ბლოგი

13:18 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერლინური ზამთრის მისტერია

2 თებერვალს ბერლინში საკმაოდ ციოდა. მდინარე შპრეედან დაბერილი სუსხიანი ქარი ქუჩებში დაძრწოდა და ადამიანები ლანდებივით მიდი-მოდიონდნენ დანისლულ ქუჩებში. ბერლინის ლეგენდარულ და მრავლისდამტევ მეტროსადგურებთან დილიდანვე იდგნენ “ჰერტას" მაისურებში გამოწყობილი ყველა ასაკის ადამიანები და მათთვის დიდი, ისე კი ბუნდესლიგის ერთ რიგით მატჩზე წასასვლელად ემზადებოდნენ.

ბერლინური გუნდი დღეს მასზე აშკარად ძლიერ “ვოლფსბურგს“ ხვდებოდა და მრავალი ფრისა და მარცხის შემდეგ, ქომაგების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ უღვიოდა იმედი, რომ “ჰერტა“ “მგლებთან“ მაინც შეძლებდა ასე ნანატრი სამი ქულის მოპოვებას. ქომაგების ოპტიმიზმი უსაფუძვლო რომ იყო - ეს თამაშმა ყველაზე ნათლად წარმოაჩინა. თუმცა მოდით ჯერ ბერლინელ ქომაგებს გავყვეთ, რომლებიც შესანიშნავ ადგილზე, ტყისპირას აშენებული უზარმაზარი “ოლიმპიაშტადიონისკენ“ ერთ დიდ მასად დაიძრნენ და ლურჯ-თეთრ (როგორც იცით, “ჰერტას“ საკლუბო ფერები სწორედ ლურჯ-თეთრია) ტალღად მოედნენ ტეგელის უბანს.

თავად გერმანელებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ “ჰერტას“ ქომაგები ბუნდესლიგის ყველა გუნდის ქომაგებისგან განსხვავებულნი არიან. პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში, რომ ბერლინელი გულშემატკივრები მეტოქეების მიმართ აშკარად მეგობრულები არიან და იშვიათია მათ მიერ წამოწყებული რაიმე სერიოზული ჩხუბი ან გაწევ-გამოწევა. (მაინც რას ნიშნავს კულტურა!) “ოლიმპიაშტადიონზე“ ბავშვები ხშირად მხოლოდ დედებს მიყავთ და გასაოცარია ეს ქალბატონები ფეხბურთისადმი როგორ სიყვარულს იჩენენ, როგორ უხსნიან ბავშვებს მატჩის უმცირეს დეტალებსაც კი და აქეზებენ, რომ სხვა ქომაგების მსგავსად მათმა შვილებმაც იმღერონ, იყვირონ და ყველაფერი გააკეთონ “ჰერტას“ მხარდასაჭერად.

თამაშის დაწყებას, თოვის განახლებაც მოჰყვა და პრაქტიკულად მთელი მატჩი გოლების ვერა, თუმცა ფიფქების ცვენით კი ნამდვილად გამოირჩა. შემცივნებული ქომაგები სახეებსა თუ ხელებზე იხვევდნენ საკლუბო ემბლემებით დამშვენებლ კაშნეებს, კისრამდე იფხატებდნენ ლურჯი ფერის ქუდებს და მიუხედავად იმისა, რომ მატჩი მთელი რიგი მიზეზების გამო დიდი ვერაფერი სანახაობა იყო, თითოროლა მოუთმენელის გარდა, ტრიბუნიდან არავინ ამდგარა, არავის უცდია თავი და ყელის იოგები დაეზოგა, როდესაც აშკარად უსუსტესი “ჰერტა“ უტევდა. იყო შემთხვევა, როდესაც სტადიონზე პლასტმასის ბოთლით ჩუმად შეპარებულ ალკოჰოლურ სასმელს (სავარაუდოდ ვისკის) ერთი ჩაპუტკუნებული კაცი ლამის მთელს ტრიბუნას სთავაზობდა და ამ შემოთავაზებას ერთი ხანში შესული ქალბატონი სიამოვნებით დათანხმდა.

“ვოლფსბურგი“ პირველ ტაიმში აშკარად ჯობდა დედაქალაქებებს. მეორე ტაიმში თამაში თითქოს შედარებით გათანაბრდა, მაგრამ სტუმრების მონდომება და ბრუნო ლებადიას (“ვოლფსბურგის“ მწვრთნელი) აშკარა მონდომებამ თავისი მაინც ქნა. მატჩის 65-ე წუთზე ჰოლანდიელმა ვეგორსტმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და რომ მეგონა ბერლინელი ქომაგები ახლა მაინც გადაირევიან, ახლა მაინც დაიწყებენ ნივთების სტადიონზ სროლასო - ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ქომაგებმა საყვარელ გუნდს ბოლომდე უგულშემატკივრეს და დასასრულს სტუმრებიც ტაშით გააცილეს გასახდელისაკენ.

როდესაც სტადიონიდან გამოვდიოდით, ჩემდა გასაკვირად დაირღვა “გერმანული ჰარმონია“ და ყველა თავქუდმოგლეჯილი წინ გაიქცა. როგორც აღმოჩნდა, სიცივით აკანკალებული ადამიანები, იქვე სტადიონთან ჩადგმულ საჭმელ-სასმელის გამყიდველ ჯიხურებს შეესივნენ და ზოგმა ყავით, ზოგმა კი ალკოჰოლის მრავალსახეობით სცადეს გათბობა. არაფერი ჯობდა იმის ნახვას, “ვოლფსბურგის“ მწვანე და “ჰერტას“ ლურჯ ქურთუკებში გამოწყობილი ხალხი ერთად როგორ ჭამდნენ მსხვილი ფიფქებით დაცვარულ ჰამბურგერებს, აყოლებდნენ ნახევრად გაყინულ ლუდს და იხსნებდნენ ცოტა ხნის წინ დასრულებული მატჩის ამბებს, რაზეც მოსაყოლი პრინციპში ბევრი არც არაფერი იყო.

რა იყო ამ ამბავში უცნაური? არც არაფერი! ბერლინურ კრიზისში მყოფ გუნდს მატჩი უნდა წაეგო და წააგო კიდეც. სხვა რა უნდა მომხდრაიყო?! ეს ბუნდესლიგის ერთი რიგითი მატჩი იყო, რომელიც ხვალ შეიძლება გერმანიაში ბევრს არც კი ახსოვდეს, მაგრამ არ დაავიწყდება იქ შემთხვევით მოხვედრილ ქართველებს, რომელსაც საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსენებაზეც კი უსიამოვნოდ აჟრჟოლებთ...

ლევან სეფისკვერაძე ბერლინიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136382