კალათბურთი

14:15 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

“მოცეკვავე ქართველი”: ბეჟანიშვილმა 35 ქულა ჩააგდო და ილონოისელთა რეკორდი დაამყარა
“უბრალოდ ბურთს გიორგიზე ვუშვებდით და მან თავის მხრებით გვატარა”

ავსტრიის მოქალაქეობის მქონე 20 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი აშშ-ს კოლეჯების ლიგაში ფენომენალურ თამაშს აჩვენებს.

ახალგაზრდა “ფრეშმენმა” (პირველწლიანმა) კარიერის საუკეთესო მატჩი დღეს დილით ჩაატარა, როდესაც მისმა “ილინოისმა” ოვერტაიმში “რატგერსს” 99:94 სძლია, გიორგიმ კი 36 წუთში 35 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტის რეკორდი დაამყარა.


აღნიშნულის წყალობით, ბეჟანიშვილმა გუნდის პირველწლიანებისთვის ამერიკელი დეონ ტომასის მიღწევა გადაფარა. ამ უკანასკნელმა 1990 წელს “ვისკონსინმა” 34 ქულა მიითვალა, ქართველმა ცენტრმა კი მისი 19-წლიანი შედეგი გადაფარა.


ბეჟანიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 35 ქულას, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. გიორგიმ 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა 35-დან 29 ქულა მე-2 ტაიმში ჩააგდო და ოვერტაიმშიც ძალიან აქტიური იყო. ქართველმა ახალგაზრდამ დამატებით დროში საჯარიმო სროლის წყალობით, მასპინძლები 93:92 დააწინაურა, შემდეგ ორქულიანით ანგარიში 95:92 გახადა, ბოლო წუთზე კი უმნიშვნელოვანესი ბლოკ-შოტი მიითვალა.


“უბრალოდ ბურთს ჩვენს მაღალ ბიჭზე ვუშვებდით და მან თავის მხრებით გვატარა – მე-2 ტაიმში 29 ქულა ჩააგდო”, - განაცხადა ილინოისის უნივერსიტეტის მთავარმა მწვრთნელმა ბრედ ანდერვუდმა ბეჟანიშვილის შესახებ, - “შეუძლებელია, გიორგი არ გიყვარდეს, მისი მიზანსწრაფულობა და თავდაჯერებულობა. ბეჟანიშვილის შესაძლებლობები და IQ მაშინათვე ვიცოდით, როდესაც ჩვენთან ვეპატიჟებოდით. ის ფეხებზე საოცრად დგას. ცეკვის გაკვეთილებს უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია”.


ცხადია, თამაშის შემდეგ კარგ ხასიათზე იყო თავად ბეჟანიშვილიც, რომელიც ბოლო პერიოდია, ილინოისელი ქომაგის უსაყვარლეს კალათბურთელად იქცა.
“ასე მაგრად როგორ ვითამაშე? საქმე ის გახლავთ, რომ მატჩამდე ბევრი პოპკორნი შევჭამე. თქვენ გიყვართ პოპკორნი? მატჩამდე მას მივირთმევ და ეს ენერგიას მმატებს. ალბათ, ახლაც ამის შედეგი იყო.
სერიოზულად კი, ყველაფერი ოჯახის დამსახურებაა, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. მცირე ოჯახი მყავს და მის წევრებს ვაღმერთებ. უკანასკნელ მატჩებს ჩემი ძმა დავითი ესწრებოდა და შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ყველა მათგანი მოვიგეთ”.


მართლაც, ილინოისელებმა კოლეჯების ლიგის ბიგ 10-ს დივიზიონში უკანასკნელ სამ, ბოლო ხუთ შეხვედრაში კი ოთხ შეხვედრაში იმარჯვეს და 5 მოგებითა და 8 მარცხით მე-9 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩს კი 15 თებერვალს, სტუმრად, “ოჰაიო სთეით ბაკისთან” ჩაატარებენ.
დასასრულ დავძენთ, რომ მიმდინარე სეზონში ბეჟანიშვილის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 25.3 წუთი, 12.2 ქულა, 5.0 მოხსნა, 0.9 პასი, 0.4 დაფარება, 0.4 ჩაჭრა. როგორც აღვნიშნეთ, 35 ქულა გიორგის კარიერული რეკორდი გახლდათ, 20 და მეტი ქულა კი სეზონში უკვე მეოთხედ ჩააგდო.

0.112953