჩი 23 მარტს „სან სიროზე“ გაიმართა. ვალტერ პანდიანიმ მე-11 წუთზე გალისიელები კი დააწინაურა, მაგრამ „დეპორისთვის“ იმ საღამოს მეტი პოზიტიური არაფერი მომხდარა. „როსონერიმ“ 45-დან 53-ე წუთამდე ესპანელთა კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანა! დუბლით გამოიჩინა თავი რიკარდო კაკამ, ხოლო თითოჯერ ანდრეი შევჩენკომ და ანდრეა პირლომ იხეირეს. ეს უდიდესი უპირატესობა გახლდათ, „მილანს“ ყველა ნახევარფინალისტად თვლიდა და არცთუ უსაფუძვლოდ. აბა, როგორი საქმე იყო და ვინ წარმოიდგენდა, რომ „დეპორტივო“ იტალიურ გრანდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტიც იყო, საპასუხო შეხვედრაში სამბურთიან ჩამორჩენას აღმოუფხვრიდა?!

თუმცა, 7 აპრილს, „რიასორზე“ სასწაული შედგა. ესპანურმა გუნდმა ლომბარდიელები მიწასთან გაასწორა და დიდი სირცხვილიც აგემა. ლა კორუნიელ ფეხბურთელთა გამჩერებელი იმ საღამოს არავინ აღმოჩნდა. ანდრეა პირლო მოგვიანებით გაიხსენებს, რომ დღემდე არ ვიცი რა მოხდა, „დეპორტივოს“ ფეხბურთელების სირბილში დაწევა შეუძლებელი იყოო.

პირველივე ტაიმში ვალტერ პანდიანიმ, ხუან კარლოს ვალერონმა და ალბერტ ლუკემ შეძლეს სამი უპასუხო გოლის გატანა, ხოლო 76-ე წუთზე ფრანის გოლით საბოლოო ანგარიში - 4:0 დაფიქსირდა.

„დეპორტივომ“ სასწაული შეძლო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თუმცა, ირურეტას გუნდი ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ „პორტუსთან“ ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა.

Loading...
სტატისტიკა
0.697032