ჩოგბურთი

15:16 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ნადალი დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობა მეშვიდედ მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩი კაცთა ჩოგბურთში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობა შვიდჯერ მოიგო. ჯოკოვიჩმა ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალი იოლად 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. რაფამ კარიერაში დიდი სლემის ტურნირის ფინალი სამ სეტში პირველად წააგო.

ნადალს მატჩის მოგების არანაირი შანსი არ ჰქონია. მთელი შეხვედრის განმავლობაში ესპანელმა მხოლოდ ერთი-ბრეიკ პოინტი გამოიმუშავა და ისიც ვერ გამოიყენა, როცა ნოლემ რვა შესაძლებლობიდან ხუთი ბრეიკად აქცია. სერბმა თითქმის უშეცდომოდ ითამაშა, სულ 9 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, რაც გასაოცარი შედეგია.

როგორც იცით, ნადალი ფინალამდე სეტ-წაუგებლად მივიდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ნადალი ისეთ შეცდომებს უშვებდა, რაც იქამდე არც ერთ მატჩში არ მოსვლია.

ჯოკოვიჩმა კარიერაში 73-ე და დიდი სლემის მე-15 ტიტული მოიპოვა. ბალკანელმა სლემების რაოდენობით პიტ სამპრასს გადაასწრო, რომელსაც დიდი სლემის 14 ტიტული აქვს მოპოვებული. ნოლემ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე პოზიციაზე 17 ტიტულით რაფაელ ნადალია, ხოლო პირველზე როჯერ ფედერერია - 20.

ურთიერთშეხვედრებში ესპანელი 28:25 მარცხდება. ამ გამარჯვებით ჯოკოვიჩმა 4.1 მილიონი ამერიკული დოლარი 2000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ნადალი ორ მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113586