ფეხბურთი

4:02 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერების გარეშე "უემბლიზე"

დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება. ერთ-ერთი „უემბლიზე“, სადაც „ტოტენჰემი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუხვდება.

ძნელია, წინასწარ პროგნოზის გაკეთება. ბევრისთვის გერმანული გუნდი ფავორიტია, მაგრამ ინგლისში საკმაო დანაკლისით ჩავიდა. მარკო როისი და პაკო ალკასერი „დორტმუნდს“ ვერ დაეხმარებიან. ამასთან, ლუსიენ ფავრის გუნდმა ბოლო დროს აურია. ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი მატჩი ვერ მოიგო და ბოლოს შინ „ჰოფენჰაიმთან“ საერთოდაც სამბურთიანი უპირატესობა გაანიავა. იქამდე, გერმანიის თასიდან გამოვარდა და „ვერდერისგან“ სამი გოლი გაუშვა. მოკლედ, „დორტმუნდი“ უნდა გამოფხიზლდეს. სხვათა შორის, გერმანულმა გუნდმა ლონდონში გაფრენა ორი საათით დააგვიანა, რისი მიზეზიც ჯეიდონ სანჩო გახდა. ახალგაზრდა ინგლისელს პასპორტი სახლში დარჩა. თუმცა, ეპატიება - სანჩოზე დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

თავის მხრივ, დიდი დანაკლისი აქვს „ტოტენჰემსაც“ - ჰარი კეინი, ბენ დევისი და დელე ალი ტრავმირებულნი არიან. მოკლედ, ორივე გუნდი ლიდერების გარეშე ითამაშებს. აქეთ ალი და კეინი, იქეთ - როისი და ალკასერი. თუმცა, მაღალი კლასის შემსრულებლები "მალებსაც" მრავლად ჰყავთ და "ყვითლებსაც".

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი გასულ თვეში ინგლისის ორ თასს (ასოციაციისა და ლიგის) გამოეთიშა, თუმცა, საპასუხოდ, პრემიერლიგაში საქმეები კარგად მისდის.

მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემის“ მწვრთნელი): „ვიცით, რომ ეს მკაცრი ტურნირი, ჩვენს წინაშე გერმანიის ბუნდესლიგის ტოპ გუნდია, რომელიც ნამდვილად კონკურენტუნარიანია. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მე ვარ პიროვნება, რომელსაც ყოველთვის სჯერა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. საოცარი მოტივაცია გვაქვს, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალია. ყველას უნდა თამაში, მზად ვართ და ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა ვაჩვენოთ“.

ლუსიენ ფავრი („დორტმუნდის“ მწვრთნელი): „ჩვენ უნდა დავივიწყოთ „ჰოფენჰაიმთან“ თამაში, რადგან დადებითი განწყობით შევხვდეთ ამ მატჩს. „ტოტენჰემი“ მესამე ადგილზეა ინგლისის პრემიერლიგაში და ყველას აჩვენებს, რა შეუძლია. ძალიან რთული მატჩი გველოდება. ახლა მხოლოდ დღევანდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებული და შემდეგ ვიფიქრებთ ბუნდესლიგაზე. მეტოქეს კეინი და ალი აკლია, მაგრამ დანაკლისი ჩვენც გვაქვს. ახლა არ ვისაუბრებ იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც აქ არ არიან“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ტოტენჰემი“ (4-3-3): ლორისი; ტრიპიერი, სანჩესი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი; ვინკსი, სისოკო, ერიკსენი; ლუკას მოურა, სონი, ლამელა

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; ჰაკიმი, ტოპრაკი, დიალო, შმელცერი; ვიტსელი, დელანი; სანჩო, ფილიპი, გერეირო; გიოტცე

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

„დორტმუნდმა“ ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა, ხოლო „ტოტენჰემი“ პლეი-ოფში „ბარსელონასთან“ მოპოვებული ქულის წყალობით გავიდა.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს ოთხერ შევხედრიან და ოთხჯერვე ბოლო სამი წლის განმავლობაში. 2015-2016 წლების სეზონში ევროპა ლიგის 1/16 ფინალში გერმანელებმა შინ 3:0 მოიგეს და მარკო როისმა დუბლი შეასრულა. ლონდონში კი მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს.

შარშან კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩი ინგლისელებმა მოიგეს. ლონდონში 3:1, ხოლო გერმანიაში - 2:1.

სტატისტიკა

„ტოტენჰემი“

„ტოტენჰემი“ მერვედფინალში მესამედ ითამაშებს. 2010-2011 წლების სეზონში „მამლებმა“ „მილანი“ სტუმრად 1:0 დაამარცხეს, შინ 0:0 ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. შარშან კი, „იუვენტუსთან“ იტალიაში 2:2-ის შემდეგ შინ 1:2 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

„ტოტენჰემს“ არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალში საშინაო მატჩი (1 ფრე, 1 წაგება).

„ტოტენჰემის“ მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალია, რომელსაც 2010-2011 წლების სეზონში უწია.

„ტოტენჰემი“ გერმანულ გუნდებთან დაუმარცხებელი იყო შვიდ მატჩში (6 მოგება, 1 ფრე) მანამ, სანამ 2016 წელს „დორტმუნდთან“ წააგებდა.

პლეი-ოფში გერმანული გუნდების წინააღმდეგ შვიდჯერ უთამაშია. 4-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო სამჯერ დამარცხდა. მათ შორის, ბოლო ორი ზედიზედ წააგო.

მიმდინარე სეზონში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა შინ „ბარსელონასთან“ 2:4 წააგო, მაგრამ შემდეგ პსვ ეინდჰოვენი (2:1) და „ინტერი“ (1:0) დაამარცხა.

გასულ სეზონში ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის ოთხი საშინაო მატჩიდან სამი მოიგეს. იქამდე კი, ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული.

„დორტმუნდი“

„დორტმუნდმა“ 2016-2017 წლების სეზონის მერვედფინალში „ბენფიკასთან“ პირველი მატჩი 0:1 წააგო, მაგრამ მერე შინ 4:0 გაიმარჯვა. საერთოდ კი, მერვედფინალში დადებითი ბალანსი გააჩნია: 3 გამარჯვება, 1 წაგება.

გერმანულმა გუნდმა უეფას ტურნირების პლეი-ოფში ბოლო 6 მატჩიდან ოდენ ერთხელ მოიგო (2 ფრე, 3 წაგება). ეს ერთადერთი გამარჯვება შარშან, „ატალანტასთან“ იყო (3:2).

„დორტმუნდს“ პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებთანაც დადებითი ბალანსი აქვს - 3 მოგება, 2 წაგება. მათ შორისაა, მარცხი „ლივერპულთან“ 2015-2016 წლების სეზონში, როდესაც შინ 1:1 ითამაშა, ხოლო სტუმრად 3:4 წააგო.

„დორტმუნდს“ ინგლისში ბოლო ოთხი მატჩიდან ყველა წაგებული აქვს. მთლიანობაში კი ასეთი ბალანსით იწონებს თავს - 4 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება.

ლუსიენ ფავრის გუნდმა პირველ ტურში სტუმრად „ბრიუგე“ დაამარცხა, მოუგო „მონაკოს“ 2:0 და წააგო „ატლეტიკოსთან“ 0:2. ჯგუფურ ეტაპზე გერმანელებმა ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს - 2.

„ბრიუგესთან“ და „მონაკოსთან“ ხსენებული ორი გამარჯვება „დორტმუნდისთვის“ ორად-ორი საგარეო წარმატებაა ევროტურნირებზე ბოლო 11 შეხვედრაში (4 ფრე, 5 წაგება).

ამ სეზონამდე „დორტმუნდს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული (3 ფრე, 7 წაგება).

გზაჯვარედინი

ჰონ-მინ სონს „დორტმუნდის“ კარში „ჰამბურგისა“ და „ლევერკუზენის“ მაისურით 5 გოლი აქვს გატანილი.

როისსა და გიოტცეს გატანილი აქვთ „აიაქსის“ კარში, რომლის ღირსებას ალდერვეირელდი და ვერტონგენი იცავდნენ 2012-2013 წლების სეზონში.

კეინმა და დაიერმა გოლები გაიტანეს ინგლისისა და გერმანიის ამხანაგურ მატჩში (3:2) 2016 წლის მარტში, რომლის რიგებში მარკო როისი თამაშობდა.

1998 წელს „დორტმუნდიდან“ „ტოტენჰემში“ გადავიდა სტეფენ ფროინდი, ხოლო 2008 წელს იანგ-პიო ლი „სპურსიდან“ „დორტმუნდში“ აღმოჩნდა.

გერმანიაში უთამაშიათ:

ჰონ-მინ სონი („ჰამბურგი“, 2010-2013, „ლევერკუზენი“, 2013-2015)

ერთად უთამაშიათ:

ჰონ-მინ სონი და ომერ ტოპრაკი („ლევერკუზენი“, 2013-2015)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ერიკ დაიერი, დენი როუზი, კირან ტრიპიერი, დელე ალი, ჰარი ვინკსი, ჰარი კეინი და ჯეიდონ სანჩო (ინგლისი)

ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი და აქსელ ვიტსელი (ბელგია)

ბოლო პერიოდი

„ტოტენჰემი“

„მამლებმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამჯერ ითამაშეს ფრედ. მათ შორის, ყველაზე გამოსარჩევია „ბარსელონასთან“ 1:1 ბოლო ტურში.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ბოლო ექვსი მატჩიდან ორი წააგო. კვირას კი „უემბლიზე“ „ლესტერი“ 3:1 დაამარცხა.

„ნიუკასლთან“ 2 თებერვალს, 1:0 გამარჯვება ერთადერთი მატჩია ბოლო 7 თამაშიდან, რომელიც „ტოტენჰემმა“ მშრალი ანგარიშით მოიგო.

ჰონ-მინ სონმა ბოლო 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა „სპურსის“ მაისურით.

„ტოტენჰემმა“ 24 იანვარს, „ჩელსისთან“ პენალტების სერიაში წააგო ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალი.

გარდა ამისა, 27 იანვარს, ასოციაციის თასიდანაც გამოვარდა, რადგან „კრისტალ პალასთან“ 0:2 წააგო.

ჰარი კეინმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხი გოლი გაიტანა, თუმცა 13 იანვარის შემდეგ არ უთამაშია, რადგან ტრავმირებულია.

„დორტმუნდი“

5 თებერვალს, „დორტმუნდი“ გერმანიის თასს ბრემენის „ვერდერთან“ პენალტების სერიაში მარცხის შედეგად გამოეთიშა.

ბოლო შეხვედრაში კი შინ „ჰოფენჰაიმს“ დაუზავდა - 3:3. აღსანიშნავია, რომ ლუსიენ ფავრის გუნდი 3:0 იგებდა, მაგრამ ბოლო 15 წუთში გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ჰოფენჰაიმთან“ ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგაში მერვე გოლი გაიტანა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ასეთ ნიშნულს მიაღწია (18 წელი და 321 დღე).

მარიო გიოტცემ შაბათს გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ეს მისთვის ბუნდესლიგაში გატანილი 50-ე გოლი გამოდგა.

„დორტმუნდის“ მწვრთნელ ლუსიენ ფავრს ავადმყოფობის გამო „ჰოფენჰაიმთან“ მატჩის გამოტოვება მოუხდა და ის ასისტენტებმა შეცვალეს.

მარკო როისმა ბოლო სამ ოფიციალურ მატჩში გაიტანა გოლი, თუმცა, „ვერდერთან“ ტრავმის გამო შეცვალეს და ამიტომ ვერ ითამაშებს.

მანუელ აკანჯი 18 დეკემბრის შემდეგ ლაზარეთშია.

ლეონარდო ბალერდი იანვარში „ბოკა ხუნიორსიდან“ დაიმატეს, თუმცა 25 იანვრის შემდეგ ტრავმირებულია.

ბუნდესლიგის საწყის 14 მატჩში „დორტმუნდის“ ათმა ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანა და ეს ბუნდესლიგის რეკორდი იყო.

ჯეიდონ სანჩო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გოლი გაიტანა („ატლეტიკოსთან“ მესამე ტურში, 18 წლისა და 213 დღის ასაკში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125904