ფეხბურთი

13:12 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძანიოლოს რეკორდები

დღეს იტალიური მედია 19 წლის ნიკოლო ძანიოლოს ფოტოებით და მასზე წერილებითაა სავსე. „რომას“ შემტევმა „პორტუსთან“ მატჩში დუბლი გაიფორმა და საყოველთაო ყურადღება ცალსახად დაიმსახურა.

საერთოდაც, მშვენიერ სეზონს ატარებს და როგორც ამბობენ, გრანდების ინტერესი დღითიდღე იმატებს. ამბობენ, „იუვენტუსი“ ზაფხულში სერიოზულად აპირებს ამომავალი ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ჩართვასო. იქამდე კი ნიკოლომ ორი რეკორდი დაამყარა.

„პორტუსთან“ მატჩის შემდეგ ძანიოლო გახდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე დუბლის შესრულება მოახერხა. ამასთან, „რომას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლი გაიტანა.

ბუნებრივია, ნამატჩევს 19 წლის იტალიელი ემოციებისგან დაცლილი გახლდათ:

„ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მაქვს. სამახსოვრო საღამოა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ახლა საპასუხო მატჩეზე უნდა ვიფიქროთ, არ უნდა დავნებდეთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ტიფოზების წინაშე გოლის აღნიშვნა ძალიან ემოციური იყო და იმედია, ეს ბევრჯერ მოხდება“, - თქვა ძანიოლომ.

ახალგაზრდა თანაგუნდელზე მრავლისმნახველმა და „რომას“ კაპიტანმა დანიელე დე როსიმაც ისაუბრა: „ძანიოლო ჩემპიონი გახდება. ეს არამხოლოდ ჩემი, არამედ ყველას აზრია. საოცარი ფიზიკური მონაცემები აქვს მის ასაკთან შედარებით“.

შეგახსენებთ, „რომამ“ „პორტუ“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა, ხოლო საპასუხო მატჩი პორტუგალიაში 6 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115392