სხვა

18:58 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2022: შესარჩევი ივნისშია  

ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი რაუნდი 2019 წლის 8-16 ივნისს ელის. ამ დღებში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია მართავს IHF ერთა ჩემპიონატს 12 გუნდის, მათ შორის - 6 ევროპული ნაკრების მონაწილეობით. ამ 6 გუნდს შორის საუკეთესო მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს მიიღებს.

ეს 6 ევროპული გუნდია: აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, ბულგარეთი, ირლანდია, მალტა და საქართველო. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ერთა ჩემპიონატზე კიდევ 6 ქვეყანა მოიწვია - სამხრეთი და ჩრდილოეთი ამერიკის ზონალური შეჯიბრებების გამარჯვებულები და 4 ქვეყანას ვაილდკარდი გაეგზავნა. ამ ექვსიდან 4 უკვე ცნობილია - ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია და სამხრეთი ამერიკის გამარჯვებული კოლუმბია. ჩრდილო ამერიკის ზონალური ტურნირის გამარჯვებული და კიდევ ერთი ვაილდკარდის მფლობელი გუნდი მოგვიანებით გაირკვევა. წინასწარ ცნობილია, რომ ეს არ იქნება ევროპული გუნდი,

ჯერ უცნობია, სად გაიმართება შეჯიბრება - თორმეტივე მიწვეულ ქვეყანას 22 თებერვლამდე აქვს მასპინძლობის განაცხადის შეტანის საშუალება. ტურნირზე იმოქმედებს ასაობრივი ცენზი - შეჯიბრების მსვლელობისას ხელბურთელის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 24 წელს, ოღონდ შეიძლება 3 უფრო ასაკოვანი მოთამაშის დამატებაც.

შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი, რომლის 2-2 გამარჯვებული პირველობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს. ევრო 2022-ის პლეიოფის საგზურს ის გუნდი მოიპოვებს, ვინც 6 ევროპული მონაწილიდან უკეთეს ადგილს დაიკავებს. ჯერ უცნობია ჯგუფებში განთესვის წესი.

ევრო 2022 წლის მეორე შესარჩევი ეტაპი გაიმართება 2020 წლის აპრილში. IHF ერთა ჩემპიონატის საუკეთესო ევროპული გუნდი წილისყრით დაუწყვილდება ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილე ერთ-ერთ ნაკრებს. პლეიოფი გაიმართება შინ/სტუმრად ფორმატით. 3 წყვილის 3 გამარჯვებული გავა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ევრო 2022 დანიშნულია 2022 წლის იანვარში, უნგრეთსა და სლოვაკეთში.

ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი

8-16 ივნისი, 2019 - ადგილი ჯერ უცნობია

ასაკობრივი ცენზი: არაუმეტეს 24 წლისა + 3 ნებისმიერი ასაკის მოთამაშე

მონაწილეობს 12 გუნდი:

6 - ევროპა - აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, ბულგარეთი, ირლანდია, მალტა, საქართველო

1- სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა - კოლუმბია (IHF სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული)

1- ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი (IHF ჩრდილო ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ერთა ჩემპიონატის მომავალი გამარჯვებული)

4 პერსონალურად მიწვეული ქვეყანა (ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია. მეოთხე ვაილდკარდის მფლობელი მოგვიანებით გაირკვევა)

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს (პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში)

0.115666