ფეხბურთი

1:50 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მგლისა" და "დრაკონის" პირველი დუელი

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართება, სადაც „რომა“ „პორტუს“ უმასპინძლებს. ამ წყვილში ფავორიტის დასახელება ერთი შეხედვით ძალიან რთულია.

თავიდანვე გეტყვით, რომ ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და „პორტუ“ დაუმარცხებელია (2 გამარჯვება, 2 ფრე). აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ „დრაკონებს“ ოქტომბრიდან მოყოლებული არ წაუგიათ. თუმცა, სერჟიუ კონსეისაუს გუნდი რომს დიდი დანაკლისით ეწვია, რადგან გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მარეგა ტრავმირებულია.

არ ულხინთ რომაელებსაც, რომელთაც ძირითადი კიპერი რობინ ოლსენი ჰყავთ დაშავებული. მის გარდა ტრავმირებულია პატრიკ შიკი, ჯენგიზ იუნდერი და დიეგო პეროტი.

ეუსებიო დი ფრანჩესკო („რომას“ მწვრთნელი): „ეს თამაში დიდი შანსია, რომ დამატებითი ენთუზიაზმი დავიბრუნოთ. დაცვაში ძლიერად უნდა ვითამაშოთ, რადგან ფუნდამენტურია გოლის არგაშვება. თუმცა, ყველა შემთხვევაში ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. სერჟიუ კონსეისაუ თავის სამუშაოს შესანიშნავად ასრულებს. „პორტუს“ ნათელი იდენტობა აქვს. მიუხედავად ტრავმირებული ფეხბურთელებისა, ეს გუნდი ორგანიზებულია და ფიზიკურად მძიმე თამაში გველოდება“.

სერჟიუ კონსეისაუ („პორტუს“ მთავარი მწვრთნელი): „180 წუთი გვაქვს. შეკრულად და ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ. კონცენტრაცია მთელი თამაშის განმავლობაში არ უნდა დავკარგოთ, რადგან ჩვენი მიზანი მეოთხედფინალში თამაშია. ამ სტადიონზე დაბრუნება ჩემთვის კარგ ემოციებთან ასოცირდება. „ლაციოში“ ბევრი ტიტული მოვიგე (1998-2000, 2003-2004). რომში ჩამოსვლა ყოველთვის ემოციურია, მაგრამ ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი ეს თამაშია“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„რომა“ (4-3-3): მირანტე; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; პელეგრინი, დე როსი, კრისტანტე; ძანიოლო, ჯეკო, ელ შაარავი

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; ედერ მილიტაო, ფელიპე, პეპე, ალექს ტელეში; დანილო, ერერა, ოლივერ ტორესი; ოტავიო, სოარეში, ბრაჰიმი

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

„პორტუმ“ ჯგუფურ ეტაპზე ხუთი მატჩი მოიგო და ბოლო ოთხ მატჩში მინიმუმ სამი გოლი გაიტანა. „რომამ“ „რეალის“ შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ბოლო მატჩი წააგო. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მიმდინარე სეზონში მოიგო ერთი კონკრეტული თამაში.

ურთიერთშეხვედრები

„პორტუს“ „რომასთან“ არასდროს წაუგია აქამდე ჩატარებულ 4 მატჩში. თასების თასზე 1981-1982 წლების სეზონში პორტუგალიელებმა 2:0 მოიგეს შინ, სტუმრად კი უგოლო ფრე ითამაშეს.

ეს გუნდები 2016-2017 წლების სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შეხვდნენ ერთმანეთს. პორტუგალიაში პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ანდრე სილვას გოლს რომაელებმა ფელიპეს ავტოგოლით უპასუხეს.

საპასუხო შეხვედრაში ლუზიტანელებმა 3:0 იმარჯვეს ფელიპეს, მიგელ ლაიუნისა და ხესუს კორონას გოლებით. მაშინ, გოლების ავტორების გარდა მოედანზე იყვნენ იკერ კასილიასი, მაქსი პერეირა, ალექს ტელეში, ექტორ ერერა, დანილო, ოტავიო, სერჟიო ოლივეირა და ადრიან ლოპესი. „რომას“ რიგებში კი ჟუან ჟესუსმა, დიეგო პეროტიმ, კოსტას მანოლასმა, დანიელე დე როსიმ, ედინ ჯეკომ და ფედერიკო ფაციომ ითამაშეს.

სტატისტიკა

„რომა“

„რომას“ აქამდე მერვედფინალში ექვსჯერ უთამაშია, სამჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო ამდენჯერვე გათამაშებას გამოეთიშა. 2006-2007 წლების სეზონში „ლიონი“, ერთი წლის მერე „რეალი“, ხოლო შარშან „შახტარი“ დაამარცხა. 2008-2009 წლების სეზონში „არსენალთან“ დამარცხდა, ორი წლის მერე „შახტართან“, ხოლო სამი წლის წინ „რეალთან“.

„რომას“ მერვედფინალურ მატჩებში ზედიზედ 5 წაგება ჰქონდა, სანამ შარშან დონეცკელებს შინ დაამარცხებდა.

„რომამ“ 1983-1984 წლების სეზონში ფინალში „ლივერპულთან“ წააგო, ხოლო გასულ სეზონში ნახევარფინალს უწია და ასპარეზობას ისევ ინგლისურ გრანდთან გამოეთიშა მას შემდეგ, რაც პლეი-ოფში „შახტარი“ და „ბარსელონა“ დაამარცხა.

ედინ ჯეკომ გასულ სეზონში პლეი-ოფის მიჯრით ხუთ მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

პორტუგალიური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფში სამჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე და სამჯერ გამოეთიშა ასპარეზობას.

2016 წლის აგვისტოში „პორტუსთან“ შინ 0:3 წაგება გამოდგა პირველი საშინაო მარცხი „რომასთვის“ პორტუგალიურ გუნდებთან 1983 წლის შემდეგ. მთლიანობაში კი, საშინაო ბალანსი ასეთია: 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

2016 წელს „დრაკონებთან“ წაგებული მატჩი პორტუგალიური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან მეორე მარცხი აღმოჩნდა (5 მოგება, 4 ფრე).

მიმდინარე სეზონში „ჯალოროსიმ“ „ოლიმპიკოზე“ „პლზენი“ 5:0, ხოლო ცსკა 3:0 დაამარცხა. „რეალთან“ კი 0:2 წააგო.

„რომამ“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 16 საშინაო მატჩიდან 8 მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა.

„პორტუ“

შარშან „პორტუ“ ამავე ეტაპზე „ლივერპულთან“ ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა.

„პორტუს“ აქამდე მერვედფინალში ათჯერ უთამაშია. სამჯერ მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო 7-ჯერ ასპარეზობას გამოეთიშა.

„პორტუს“ იტალიურ გუნდებთან პლეი-ოფში ცხრიდან 5 დაპირისპირება მოგებული აქვს. ორი წლის წინ "იუვენტუსთან“ დამარცხდა ორი მატჩის ჯამში 0:3.

2016 წელს რომში გამარჯვება იყო პირველი, ბოლო 7 მატჩიდან, როდესაც „პორტუმ“ იტალიაში მოიგო (2 ფრე, 4 წაგება). მანამდე, 1996-1997 წლების სეზონში „მილანი“ 3:2 ჰყავდა დამარცხებული.

„პორტუს“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ბოლო 5 მატჩი არ წაუგია (2 მოგება, 3 ფრე). მიმდინარე სეზონში „შალკეს“ დაუზავდა (1:1), ხოლო „ლოკომოტივი“ (3:1) და „გალათასარაი“ (3:2) დაამარცხა.

მიუხედავად ამისა, ბოლო 9 საგარეო მატჩიდან მხოლოდ სამი აქვს მოგებული (4 ფრე, 2 წაგება). სანამ, მოსკოვში, „ლოკომოტივს“ დაამარცხებდა, ზედიზედ სამი ფრე ჰქონდა აქტივში.

„პორტუ“ არის გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა - 16.

გზაჯვარედინი

„რომას“ მცველი მარკანო 2014-2018 წლებში „პორტუში“ თამაშობდა.

„დრაკონთა“ თავკაცი სერჟიო კონსეისაუ „ლაციოში“ 1998-2000 და 2003-2004 წლებში თამაშობდა. „რომას“ წინააღმდეგ მას ასევე უთამაშია „პარმასა“ და „ინტერის“ მაისურით და ბალანსი ასეთია: 2 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.

ფეხბურთელობისას კონსეისაუ და დი ფრანჩესკო რომის დერბიში ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ერთი მატჩი პორტუგალიელის „ლაციომ“ მოიგო, ორი „რომამ“, ხოლო ერთი ფრედ 3:3 დასრულდა და ამ მატჩში გოლი დი ფრანჩესკომაც გაიტანა.

„მანჩესტერ სიტის“ მაისურით ჯეკოს „პორტუს“ კარში 2012 წელს გოლი აქვს გატანილი.

პეპე გააძევეს „რეალისა“ და „რომას“ შეხვედრაში 2007-2008 წლების სეზონში.

ოტავიომ „პორტუს“ მაისურით „კოპენჰაგენს“ გაუტანა 2016-2017 წლების სეზონში, რომლის კარს რობინ ოლსენი იცავდა.

იტალიაში უთამაშიათ:

ალექს ტელეში („ინტერი“, 2015-2016)

დანილო („პარმა“, 2011-2012)

პორტუგალიაში უთამაშიათ:

ბრაიან კრისტანტე („ბენფიკა“, 2014-2016)

ერთად უთამაშით:

ანტონიო მირანტე და დანილო („პარმა“, 2011-2012)

ბრაიან კრისტანტე და მაქსი პერეირა („ბენფიკა“, 2014-2015)

ჟუან ჟესუსი, დავიდე სანტონი და ალექს ტელეში („ინტერი“, 2015-2016)

თანაგუნდელები ნაკრებებში:

ივან მარკანო და ადრიან ლოპესი (ესპანეთის 21-წლამდე ნაკრები)

სხვადასხვა

დე როსიმ კასიალიასს გაუტანა „რომასა“ და „რეალის“ შეხვედრაში 2004-2005 წლების სეზონში.

თავის მხრივ, კასილიასმა დე როსის პენალტი აუღო ევრო 2008-ის მეოთხედფინალში, როდესაც ესპანეთმა იტალია პენალტების სერიაში დაამარცხა. 2013 წელს კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში დე როსიმ პენალტი გაუტანა კასილიასს, მაგრამ ესპანეთმა მაინც მოიგო.

ბოლო პერიოდი

„რომა“

„რომამ“ ბოლო ტურში „კიევო“ 3:0 დაამარცხა.

იტალიის თასზე „ენტელას“ 4:0 ძლევის შემდეგ „ჯალოროსიმ“ იმავე ტურნირის მეოთხედფინალში „ფიორენტინასთან“ 1:7 წააგო. რომაულ გუნდს ისტორიაში 6-ჯერ გაუშვია 7 გოლი ერთ მატჩში.

ნიკოლო ძანიოლომ პროფესიონალურ ფეხბურთში პირველი გოლი 2018 წლის 26 დეკემბერს, „სასუოლოს“ კარში გაიტანა. ახლა მის ანგარიშზე სამი გოლია.

19 წლისა და 178 დღის ასაკში ძანიოლო „რომას“ ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე სერია A-ში სამი გოლი გაუტანია. მასზე ახალგაზრდულ ასაკში იგივე მხოლოდ ფრანჩესკო ტოტიმ გააკეთა (18 წლის და 201 დღის ასაკში).

ჯასტინ კლუივერტმა სერია A-ში პირველი გოლი 16 დეკემბერს, „ჯენოასთან“ გაიტანა.

ედინ ჯეკომ 27 იანვარს, „ატალანტასთან“ დუბლი შეასრულა და ეს იყო პირველი გოლები სერია A-ში 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ. ბოსნიელმა გოლი „კიევოსაც“ გაუტანა და მარკო დელვეკიოს გაუტოლდა 83 გოლით („რომას“ რიგებში).

სტეფან ელ შაარავიმ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ოთხ თამაშში სამი გოლი გაიტანა.

„პორტუ“

„გალათასარაისთან“ მატჩში კასილიასმა ჩემპიონთა ლიგაზე მეასე თამაში მოიგო.

მუსა მარეგამ „პორტუს“ ბოლო ხუთ მატჩში გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და მარიო ჟარდელის რეკორდი გაიმეორა.

„პორტუმ“ ბოლოს პორტუგალიის ჩემპიონატში 7 ოქტომბერს წააგო. მას შემდეგ 11 თამაში მოიგო და 3 ფრე ითამაშა. გარდა ამისა, „დრაკონები“ პორტუგალიის თასის ნახევარფინალში არიან გასულები.

ფრანსისკო სოარეშმა ბოლო ექვს თამაშში 5 გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.252609