მიმოხილვა

23:44 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ კინაღამ ისევ „ილივერპულა“

საინტერესო გამოდგა პრემიერლიგის 23-ე ტურის პირველი სათამაშო დღე. ვიხილეთ ორი დრამატული მატჩი, ორივე 4:3 დამთავრდა. ჯერ იყო და, „ვულვერჰემტონმა“ „ლესტერს“ 93-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი, ჰეთ თრიქთ გამოირჩა „მგლების“ პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოტა. შემდეგ კი „ლივერპულმა“ კინაღამ ისევ „ილივერპულა,“ ქომაგები გვარიანად ანერვიულა, თუმცა მაინც გატეხა კერკეტი „კრისტალ პალასი“ და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. თუმცა, მსაჯს რამდენიმე წუთი კიდევ რომ დაემატებინა, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.

19 იანვარს ზუსტად ერთი თვე შესრულდა ოლე გუნარ სოლსკიაერის „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელად მისვლიდან. ცხადია, ყველა ელოდა, რომ „ახალი ცოცხის“ სინდრომი იმოქმედებდა და გუნდის თამაშში რაღაცეები შეიცვლებოდა, მაგრამ ასეთს... ამჯერად მსხვერპლი „ბრაიტონი“ გახდა.

ზედიზედ შვიდი გამარჯვება, ეს მართლაც ნამეტანია. ამ შვიდიდან ექვსი პრემიერლიგაში მოხდა და ნორვეგიელმა ისტორია გაიმეორა. მანამდე მწვრთნელის რანგში პირველი ექვსი შეხვედრა მხოლოდ კარლო ანჩელოტის („ჩელსიში“ – 2009 წელს) და პეპ გვარდიოლას („სიტიში“ – 2016) მოეგოთ.

თან მის ხელში, ლამის ნახევარი გუნდი გაცოცხლდა. დე ხეა, პოგბა და რაშფორდი ხომ სასწაულებს სჩადიან.

პირველი გოლი პოგბამ გაიტანა პენალტით. ყველას ახსოვს, ოქტომბერში მისი „ევერტონთან“ შესრულებული თერთმეტმეტრიანი, რომლის დროსაც მან დარტყმამდე 26 ნაბიჯი გადადგა. ამჯერად მხოლოდ 12 ნაბიჯი იყო, მაგრამ გამორბენიდან დარტყმამდე 5,4 წამი მაინც გავიდა, რაც ასევე ძალიან ბევრია.

შესანიშნავი გოლი გაიტანა ჭაბუკმა მარკუს რაშფორდმაც.

„სიმართლე გითხრათ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შინ დავბრუნდი, - თქვა შემდეგ ბედნიერმა სოლსკიაერმა, - კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბოლო 20 წუთი ძალიან გაგვიჭირდა. რაშფორდი კი ჩინებული იყო.“

რაშფორდმა 150-ე მატჩი ჩაატარა „მანჩესტერის“ მაისურით.

ამ ტურში „ლივერპულმა“ შარშანდელი „ლივერპული“ გაგვახსენა. ბევრი რომ გაჰქონდა და ბევრსაც უშვებდა. წლეულს უფრო პრაგმატულები გახდნენ. დაცვაც დაალაგეს და გაცილებით ნაკლებს სცოდავენ. თუმცა, „კრისტალ პალასთან“ კინაღამ უნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს. შევნიშნავთ, ასეთი არეული თამაში მერსისაიდელებს პირველად არ უჩვენებიათ. გავიხსენოთ, 2019 წელი მათ ორი წაგებით დაიწყეს, ჯერ უშუალო კონკურენტ „სიტისთან“ პრემიერლიგაში, შემდეგ კი „ვულვერჰემპტონთან“ თასზე. მაგრამ შემდეგ სტუმრად „ბრაიტონს“ სძლიეს და თითქოს ძველ რიტმში დაბრუნდნენ. ვითომ დაიღალნენ? ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი უშუალო კონკურენტს ისევ 7 ქულით გაუსწრეს. ჩვეულ ფორმას იბრუნებს მოჰამედ სალაჰი. წუხელაც დუბლით გამოირჩა და 16 გოლით ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

„ფანტასტიკური შედეგია. 60 ქულა მოგვიგროვდა, ეს დაუჯერებელია. მართლაც ვამაყობ ჩემი გუნდით. ახლა რამდენიმე დღე გვაქვს აღდგენისთვის და ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ.“ - უთხრა ლივერპულის დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა BBC-ს.

დღის გვიან მატჩში „არსენალმა“ შინ „ჩელსის“ 2:0 სძლია. „მეთოფეებმა“ მართლაც კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და დამსახურებულად გაიმარჯვეს. აი,“ჩელსის“ კი უკეთ გარჯა მართებდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 23-ე ტური. 19 იანვარი

ლივერპული - კრისტალ პალასი 4:3

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 171

0:1 თაუნსენდი (34), 1:1 სალაჰი (47), 2:1 ფირმინო (53), 2:2 ტომკინსი (65), 3:2 სალაჰი (75), 4:2 მანე (93), 4:3 მაიერი (95)

ლივერპული: ალისონი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, მილნერი, ჰენდერსონი, ფაბინიო (ლალანა 87), კეიტა (შაჩირი 72), ფირმინო, სალაჰი (კამაშუ 90+4), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

კრისტალ პალასი: სპერონი, საკო, ტომკინსი, ვან ანჰოლტი, ვან-ბისაკა, მაკარტური (უიკჰემი 82), კუიატე (შლუპი 75), თუნსენდი, მილივოიევიჩი, აიუ (მაიერი 82), ზაჰა

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: მილნერი (82); აიუ (42)

გაძევება: მილნერი (89)

მანჩესტერი - ბრაიტონი 2:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 532

1:0 პოგბა (27, პენ), 2;0 რაშფორდი (42), 2:1 გროსი (72)

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, ჯოუნსი, ლინდელოფი, დალოტი, მატიჩი, ერერა, პოგბა, ლინგარდი (მატა 75), მარსიალი (ლუკაკუ 83), რაშფორდი (დარმიანი 90+3)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

ბრაიტონი: ბატონი, ბონგი, დაფი, დანკი, მონტოია, სტეფენსი, გროსი (კაიალი 82), პროპერი, მარჩი (ნოკარი 60), მიურეი (ანდონე 60), ლოკადია

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: რაშფორდი (90+3)

არსენალი - ჩელსი 2:0

ლონდონი. „ემირეითსი.“

1:0 ლაკაზეტი (14), 2:0 კოშელნი (39)

არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, კოშელნი, კოლაშინაცი, ბელერინი (ელ-ნენი 72), ტორეირა, ჯაკა, გენდუზი, რემზი (მეიტლენდ-ნაილსი 67), ლაკაზეტი (ივობი 68), ობამეიანგი

მწვრთნელი: უნაი ემერი

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, ლუისი, რუდიგერი, ალონსო, კოვაჩიჩი (ბარკლი 63), ჟორჟინიო, კანტე, ვილიანი (ჟირუ 68), აზარი, პედრო (ჰადსონ-ოდოი 80)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ლუისი (37), ბარკლი (90+5)

ვულვერჰემპტონი - ლესტერი 4:3

1:0 ჟოტა (4), 2:0 ბენეტი (12), 2:1 გრეი (47), 2:2 კოადი (51, საკ. კარში), 3:2 ჟოტა (64), 3:3 მორგანი (4:3), ჟოტა (90+3)

ბორნმუთი - ვესტ ჰემი 2:0

1:0 უილსონი (53), 2:0 კინგი (90+2)

ნიუკასლი - კარდიფი 3:0

1:0, 2:0 შერი (24, 63), 3:0 პერესი (90+3)

საუთჰემპტონი - ევერტონი 2:1

1:0 უორდ-პროუსი (50), 2:0 დინი (54, საკ. კარში), 2:1 სიგურდსონი (90+1)

უოტფორდი - ბარნლი 0:0

0.126308