ჩოგბურთი

16:00 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეს ის ბასილაშვილი არ იყო... (+VIDEO)
ქართველი ჩოგბურთელი სოფიის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა

26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე უსუსტესი და უცნაური მატჩი ჩაატარა და ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) პირველივე წრეში გამოეთიშა.

მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზე მყოფი და “სოფია ოუფენზე” მე-5 ნომრად განთესილი ბასილაშვილი დღეს 180-ე საფეხურზე მდგარ 31 წლის გერმანელ დანიელ ბრანდსს გაეჯიბრა და მეტოქეს, ფაქტიურად ვერაფერში აჯობა, ამასთან, შეცდომა მასზე გაცილებით მეტი ჰქონდა.

ამის მიუხედავად, ნიკოლოზს ორივე სეტში წყვილი სეტ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, ვერცერთი გამოიყენა და 6:7 (7:9), 5:7 წააგო. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი შეხვედრის მე-2 სეტი გახლდათ, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელი 4:0-ს იგებდა და საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა, ასეთი რამ კი, კაცთა ჩოგბურთში ძალიან იშვიათად ხდება.
შემთხვევითი არ ყოფილა, რომ თამაშის კომენტატორი ხშირ-ხშირად იმეორებდა, ეს ის ბასილაშვილი არაა, რომელმაც თავი გასულ თვეებში დაგვამახსოვრაო...

საბოლოო ჯამში, მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილს 7 ეისი და 10 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (გერმანელს, შესაბამისად, 11 და 4), პირველ მოწოდებას მხოლოდ 55%-ით აწოდება და მასზე 77% (37 48-დან) მოიგო, მეორეზე კი – 43% (17 40-დან). ქართველმა ჩოგბურთელმა 6-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 3-ჯერ დათმო.

ამგვარად, ბასილაშვილი სოფიაში მხოლოდ წყვილთა თანრიგს შემორჩა და თუკი არაფერი შეიცვალა, დღესვე, ავსტრალიელ მეტიუ ებდენთან ერთად ბულგარელებს – დონსკისა და ლაზაროვს გაეჯიბრება.

0.233684