ფეხბურთი

10:48 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

2:1-დან 0:9-მდე - განსხვავება 9 დღიან ინტერვალში

ათი დღის წინ, საფრანგეთის ლიგის თასზე ხმაურიანი სენსაცია მოხდა - პსჟ პარიზში „გენგმამმა“ დაამარცხა და ტურნირიდან გამოთიშა. არადა, ვინ იფიქრებდა, ვარსკვლავებით გაძეძგილ „პარი სენ ჟერმენს“ „პარკ დე პრენსზე“ ის გუნდი თუ მოუგებდა, რომელსაც სათასო ბატალიებისთვის ახლა ყველაზე ნაკლებად ცხელა, რადგან ლიგა 1-ში ბოლო ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.

თანაც, ტომას ტუხელის გუნდი პრაქტიკულად სასტარტო შემადგენლობით თამაშობდა - მოედანზე იყვნენ ნეიმარი, კილიან მბაპე, ანხელ დი მარია, ტიაგო სილვა და ა.შ.

თუმცა, ჟოსლენ გურვენეკის გუნდმა პარიზში მრისხანე მეტოქე მაინც დაამარცხა. ნეიმარის 62-ე წუთზე გატანილ გოლს სტუმრებმა ორი პენალტით უპასუხეს: 81-ე წუთზე იენი ნ’გბაკოტომ და მსაჯის კომპენსირებულ დროში მარკუს ტურამმა მოახერხეს თავის გამოჩენა.

ალბათ, გაგიკვირდებათ, 10 დღის წინანდელი მატჩი რა მოსატანიაო... მაგრამ, საქმე ისაა, რომ გუშინ ისევ პარიზში, პსჟ და „გენგამი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ოღონდ ამჯერად ლიგა 1-ის 21-ე ტურის ეგიდით. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით ორივესთვის, მაგრამ უფრო მეტად სტუმრებისთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. თუნდაც, სათასო დაპირისპირებასთან შედარებით. თუმცა, გურვენეკის ბიჭებმა თითქმის ერთკვირიან ინტერვალში „პარკ დე პრენსზე“ მეორე სასწაული ვერ მოახდინეს - წააგეს.

"გენგამმა" პსჟ-სთან რომ წააგო, რა გასაკვირია, მაგრამ ამ წაგებასაც ხომ გააჩნია?! – 0:9! დიახ, გუნდმა, რომელმაც 10 იანვარს, პსჟ პარიზში 2:1 დაამარცხა, 19 იანვარს იმავე გუნდთან და იმავე სტადიონზე 0:9 წააგო....

ცნობისთვის, 10 იანვარს, საფრანგეთის ლიგის თასზე გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

პსჟ (3-4-3): არეოლა; კერერი, ტიაგო სილვა, ბერნატი; მუნიე, მარკინიოსი (ვერატი 46), დრაქსლერი (დანი ალვეში 75), დიაბი; დი მარია (კავანი 46), მბაპე, ნეიმარი

„გენგამი“ (4-5-1): იონსონი; ტრაორე, კერბრა, ებოა, რებოჩო; კოკო (როდელინი 90), ბლასი (დიდო 75), ფირი, დეუ, ტურამი; მენდი (ნ’გბაკოტო 73)

19 იანვარს, ლიგა 1-ში შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ მინდორზე:

პსჟ (4-3-3): ბუფონი; კერერი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (მუნიე 76), ბერნატი (კურზავა 67); დანი ალვეში, ვერატი (დრაქსლერი 19), დი მარია; მბაპე, კავანი, ნეიმარი

„გენგამი“ (4-5-1): კაილარი; იკოკო, კერბრა, ებოა, რებოჩო; ნ’გბაკოტო (ჯილობოჯი 73), დეუ (ბლასი 56), ფირი, დიდო, ტურამი; მენდი (როდელინი 57)

როგორც ხედავთ, გუნდებმა თითქმის იდენტური შემადგენლობით ჩაატარეს ორივე მატჩი. თუმცა, ორი სხვა და სხვა შედეგი დაფიქსირდა. ასეა, ფეხბურთი უცნაური თამაშია, საინტერესო და მიმზიდველიც ამიტომ გახლავთ... ინფორმაციისთვის, პსჟ ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ლილს" 13 ქულით უსწრებს, თანაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო "გენგამი" 14 ქულით ბოლო ადგილზეა.

თეგებიპსჟგენგამი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122754