კალათბურთი

1:00 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის რვიანები ბარსელონაში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" ლიდერ "ბარსელონას" ესტუმრა და 83:94 წააგო, ქართველ ცენტრს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:14 წუთში 8 ქულა და 8 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. საუკეთესო "უნიკახას" ახალწვეული რაიან ბოატრაითი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა მიითვალა.

მალაგელებს 11 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდათ და მე-6 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 3 თებერვალს, შინ, მადრიდის "რეალთან" გამართავენ.

13 გამარჯვებით მე-3 პოზიციას ინარჩუნებს თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონია", რომელმაც "ობრადოიროს" 72:63 მოუგო. შენგელია ჯერაც ტრავმირებულია, ჯენინგმა კი 29:48 წუთში 16 ქულა ჩააგდო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

3 თებერვალს ბასკურ გუნდს "გრან კანარიასთან" სტუმრობა ელის.

ტრავმის შემდეგ, ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი. მისმა "იბეროსტარ ტენერიფემ" მადრიდში "ესტუდიანტესთან" დიდი ბრძოლა გადაიტანა და ოვერტაიმში 96:98 დამარცხდა, თადმა კი 24:09 წუთში 9 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

ტენერიფელებს "უნიკახას" დარად 11 მოგება და 7 მარცხი აქვთ, შემდეგი მატჩი კი 2 თებერვალს "ბარსელონასთან" ელით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109898