ფეხბურთი

13:07 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამა ბრიტანულად... (+VIDEO)

ინგლისის ჩემპიონშიფის XXXI ტური ბირმინგემში, „ვილა პარკზე“ გაიხსნა, სადაც „ასტონ ვილამ“ „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლა. ისეთი თამაში გამოდგა, გვერდს ვერ ავუვლით - 3:3.

ხსენებული ანგარიშით ბევრი თამაში დასრულებულა და რა არის ამ შეხვედრაში გამოსარჩევი? – „შეფილდი“ გამარჯვების შემთხვევაში ლიდერებს „ნორვიჩ სიტისა“ და „ლიდს იუნაიტედს“ გაუთანაბრდებოდა. ძალიან ახლოსაც იყო მიზანთან, რადგან ბილი შარფის შეჩერება „ასტონ ვილას“ ფეხბურთელებმა უბრალოდ ვერ შეძლეს.

შარფმა მე-11, 53-ე და 62-ე წუთებზე გაიტანა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და „შეფილდ იუნაიტედი“ სამბურთიანი უპირატესობით მშვიდად იგებდა. 82-ე წუთამდე... აი, მერე კი „ასტონ ვილამ“ მცირე, გნებავთ დიდი, სასწაული მოახდინა - დარჩენილ დროში სამჯერ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ტაირონ მინგსის გოლს, ტამი აბრაჰამმა და ანდრე გრინმაც (გრინმა მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე) მოაყოლეს შედეგიანი დარტყმები. შედეგად, „ვილა პარკელებმა“ მარცხისგან თავი დაიძვრინეს. კარგი თრილერი გამოვიდა, წმინდა ბრიტანულ საფეხბურთო ომში...

ცნობისთვის, ჩემპიონშიფს „ნორვიჩი“ და „ლიდსი“ 57-57 ქულით ლიდერობენ, ხოლო „შეფილდ იუნაიტედს“ 55 ქულა აქვს და მესამეა. რაც შეეხება მდიდარი ისტორიის მქონე „ასტონ ვილას“, მერვე პოზიციაზეა 44 ქულით, თუმცა პლეი-ოფის ზონაში (ექვსეულში) მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113042